მურმან დუმბაძე: მორალურად  გირგვლიანი არ იყო იმ სუფრასთან მართალი

პუბლიკა

„მორალურად  გირგვლიანი არ იყო იმ სუფრასთან მართალი…“, – ამის შესახებ „გაერთიანებული ოპოზიცია – ძალა ერთობაშიას“ წევრმა მურმან დუმბაძემ ვახო ხუზმიაშვილის „თავისუფალ სივრცეში“ ისაუბრა.

თავდაპირველად წამყვანმა საუბარი გახსნა შეკითხვით, რას ეუბნებიან სააკაშვილის ხელისუფლების მსხვერპლ ოჯახებს, როცა აქტიურად მოითხოვენ მესამე პრეზიდენტის გათავისუფლებას.

„[გირგვლიანზე] ვიხმაურეთ ძალიან და სტრასბურგამდე ჩავიდა ეს საქმე, მაგრამ არის ისეთი შემთხვევები, რომ მკვლელობა მოხდა, დახვრეტა… ვერ მომიყვანთ ისეთ მაგალითს, რომ მე კონტრმაგალითი არ მოგიტანოთ და ეს არის ძალიან ცუდი, იმიტომ, რომ ადამიანის სიკვდილის რაოდენობით განვსჯით…

გირგვლიანთან დაკავშირებთ მე გირგვლიანის  მიტინგებში არ ვმონაწილეობდი მორალური თვალსაზრისით, იმიტომ, რომ ირინა ენუქიძეს კი ვგულშემატკივრობდი, მაგრამ მორალურად  გირგვლიანი არ იყო იმ სუფრასთან მართალი…

ჩემთან ზის ადამიანი, მე და თქვენ ვსხედვართ, მესამე პიროვნება მოდის და გვერევა ურთიერთობაში. რა არის, რა წესია, მორალურად… არა, არ უნდა მოკლა [ამის გამო] და არ არის მოკლული.  თქვენ საიდან იცით, რომ მოკლეს? [მოსამართლე ლევან] მურუსიძე ამბობს, რომ მოკლეს და მე მურუსიძის არ მჯერა.

ოფიციალურ დოკუმენტში, მურუსიძის დოკუმენტში რაც წერია, იმაზე გეუბნებით… მორალურად გირგვლიანი იმ ბიჭებთან არ იყო მართალი. მორალურად მართალი არ იყო და სისხლის სამართლის საქმის დამნაშავეები არიან ეს ხალხი, უნდა დაიჭირონ, მაგრამ ამ დაჭერამდე საქმის წამოწყების ინიციატორი გირგვლიანია.

ოფიციალური დოკუმენტი რას ამბობს გირგვლიანზე – გირგვლიანი დაუსხლტა, გაიქცა, გადავარდა, გადაიჩეხა და გაიყინა სუსხიან ტყეში და გარდაიცვალა, ის არ მოუკლავთ, მკვლელობა არ არის არც დანით, არც იარაღით, არ არის მიყენებული მკვლელობის ფაქტი, არ არის ჩადენილი. ამას ამბობს მურუსიძეს, ვუჯერებთ? ეს მურუსიძე გვყავს დღევანდელი სისტემის მეუფედ.

იმისთვის, რომ დავამთავროთ ამ მკვლელობებზე ლაპარაკი, ვინ რამდენი მოკლა, მე სხვანაირად წავიდოდი. 2012 წელს როცა მოვდიოდით ხელისუფლებაში, პირდაპირ ჩავწერეთ პროგრამაში, რომ შევქმნით ქვეყანას, სადაც ადამიანი ენდობა ხელისუფლებას, ერთპარტიული, ერთპიროვნული მმართველობა უნდა დასრულდეს, დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა უნდა გაჩნდეს“, – განაცხადა მან.

ოპოზიციონერის თქმით, თუ საზოგადოებას თანაგრძნობა აქვს სანდრო გირგვლიანის დედის, ირინა ენუქიძის და ბუტა რობაქიძის დედის, ია მეტრეველის მიმართ, მაშინ გიული ალასანიას მიმართაც უნდა ჰქონდეს, რადგან მის შვილს ივანიშვილის ხელისუფლება კლავს.

„ირინა ენუქიძეს ვერავინ გაამტყუნებს, იმიტომ რომ ის არის დედა, მაგრამ გიული ალასანიას გამტყუნება შეგვიძლია?

თქვენ ამბობთ, რომ გირგვლიანის დედას რას ეტყვით, რომელსაც შვილი მოუკლეს, თუ მიხეილ სააკაშვილს მოუკლავენ, მაშინ გიული დედა არ იქნება? დედა-შვილი არის ურთიერთობა, გინდა მკვლელი იყოს, დედისთვის შვილი არის შვილი.

მაშინ რატომ ლანძღავს გიული ალასანიას ადამიანი, რომელიც აქებს ირინა ენუქიძეს?

