რა სიახლეა „ახალი სკოლის მოდელში“

პუბლიკა

2020-2021 სასწავლო წლიდან „ახალი სკოლის მოდელი“ ახალ ეტაპზე გადადის. მიმდინარე წლიდან პროექტი 300-მდე სკოლას მოიცავს.

პროექტთან დაკავშირებული სახლის შესახებ დღეს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ეკა დგებუაძემ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

მისი განმარტებით, იმისათვის რომ „ახალი სკოლის მოდელი“ მთელი საქართველოს მასშტაბით ეფექტიანად დაინერგოს, დაგეგმილია პროცესის დეცენტრალიზება, საგანმანათლებლო რესურსცენტრების ჩართულობით.

კერძოდ, სიახლეა ის, რომ შეიქმნება ექსპერტების ჯგუფი რეგიონების მიხედვით. 14 საგნობრივი ექსპერტისგან შემდგარი 23 სამუშაო ჯგუფი მიმდინარე წლის სექტემბრიდან რესურსცენტრების ბაზაზე იმუშავებს და მასში გარდა საგნობრივი ექსპერტებისა, დაწყებითი საფეხურის, ინკლუზიური განათლებისა და სკოლამდელი აღზრდის სპეციალისტებიც შევლენ.

სამინისტროში განმარტავენ, რომ ექსპერტებს კონკურსის წესით შეარჩევენ – ისინი გასაუბრებისა და პრაქტიკული გამოცდის ეტაპებს გაივლიან. აღნიშნული კონკურსი მარტში გამოცხადდება, შერჩეული ექსპერტები კი სექტემბრამდე გადამზადდებიან, რათა ახალი სასაწავლო წლიდან უკვე სამუშაოს შუდგნენ. სამინისტროში ჯერ ვერ აკონკრეტებენ თანხას, რომელიც ექსპერტების გადამზადებისთვის დაიხარჯება ან რამდენი იქნება მათი სახელფასო ანაზღაურება. განმარტავენ, რომ საკონკურსო პირობებთან ერთად, კონკრეტული სახელფასო ანაზღაურებაც გაიწერება.

„როცა ვამბობთ რომ „ახალი სკოლის მოდელის“ მასშტაბი უნდა გაიზარდოს და ნელ-ნელა უნდა მოვიცვათ ყველა სკოლა, ეს ძალიან რთულია ადამიანური რესურსის კუთხით. ამიტომ ვთქვით, რომ სისტემურად შევხედოთ და შევძლოთ ისეთი სისტემის ჩამოყალიბება, რომელიც მივა ყველა სკოლასთან და დაეხმარება სასკოლო ცხოვრების სწორად დაგეგმვაში, ამიტომ შევთანხმდით, რომ შეგვექმნა ჯგუფები, რომელშიც გაერთიანდებიან ყველა საგნობრივი ექსპერტები და ეს ჯგუფი უკვე დაეხმარება სკოლებს იმ მეთოდოლოგიის განვითარებაში, რასაც პროექტი ისახავს მიზნად“, – განმარტავს მინისტრის მოადგილე.

თუკი აქამდე „ახალი სკოლის მოდელი“ მხოლოდ დაწყებითი საფეხურის (1-4 კლასები) მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის იყო განკუთვნილი, 2020 წლის თებერვლიდან პროცესში თბილისის 22 სკოლის 5-9 კლასის მოსწავლეები და პედაგოგები ჩაერთვებიან.

პროექტის ერთ-ერთი ხელმძღვანელის, თამარ ჯაყელის განმარტებით, ექსპერტთა ჯგუფი სკოლაში შესვლისას გაივლის ორ ფაზას – პირველი: თითო ჯგუფი ირჩევს თითო სკოლას და საგნობრივი ექსპერტები პროგრამის ფარგლებში შემუშავებული ინსტრუმენტებითა და მეთოდოლოგიით საგნობრივ მასწავლებლებს ჩაუტარებენ ტრენინგებს.

