„წამლის უფლება" - ახალი პლატფორმა ფარმაჯუნგლებში გზის გასაკვალად

ნათია ამირანაშვილი

საქართველოში მედიკამენტების ხელმისაწვდომობის მისაღწევად ახალი პლატფორმა – „წამლის უფლება“ შეიქმნა. მისი მიზანია, მოქალაქემ აფთიაქში შესვლისას იცოდეს, რა წამალი ეკუთვნის უფასოდ ან ფასდაკლებით და შეძლოს, მოითხოვოს ძვირიანი წამლის იაფი და ხარისხიანი  ანალოგი.

საადვოკაციო კამპანიაზე – საერთაშორისო ფონდი „კურაციო“, „სოციალური განტოლების ჰაბი“ და საზოგადოება „კომუნიკო“ ერთობლივად მუშაობს.

მათი წარმომადგენლები „პუბლიკასთან“ საუბრისას გვიყვებიან, როგორ შეძლებენ მოქალაქეები ამ პლატფორმის გამოყენებას და რა და რა სახის საჭირო ინფორმაციის მიიღებენ ისინი.

თავდაპირველად, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, ვისაუბროთ ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე, საქართველოში ფარმაცევტულ ბაზარზე. რა საერთო სიმპტომით, ტენდენციით ხასიათდება საქართველოში ეს სფერო?

საქართველოში წამლის საკითხი მედიცინის სფეროს, დიდი ხანია, გასცდა და საზოგადოებრივი და გნებავთ, პოლიტიკური მნიშვნელობა შეიძინა. დაურეგულირებელი და ოლიგოპოლიური ბაზარი ამის მთავარი მიზეზია.

ახლა ქვეყნის ფარმაცევტულ ბაზარზე ოთხი ძირითადი ოლიგოპოლისტია – „გეფა“, PSP, „ავერსი“, „გლობალფარმი“. ბაზრის დიდი ნაწილი მათ უკავიათ, თითქმის 80%-ს ფლობენ, ამ ფარმაცევტული კომპანიების  უკან კი პარლამენტარები, ბანკები, სადაზღვევო კომპანიები, კლინიკები დგანან. გავლენათა ერთიანი წრეა, რომლის გარღვევაც, ერთი შეხედვით, თითქმის შეუძლებელია.

„წამლის უფლება“ უპასუხებს ისეთ პრობლემებს, როგორიცაა:  წამლებზე დაბალი ხელმისაწვდომობა და ზედმეტად ჩახლართული სისტემა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პრაქტიკაში მოქალაქეებს რა გამოწვევები ექმნებათ? რა საკითხებს გამოყოფდით ამ პრობლემებიდან?

სამი ძირითადი პრობლემა შეგვიძლია, გამოვყოთ:

პირველიმაღალი ფასნამატი ყველაზე მოხმარებად წამლებზე. მთავრობის ბოლო რეგულაციების შემდეგ ვხედავთ საპასუხო ქმედებებს, მაგალითად, ხელოვნურად შექმნილ დეფიციტს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან წამლებზე.

მეორე პრობლემაა სააფთიაქო ბიზნესის გარიგება ექიმების ნაწილთან. მარტივია, როცა ბიზნესი პარალელურად ფლობს კლინიკებს და გავლენა აქვს იქ მომუშავე ექიმებზე; აწყობს სისტემას, რომელიც მოგებას უზრდის. მაგალითად, ექიმებს ხელფასის დაბალ ნიშნულს უნარჩუნებს, სამაგიეროდ, ნერგავს  ბონუსის სისტემას. ექიმს ბონუსი წამლის გამოწერის შედეგად ენიშნება. ექიმი მოგების მიღების მიზნით გვიწერს იმაზე მეტ მედიკამენტს, ვიდრე გვჭირდება ან ცდილობს, გამოწეროს ძვირიანი წამალი, რომლის ბონუსი პროცენტულად უფრო მეტია. ხშირად წამლის შეძენას იმავე კლინიკის ბრენდის ქვეშ არსებულ აფთიაქში გვთხოვენ ან ამ წამლის შემომტანი მხოლოდ ერთია და რომელ აფთიაქშიც არ უნდა შევიძინოთ, საბოლოოდ, მოგება მასთან მიედინება.

და მესამე სახელმწიფო პროგრამებზე ხელმისაწვდომობის პრობლემა. არსებობს წამლები, რომლებიც უფასოდ ეკუთვნის მოქალაქეებს ან ფასდაკლებით, მაგრამ ხშირად ამ წამლებს აფთიაქები მალავენ. ყოფილა შემთხვევები, როცა ადამიანს უარი უთხრეს ასეთ წამალზე,  მიზეზით, რომ ამოიწურა, მაგრამ მოგვიანებით მისულ სხვა მოქალაქეს იგივე წამალი მიჰყიდეს, როცა ჯიბიდან გადაიხადა.

შესაბამისად, როდესაც სახელმწიფოს მონიტორინგისა და აღსრულების სისტემა სუსტია, მოქალაქეების ინფორმირება ერთ-ერთი მთავარი იარაღია, დაიცვან თავი და მიიღონ ის, რაც მათ ეკუთვნით.

რას ამბობს კვლევის მონაცემები, როგორია საქართველოში მოქალაქეების/პაციენტების ჯიბიდან გადახდილი თანხის განაწილება?