რობაქიძე? [რა ქნას ქალბატონმა იამ, ერთადერთი შვილი მოუკლეს] და ხახუბიას რამდენი მოუკლეს? რომელმა მამამაც თავი მოიკლა, იმიტომ რომ ვერ გაძლო სისტემაში, 20 წლის ბავშვი მოკლეს.

არ ვაყენებ მას შეურაცხყოფას, შვილზე ხმა რომ ვერ ამოიღო, საკუთარი თავი დაადანაშაულა, ის თვითმკვლელობამდე მიიყვანეს. ხახუბია არ არის მოკლული და რობაქიძე მოკლულია? სოსოს [რობაქიძის] ბიჭი როგორ მოკლეს? და ხახუბია როგორ მოკლეს?

სოსოსთვის რა მნიშვნელობა აქვს, ტყვიით მოკლავდნენ თუ რკინის ნაჭრით? შვილს როგორ მომიკლავ, რა მნიშვნელობა აქვს?

[რობაქიძეს] იარაღები ჩაუდეს და აქ უარესი, ოჯახში მივიდნენ ვახასთან და „ლიმონკა“ ჩაუდეს და ეს „ლიმონკა“ მერე გააქრეს.

მიხეილ სააკაშვილმა მოკლა რობაქიძე, ვეთანხმები ქალბატონ იას, მაგრამ უნდა დავეთანხმო გიული ალასანიასაც, რომ მიხეილ სააკაშვილს ბიძინა ივანიშვილი კლავს და უნდა დავეთანხმო ვახასაც, რომ ივანიშვილმა ლიმონკა ჩაუდო თემირლანს“, – განაცხადა მან.

მურმან დუმბაძემ ასევე გაიხსენა ზურაბ ვაზაგაშვილი და თქვა, რომ ის „არ დაიღუპა სწორად“, რაც შეეხება სულხან  მოლაშვილსა და ვაზაგაშვილს, მათზე საუბრისას დუმბაძე იხსენებს თემირლან მაჩალიკაშვილს, რომელიც, მისი თქმით, ივანიშვილის პროკურატურამ ტერორისტად მონათლა და საწოლში დახვრიტა. დუმბაძის თქმით, თანახმაა, უვადო სასჯელი მოიხადოს სააკაშვილმა, თუ დასჯიან ბიძინა ივანიშვილსაც.

„თქვენ ამბობთ, რომ დაიღუპა ვაზაგაშვილი. დაიღუპა ნამდვილად. როგორ უნდა ვუთხრა იური ვაზაგაშვილს მე, რომ მისი შვილი სწორად დაიღუპა, ხო არ დაიღუპა სწორად, ეს ხომ ძალიან მძიმე მაგალითია მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დროს, მაგრამ მე იმ წუთში მოლაშვილთან ერთად გამახსენდება ვახა მაჩალიკაშვილი, რომელიც ქუჩაში კი არ დაიხვრიტა, დაიხვრიტა ლოგინში და უფრო მეტიც, ეს არაფერი, დაიხვრიტა, ადამიანები დახვრეტილან, ვძლებთ და ქვეყანა ვითარდება, მაგრამ ვახა მაჩალიკაშვილის შვილი უარესად დახვრეტილია, მისი ოჯახი დახვრეტილია იმის გამო, რომ ოფიციალურად ბიძინა ივანიშვილის პროკურატურამ მისი შვილი ტერორისტად გამოაცხადა. მაშინ უნდა დავიჭიროთ ივანიშვილიც.

თანახმა ვარ, მიხეილ სააკაშვილი იჯდეს უვადო პატიმრობაში, თუ ბიძინა ივანიშვილსაც მივუსვამთ უვადო პატიმრობაში“, – განაცხადა მან.

დუმბაძის თქმით,  მისთვის მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტიკური პატიმარი, რაც იმას ნიშნავს, რომ „პოლიტიკური პატიმარი შეიძლება იყოს დამნაშავეც, პოლიტიკური პატიმრობა არ ნიშნავს უდანაშაულობას, მაგრამ პოლიტიკური პატიმარია ადამიანი, რომელიც ზის გარკვეული მუხლით და იმავე მუხლით ჩადენილი დანაშაულის გამო მეორე ადამიანს აჯილდოებენ“.

დუმბაძის მტკიცებით, სააკაშვილის დროს მომხდარი დანაშაული იმის ბრალია, რომ სისტემა ვერ შეიცვალა.

„ბავშვები იღუპებოდნენ შევარდნაძის დროსაც და ბავშვები იღუპებიან ბიძინა ივანიშვილის დროსაც.

ბავშვი არ დიაღუპა ახლა კალაძის აშენებულ ფანტანში? ვკითხოთ მის მშობლებს, 13 წლის მარიტა რომ მოვკალით, ვინ მოკლა, თვითონ კალაძემ მოკლა? კალაძის სისტემამ მოკლა, იმიტომ რომ მერიამ არასწორად გაანაწილა უფლება-ვალდებულებები… მაშინ დავიჭიროთ კალაძე, მივუსვათ სააკაშვილს გვერდით“, – თქვა მან.