დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან გაიმართება აქცია მოთხოვნით, არ შეიწყალონ მიხეილ სააკაშვილი

პუბლიკა

ბუტა რობაქიძის მშობლები, სულხან მოლაშვილის ძმა და თორნიკე გამცემლიძის მამა „გაერთიანებული ოპოზიცია – ძალა ერთობაშიას“ წარმომადგენლის, მურმან დუმბაძის განცხადებას პრესკონფერენციით გამოეხმაურნენ.

ია მეტრეველმა, ჯამბულ გამცემლიძემ და თორნიკე მოლაშვილმა დღეს, 15:00-ზე პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან აქციის გამართვა დააანონსეს. აქციის მონაწილეები პრეზიდენტს მიმართავენ, არ შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი.

„კვირის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ბუტა რობაქიძის დედამ, ია მეტრეველმა განაცხადა, რომ მას ბევრი ადამიანი უკავშირდება თხოვნით, რომ გააჟღერონ მათი ეს მოთხოვნა.

„მინდა, ხელისუფლებას მივმართო: მასთან უამრავი მნახველი შედის, ის მართლაც სასათბურე პირობებში, სანატორიუმშია, ეს ჩვენთვის ყოვლად დაუშვებელი და მიუღებელია. ის უნდა იყოს ისეთ პირობებში როგორიც ეკუთვნის. მადლობა თქვას, რომ აღარ არსებობს ისეთი ციხეები, როგორიც შექმნა“ – განაცხადა ია მეტრეველმა.

„პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მოვუწოდებ: სანამ ამ ადამიანს შეიწყალებს, ჯერ სათითაოდ შვილმკვდარ დედებს და მამებს შეხვდეს“, – აღნიშნა თორნიკე მოლაშვილმა.

„წამოვიდეს ნებისმიერი დედა, რომელმაც ის სია დაწერა და ხელი მოაწერა, ავიყვან ბუტა რობაქიძის, სულხან მოლაშვილის, კრიალაშვილის, შარაძის, გიორგი გამცემლიძის საფლავებზე და ვაჩვენებ, იქ ისინი როგორ ძლებენ“, – განაცხადა ჯამბულ გამცემლიძემ სააკაშვილის შეწყალების თხოვნაზე ხელმომწერთა შესახებ.

დღეს, 28 დეკემბერს პრესკონფერენცია გამართა ასევე ბუტა რობაქიძის მამა, სოსო რობაქიძემაც, რომელმაც მურმან დუმბაძეს მიმართა:

„მინდა, ბატონ მურმან დუმბაძეს ვუთხრა, როდესაც “ოცნების” მხარეს იყავით, ჯერ ერთ ხელს იჭრიდით, მერე მეორეს, ასე ამბობდით, 5 ნომერს ვინც შემოხაზავს, განგრენა დაემართებაო, თუ სანდრო გირგვლიანის ამბავი არ იცით, იმ რეჟიმის მსხვერპლები არ იცით, საერთოდ, პოლიტიკაში რა გინდათ? ცოტა ხანს სახლში იყავით, თბილისში არ ჩამოხვიდეთ, თორემ იმდენი ადამიანია გაღიზიანებული, ნამდვილად შეურაცხყოფას მოგაყენებენ. რაც თქვენ გუშინ თქვით, ეს “ნაცებსაც” არ უთქვამთ“, – თქვა მან.