მედიკამენტებზე გაწეული დანახარჯი რომ მძიმე ტვირთად აწევს საქართველოს მოსახლეობას, ამის შესახებ არა ერთი კვლევითი მტკიცებულება არსებობს.  ფონდ „კურაციოს“ ბოლო კვლევით, მედიკამენტებზე მთლიანი დანახარჯის 96% მოსახლეობის ჯიბიდან არის გადახდილი. საშუალოდ, თვეში ოჯახი 267.9 ლარს ხარჯავს მედიკამენტებზე. მედიკამენტებზე დანახარჯი შინამეურნეობებისათვის კატასტროფული და გამაღარიბებელია; დინამიკა 2013 წლიდან 2018 წლამდე 11.5%-დან 17.4%-მდე გაუარესდა.

ამასთან, გეტყვით, რომ სახელმწიფომ 2022 წლიდან დღემდე რამდენიმე რეფორმის გატარება სცადა. ამ მცდელობების შედეგი ჯერ არ შესწავლილა. საერთაშორისო ფონდი „კურაციო“ ამჟამად იკვლევს ფარმა ბაზარზე არსებულ სურათს. კვლევა მიზნად ისახავს მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის შეფასებას გატარებული რეფორმების პირობებში. კვლევის შედეგები 2023 წლის შემოდგომაზე იქნება ხელმისაწვდომი.

ახლა კი, კამპანიის მიზნებზე რომ ვისაუბროთ. რას ისახავთ ამოცანად და რა არის თქვენი მიზანი?

წამალი არ არის ფუფუნების საგანი. ის არის ჯანმრთელობის პირობა და წამალზე ხელმისაწვდომობა ადამიანის კანონით განსაზღვრული უფლებაა. როგორც ზემოთ უკვე ვთქვით, ფარმა სექტორი ოლიგოპოლიურია; კონკურენცია არ არსებობს; რეგულაციები ჯერ კიდევ სუსტია; სახელმწიფო ვერ იცავს მოსახლეობას ბიზნესის ინტერესისგან.

ასეთ პირობებში მოქალაქე, განსაკუთრებით კი დაბალშემოსავლიანი – პენსიონერები, უმუშევრები ან დაბალანაზღაურებადი თანამოქალაქეები დაუცველები არიან რამდენიმე თვალსაზრისით – მათ, ანუ ყველაზე დაბალშემოსავლიან მოსახლეობას გაღატაკებისა და ჯანმრთელობის გაუარესების საფრთხე ერთდროულად ექმნებათ.

წამლის უფლება ჯანდაცვის უფლების ნაწილია და მასთან ერთად უნდა განვიხილოთ. ამ კამპანიის მიზანია, მოქალაქემ აფთიაქში შესვლისას იცოდეს, რა წამალი ეკუთვნის უფასოდ ან ფასდაკლებით და შეეძლოს, მოითხოვოს ძვირიანი წამლის იაფი და ხარისხიანი  ანალოგი. წამლის შეძენის ამ ნაწილში ყველაზე დიდ პრობლემებს ვაწყდებით – ადამიანებს ხშირად ატყუებენ. კამპანიის სწორად წარმართვის შემთხვევაში, რასაც უზრუნველვყოფთ, მომხმარებელი მიიღებს პირდაპირ სარგებელს – საჭირო წამალს რეალურ ფასად; აირიდებს ზედმეტ ხარჯს და ისარგებლებს ყველა იმ ბენეფიტით, რაც სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში ეკუთვნით, მაგრამ ვერ სარგებლობს.

ასევე, ინფორმირებულ მოსახლეობას ექნება პოლიტიკური დაკვეთა სახელმწიფოსთან, შეასრულოს თავისი პასუხისმგებლობები. ჩვენ სწორედ ამის მოლოდინი გვაქვს ინფორმირებული მოსახლეობისგან.

რა და რა სერვისს, შესაძლებლობას შესთავაზებთ მოქალაქეებს?

პროგრამის ფარგლებში ხელმისაწვდომი გახდება ონლაინპლატფორმა, რომელზეც ამჟამად მუშაობს გუნდი.

პლატფორმაზე მომხმარებელს ინფორმაციაზე წვდომის გარდა, საშუალება ექნებათ, მოიძიონ ხარისხიანი მედიკამენტი ყველაზე შეღავათიან ფასში. ის  შეიცავს საძიებო სისტემებს, რომლის გამოყენებითაც შესაძლებელია საჭირო მედიკამენტის ყველაზე იაფი და ხარისხიანი ალტერნატივის მოძიება, სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამების საძიებო სისტემა კი მოქალაქეებს ამ ეტაპზე არსებულ რესურსებთან დააკავშირებს. 

მაგალითად,  საძიებო სისტემის გამოყენების გზით, შესაძლებელია სოციალური სტატუსის, ასაკის, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისი პროგრამის მოძიება, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან აუცილებელი მედიკამენტების, ან სხვა სამედიცინო სერვისების სრულ, ან თანადაფინანსებას გულისხმობს.

მნიშვნელოვანი იქნება ადამიანების ჩართულობა. რას გეგმავთ ამ მიმართულებით?

ფეისბუკზე ჯგუფის საშუალებით და ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა ჯგუფში გვაქვს კომუნიკაცია პაციენტებთან, პაციენტის ოჯახის წევრებთან, ვაკვირდებით  და ვპასუხობთ მათ გამოცდილებას არსებული ცოდნითა და კვლევის შედეგებით.

ცოდნითა და ცნობიერებით შეიარაღებულ ადამიანებს შეუძლიათ, უფრო ხელმისაწვდომი  გახადონ აუცილებელი მედიკამენტები და მკურნალობა  არა მხოლოდ თავისათვის, არამედ ყველასათვის.

გვჯერა, რომ ერთიანი და მობილიზებული საზოგადოება გახდება ანგარიშგასაწევი ძალა ცვლილებებისათვის. თვალი ადევნეთ პლატფორმას.