„მთავარი იდეა ისაა, რომ სკოლამ განავითაროს სასწავლო გეგმა, რომელიც მოსწავლეთა განვითარების გზაა, ყველა მასწავლებელი თავის საგანში უნდა გადამზადდეს სწორედ მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების პრინციპებზე დაყრდნობით“, – განმარტავს ჯაყელი.

მეორე ფაზა კი გულისხმობს სასწავლო გეგმების შექმნა-განვითარებას. ექსპერტები უკვე სკოლებთან იწყებენ თანამშრომლობას (და არა ინდივიდუალურად, საგნის მასწავლებლებთან), უფრო კონკრეტულად კი ადგილობრივ კადრთან თანამშრომლობენ – კურიკულუმის ხელმძღვანელთან, რომელსაც სკოლა დანიშნავს.

აქამდე პროექტის მიხედვით, სკოლაში ჩნდებოდა ახალი რგოლი – მხარდამჭერთა ჯგუფი, რომელიც კურიკულუმისა და ტექნოლოგიების ექსპერტებსა და მათ ასისტენტს აერთიანებდა. დღევანდელ შეხვედრაზე ითქვა, რომ პროექტის შემდგომ საფეხურებზე  მხარდამჭერთა ჯგუფი არსებული ფორმით სკოლაში აღარ იქნება.

შეხვედრაზე ასევე ითქვა, რომ დაგეგმილია საგანმანათლებლო რესურსცენტრების გაძლიერებაც.

„პროექტი ცხადია, მუდმივად ვერ იარსებებს. გვინდა, რომ სისტემურ განვითარებაზე ვიყოთ ორიენტირებულნი. საგანმანათლებლო რესურსცენტრები უნდა გავაძლიეროთ, რომ ეს ადამიანები (ექსპერტები) გარკვეული პერიოდის განმავლობაში რესურსცენტრის ბაზაზე დარჩნენ და გააგრძელონ სკოლებში მასწავლებლებთან მუშაობა და მხარდაჭერა“, – ამბობს ეკა დგებუაძე.

დღევანდელ შეხვედრაზე ასევე ითქვა, რომ სამინისტრო ზოგადი განათლების სისტემური განვითარების ხედვის ჩარჩო დოკუმენტს ქმნის, რომელიც საბოლოო სახეს დარგობრივი ექსპერტებისგან შემდგარი 12 ჯგუფის მუშაობის შედეგად მიიღებს. სამინისტროში განმარტავენ, რომ დოკუმენტი იმ გამოცდილების საფუძველზე ყალიბდება, რომელიც სამინისტრომ 165 სკოლაში „ახალი სკოლის მოდელის“  დანერგვის შედეგად დააგროვა.

„ახალი სკოლის მოდელის“ დანერგვა 2019 წელს 165 სკოლაში დაიწყო და მასში ჩართუილია 3400 მოსწავლე და 3096 პედაგოგი. დაგეგმილია, რომ 2024 წლისთვის პროექტში ქვეყნის ყველა საჯარო სკოლა უნდა ჩაერთოს.

„ახალი სკოლის მოდელი“ ზოგადი განათლების რეფორმის ნაწილია და როგორც სამინისტროში განმარტავენ, მისი მიზანი სკოლებში სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებაა. „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში სასკოლო ცხოვრებაში გაჩნდა ახალი რგოლი – მხარდამჭერთა ჯგუფი, რომელიც  სკოლის ბაზაზე პედაგოგებს რამდენიმე მიმართულებით უწევს კონსულტაციას – სასკოლო სასწავლო გეგმის განვითარება და დანერგვა, სკოლის მართვის ეფექტიანი მიდგომის განვითარება, სწავლის პროცესში ციფრული ტექნოლოგიების ინტეგრირება.

 

 

LB loan image desktop LB loan image mobile