რა თანხა ჯდება და რამდენი ადამიანისთვის შეიძენს ქვეყანა COVID 19-ის ვაქცინას – განმარტება

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში დღევანდელ ბრიფინგზე ცენტრის წარმომადგენლებმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შესახებ განმარტებები გააკეთეს.

როგორც ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, დღესდღეობით კოვიდ 19-ის საწინააღმდეგოდ დაახლოებით 150-200-მდე სხვადასხვა ვაქცინაა შექმნილი ლაბორატორიებში, ამათგან პრეკლინიკურ და კლინიკურ კვლევის ფაზაში რამდენიმე ათეულია. უფრო კონკრეტულად კი, კვლევის ბოლო, მესამე ფაზაში დაახლოებით 5-მდე ვაქცინააა.

გამყრელიძის განმარტებით, მათგან სამის მიმართ არის საკმაოდ დიდი მოლოდინი. მათ შორისაა: გერმანული ბიოტექნოლოგიური კომპანიისა და Pfizer-ის მიერ შექმნილი ვაქცინა, რომლის შემთხვევაშიც კვლევამ აჩვენა, რომ 90%-ზე მეტი დამცველობა აქვს; ასევე – ოქსფორდის უნივერსიტეტისა და „ასტრა-ზენეკას“ მიერ შექმნილი ვაქცინა და ამერიკული Moderna-ს ვაქცინა. მისივე განმარტებით, თითქმის ყველა ეს ვაქცინა, რომელიც დღეს არის ამ კვლევების ფაზაში, არის ორჯერადი გამოყენების, ანუ სამი ან ოთხი კვირის გამოტოვებით ხდება ორჯერადი ინექცია, რომ მიიღო მყარი ჰუმონური ან უჯრედული იმუნიტეტი.

 „ჩვენ ვართ გაერთიანებული ე.წ. „კოვაქს” პლატფორმაზე. ეს პლატფორმა შექმნილია საერთაშორისო ორგანიზაციის – „ვაქცინების გლობალური ალიანსის“ მიერ, რომელთანაც ჩვენ ვთანამშრომლობთ, უკვე ორი ათეული წელია. მისი დახმარებით დავნერგეთ ქვეყანაში რამდენიმე ვაქცინა, მათგან მხოლოდ ბოლო 5 წლის განმავლობაში – 4 ვაქცინა…

ეს პლატფორმა რომელ ვაქცინას შეისყიდის საქართველოსთვის ეს ჯერ ჩვენ არ ვიცით, ანუ რომელი ვაქცინაც დამტკიცდება, იქნება ეს გერმანული წარმოების, ბრიტანული, ამერიკული თუ კიდევ სხვა წარმოების, იმისდა მიხედვით მიიღება გადაწყვეტილება.

ამ პლატფორმასთან ძალიან აქტიურად მუშაობს საქართველო. ჩვენთან არსებობს დაავადებათა კონტროლის ცენტრში იმუნიზაციის სააგენტო, რომელიც სულ ჩართულია მათთან კომუნიკაციაში.

საქართველომ უკვე პირველი 4 მილიონი დოლარი გადარიცხა „კოლაქს პლატფორმაზე“. ჩვენ დაკვეთილი გვაქვს 700 000 ადამიანის მოცვისთვის საჭირო ვაქცინის დოზა. სულ ეს ჯდება 17 მილიონ დოლარამდე. პირველი შენატანი შეტანილია და როდესაც  რომელიმე ჩემ მიერ დასახელებული ან კიდევ სხვა ვაქცინა, რომელიც დამტკიცდება ამერიკის წამლისა და საკვების ადმინისტრაციის, ევროპის წამლის სააგენტოს, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ, საქართველო მიიღებს, შესაბამისად, ამ პრეკვალიფიცირებულ ვაქცინას და აიცრება თანდათან  700 000-მდე ადამიანი, პირველ რიგში – მაღალი რისკ-ჯგუფები“, – განმარტავს გამყრელიძე.

თუ ვინ შევა რისკჯგუფებში, ხათუნა ზახაშვილის განმარტებით, ამ საკითხზე ჯერ კიდევ  მიმდინარეობს მსჯელობა,მაგრამ უპირველესად ესენი არიან კოვიდ 19-ის მძიმე განვითარების რისკის ქვეშ მყოფი ადამიანები. მისი განმარტებით, უპირატესად საუბარია ხანდაზმულ ადამიანებზე. კონკრეტულ ასაკს, თუ რა ასაკისთვის განისაზღვრება ვაქცინა, ქვეყნები მოსახლეობის სტრუქტურის მიხედვით ირჩევენ. ზოგისთვის ეს შეიძლება იყოს 70, ზოგისთვის 65 წელს ზემოთ.

უფრო კონკრეტულად კი, ზახაშვილის განმარტებით, დღესდღეობით მაღალი რისკის ჯგუფებად განიხილება სასუნთქი სისტემის ქრონიკური დაავადებების მქონე პირები ხანდაზმულ ასაკში, ასევე გულსისხლძარღვთა ქრონიკული დაავადებების მქონე პირები ხანდაზმულ ასაკში.

„თუმცა სამეცნიერო წრეებში ჯერ კიდევ მიდის მსჯელობა. სანამ ვაქცინა საბოლოოდ შემუშავდება, დამტკიცდება, ხელმისაწვდომი გახდება მოსახლეობის ფართო ფენებისთვის, ჯერ კიდევ შეიძლება შეიცვალოს, იყოს გარღვევა (ახალი მიგნება) სხვა ასაკობრივი ჯგუფებისთვის. ცნობილია, რომ ზოგიერთი ვაქცინისათვის რომელიც ჯერ ისევ შესწავლის ფაზაშია, მოხდა შესწავლა კონკრეტულად გარკვეულ ასაკობრივ ჯგუფებში და მათი დაშვება სხვა ასაკობრივ ჯგუფზე. რაც უნდა მაღალი ეფექტიანობა აჩვენოს შესწავლის ჯგუფში, პირდაპირ გადატანა ვერ მოხდება. რისკისჯგუფები შეიძლება კიდევ შეიცვალოს, სანამ მსოფლიოსთვის ხელმისაწვდომი იქნება ვაქცინა“,- განმარტავს ზახაშვილი.