რა თქვა ბრიფინგზე სალომე ზურაბიშვილმა | სრულად

პუბლიკა

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ადმინისტრაციაში ჩანიშნულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ბოლო დღეების განმავლობაში მიმდინარეობს პრეზიდენტზე ზეწოლა სხვადასხვა ფორმითა და მესიჯბოქსით. ემუქრებიან მას, უკითხავენ მორალს და ასწავლიან, როგორ „უნდა ებრძოლონ სააკაშვილს, როცა ის უკვე დაცემულია“.

პრეზიდენტის თქმით, ეს ადამიანები იყვნენ ან სააკაშვილის შტაბში, ან თანამდებობებზე, ან „ქართუში“. მისივე თქმით, დღევანდელმა ხელისუფლებამ „შეიწყალა“ მურუსიძე-ჩინჩალაძეც და განამწესეს უვადო თანამდებობებზე, რაც საქართველოს მომავალს დაკარგვით ემუქრება.

„ვიცი, რომ ეს აქცია იყო არა მხოლოდ იმ ადამიანებისგან ორგანიზებული, მაგრამ ამას თან ახლდა სხვადასხვა მესიჯბოქსი, რომელიც ვრცელდებოდა ამ დღეებში და ეს კეთდებოდა მიზანმიმართულად იმისთვის, რომ მომხდარიყო ზეწოლა პრეზიდენტზე, იმ პარტიისგან, რომლის მეთაურებიც არსად არ იყვნენ 2007 წელს. ეს არის წელი, როცა ყველაფერი მომხდარი იყო.

ეს ადამიანები, რომლებიც დღეს მემუქრებიან სხვადასხვა ფორმით, კარიერით თუ ა.შ. ეს ადამიანები არსად არ იყვნენ მაშინ და ახლა მასწავლიან, მიკითხავენ მორალს და მასწავლიან როგორ უნდა ებრძოლონ სააკაშვილს, რომელიც უკვე დაცემულია.

მე მაინტერესებს, ეს ადამიანები სად იყვნენ 2007 წლის მერე? ერთი იყო მიშას შტაბში და დარჩა დიდხანს, ვიღაც იყო „ქართუ ბანკში“ კარგად მოკალათებული, ვიღაც სხვა თანამდებობებზე და აღარ მინდა ეს პერსონალური გავხადო. არსად არ იყვნენ და რას მიკითხავენ მორალს, რას მასწავლიან, მაინტერესებს. თუნდაც ის ოთხეული, რომელიც დარბის იქით-აქეთ.

აქ ძალიან ნათელია, რომ არის ერთობლივი თამაში სხვადასხვა ძალას შორის, რომელიც ვითომ ძალიან დაპირისპირებულია, მაგრამ რეალურად, ვინ შეიწყალა მურუსიძე-ჩინჩალაძე?! მე?! როდის?! მე მგონი, სწორედ იმ ძალამ, რომელიც დღეს ჭკუას მასწავლის. არათუ შეიწყალეს, გაამწესეს ისეთ ადგილზე, საიდანაც ვერავინ მოხსნის მათ და საიდანაც ისინი ძალიან ეფექტურად გვიბლოკავენ ევროპის გზას. ვის აწყობს, რატომ არ ვკითხულობთ ამას?! სანამ ჩემთან მოვარდება აქცია, როცა ვამბობ ამას, აქციაზე მაქვს საუბარი.

