„მედეა“ ცეკვის ენაზე

დავით ბუხრიკიძე

გიორგი ალექსიძის სახელობის თბილისის თანამედროვე ბალეტის დასი საპრემიერო წარმოდგენისთვის ემზადება.

მედეას მითი, ევრიპიდეს ტრაგედიიდან მოყოლებული, შეიძლება ითქვას, რომ დრამატულმა თეატრმა შთამაგონებლად მოთელა და შეისწავლა. რაც შეეხება თანამედროვე ქორეოგრაფიას (კლასიკურმა ბალეტმა ამ ერთერთ ყველაზე გამორჩეულ და მისტიკურ პერსონას, რატომღაც, გვერდი აუარა), აქ ინტერპრეტაციები გაცილებით მრავალფეროვანი და დამაბნეველია: დაწყებული ლეგენდარული ამერიკელი ქორეოგრაფის, მართა გრეჰემის ნიუიორკული პრემიერიდან (1946 წელი, სამეულ ბარბერის მუსიკა), არანაკლებ მნიშვნელოვანი მასშტაბის ხელოვანის, ალბანური წარმოშობის ფრანგი ქორეოგრაფის, ანჟელენ პრელჟოკაჟისმედეას სიზმრითდამთავრებული (2004 წელი, პარიზის ოპერა გარნიე). 

1993 წელს მედეას ახალი სული შთაბერა დღევანდელი არავერბალური თეატრის ერთერთმა გამოჩენილმა ქორეოგრაფმა და რეჟისორმა, დიმიტრის პაპაიოანუმ, რომელმაცმედეასდადგმისათვის სპეციალურად მიიწვია ცნობილი ამერიკელი ქორეოგრაფის, მერს კენინჰემის ქორეოგრაფიული სტუდიის  ბერძენი მოცეკვავე, ანგელიკი სტელატოუ. 

მედეას მითი ეროვნულ ქორეოგრაფიულ ენაზე შთამბეჭდავად აამეტყველა გამოჩენილმა ქორეოგრაფმა გიორგი ალექსიძემ, რომელმაც რევაზ გაბიჩვაძის მუსიკაზე შექმნილი მოდერნისტული და თან მინიმალისტური ბალეტი 1978 წელს, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში დადგა. მთავარ პარტიებს კი მარინა ალექსიძე და ნუკრი ჯულუხაძე ცეკვავდნენ. და აი, 46 წლის შემდეგ, სწორედ გიორგი ალექსიძის ქალიშვილმა, ყოფილმა მოცეკვავემ და ქორეოგრაფმა, მარიამ ალექსიძემ გადაწყვიტა შორეული გამოძახილი ახალ სხეულხატებად ექცია. 

მედეასახალ ვერსიას, სწორედ მარიამ ალექსიძის ქორეოგრაფიით, მაისში გიორგი ალექსიძის სახელობისთბილისის თანამედროვე ბალეტისდასი წარმოადგენს Silk Factory Studio-ს სცენაზე. მუსიკა სპეციალურად ამ ბალეტისთვის ისრაელში მცხოვრებმა ცნობილმა კომპოზიტორმა, იოსებ ბარდანაშვილმა დაწერა. მხატვრობა ეკუთვნის პაკო შველიძეს, ხოლო კოსტიუმების დიზაინერია თამუნა ინგოროყვა. მედეას დასის ერთერთი გამორჩეული მოცეკვავე, მარიამ ქოიავა განასახიერებს. 

აღსანიშნავია, რომ ეს არ არისთბილისის თანამედროვე ბალეტისადა კომპოზიტორ იოსებ ბარდანაშვილის თანამშრომლობის პირველი შემთხვევა. ჯერ კიდევ ათითორმეტი წლის წინ სწორედ მარიამ ალექსიძისა და თბილისის საბალეტო დასისთვის დაწერა კომპოზიტორმაგურჯი ხათუნი“ – ბალეტი, რომელიც გამორჩეულ მოვლენად იქცა დასის ცხოვრებაში.

მედეასპრემიერა მაისის შუა რიცხვებშია დაგეგმილი და უფრო დეტალურად მის შესახებ საპრემიერო წარმოდგენების შემდეგ მოგითხრობთ. სადადგმო პროცესს წინ უძღოდა ერთგვარი თეორიული ნაწილი – „მედეასსადადგმო პროცესის ფარგლებში გაიმართა დასის დირექტორის, პროფესორ დავით მაზიაშვილის სალექციო ციკლი – „საუბრებიმედეასთემაზე“.

გიორგი ალექსიძის სახელობისთბილისის თანამედროვე ბალეტისდასისთვის სპეციალურად ლექციები წაიკითხეს აკადემიკოსმა რისმაგ გორდეზიანმა, ფილოსოფოსმა ზაზა შათირიშვილმა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ლევან გიგინეიშვილმა.

იოსებ ბარდანაშვილის მიერმედეასთვისშექმნილ მუსიკას, მამაკაცთა ხმებისთვის, აუდიოჩანაწერში ასრულებენ: გოგიტა ნატროშვილი, ომარ ბურდული, მიხეილ ჯავახიშვილი, მიხეილ ედიშერაშვილი, ლაშა მიროტაძე და გიორგი კანანაძე.