რა არის ამ ორ ძალას შორის შეთანხმებული?! პირველ რიგში მიშას ჩამოყვანა, რას ერჩოდნენ ან ერთნი, როცა იმას აქეზებდნენ, რომ ჩამობრძანდით, იქნება რევოლუცია… ან მეორენი, როცა აქეზებდნენ მეორე კუთხით, ქართულ ხასიათზე თამაშით: აბა, ვაჟკაცი თუ ხარ, ჩამოდი… ორივეს აწყობდა მიშას ჩამოსვლა და ვხედავთ, რატომ. ერთი წლის შემდეგ ჩვენ ვართ სრულიად გაჩერებული მიშას ირგვლივ, სხვა თემა არ არსებობს, ქვეყანა იძირება ამ საკითხის ირგვლივ და ორივე მხარეს აწყობს. ერთ მხარეს პასუხი არ აქვს გასაცემი კითხვებზე, რომელთაც საზოგადოება უნდა უსვამდეს ხელისუფლებას, მეორე მხარეს, ალბათ იმიტომ, რომ დღეს ვერ ხედავენ სხვა გეგმას.

მე არ ვიცი, რა შუაში ვარ, მაგრამ მიუღებელია. ან არ მიცნობენ, ალბათ, ამდენი წელი ვერ გამიცნეს მაგრამ მიუღებელია ინსტიტუტზე, აღარ ვამბობ ქალსა და პრეზიდენტზე, ის რაც დღეს ხდება, ზეწოლა და ბულინგი. სხვათა შორის, არ ვიცი, სად არიან არასამთავრობოები, რომლებმაც ბულინგის მიმართ რაღაც უნდა გამოხატონ.

აგერ რუსული სოფელია ჩემს კარებთან და ნახეთ, რას ნიშნავს, როცა არ მგონია არცერთ ქვეყანაში  სხვაგან ყოფილიყო პრეზიდენტის სასახლის წინ, მით უმეტეს ასეთ დაძაბულ სიტუაციაში ასეთი სოფელი გამართული, მაგრამ სხვადასხვა აზრები არის და სხვადასხვა გემოვნება.

მერე მემუქრებიან რაღაც კარიერით, თურმე მე ამ კარიერას დავემშვიდობები, თურმე რაღაცა სხვა კარიერა მინდა. ავიწყდებათ, რამდენი წლის ვარ, მაგრამ თუ ვინმე მიცნობს ამ ქვეყანაში, იცის, რომ კარიერა იქ დავტოვე, რომ მე მაინტერესებს მხოლოდ ეს ქვეყანა და ამ ქვეყნის ევროპული მომავალი, რომელსაც რატომღაც ყველა ებრძვის და ვერავინ ხედავს, რომ ჩვენ საზოგადოებას ეს უნდა, ჩვენი საზოგადოება ამას მიიღებს ყველაფრის მიუხედავად.

აქ ვარ მე, აქ ხართ თქვენ და ჩვენ ამ გზაზე წავალთ, რაც უნდა იყოს ყველას მიერ ზეწოლა და სხვადასხვა ფორმით შანტაჟის მცდელობა“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

შეკითხვაზე, რას აპირებს სააკაშვილთან დაკავშირებით, მან თქვა: „მთავარ შეკითხვაზე პასუხი გაეცემა, როცა გაეცემა“.

ასევე, პრეზიდენტის განმარტებით, ის აქციაზე იმ მონაწილეებთან შესახვედრად ჩავიდა, ვისთან ერთადაც მრავალი წლის განმავლობაში იბრძოდა მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დანაშაულების წინააღმდეგ და არა „აქციის ზოგ-ზოგ მონაწილესთან, არ ვიცი ვისგან მართულნი, შემოცვენილიყვნენ სასახლეში“.


დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ბუტა რობაქიძის მშობლები, სულხან მოლაშვილის ძმა, თორნიკე გამცემლიძის ძმა და სხვა ადამიანები, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას ეწინააღმდეგებიან, აქციას მართავენ. ისინი პრეზიდენტს მიმართავენ, არ შეიწყალოს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი.

სალომე ზურაბიშვილმა მის ადმინისტრაციასთან შეკრებილ ადამიანებს, რომლებიც მოითხოვენ, არ შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი, მოულოდნელად სიტყვით მიმართა, თუმცა მან გამოსვლა აქციის მონაწილეების ხმაურის გამო შეწყვიტა და 17:00-ზე ბრიფინგი ჩანიშნა.