პრეზიდენტი აქციის მონაწილეებს: „აქ რომ მოვარდით ვიღაცების გავრცელებულ ჭორებზე...“

პუბლიკა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მის ადმინისტრაციასთან შეკრებილ ადამიანებს, რომლებიც მოითხოვენ, არ შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი, მოულოდნელად სიტყვით მიმართა.

პრეზიდენტი ადმინისტრაციის წევრებთან ერთად ეზოში გამოვიდა და აქციის მონაწილეებს მიკროფონით მიმართა, თუმცა მან გამოსვლა აქციის მონაწილეების ხმაურის გამო შეწყვიტა და 17:00-ზე ბრიფინგი ჩანიშნა.

მანამდე მან განაცხადა:

„აქ რომ მოვარდით, ვიღაცის გავრცელებულ ჭორებზე, ადამიანები, რომლებიც ავრცელებენ ჩემს შესახებ თავიანთ შექმნილ ჭორებს, სად იყვნენ 2007-ში, სად იყვნენ, როცა მომხდარი იყო მიშას დროინდელი ტრაგედიები, როცა ვიდექით ქუჩაში.

მე გეტყვით, სად იყვნენ ისინი, ვინც მესიჯბოქსებს ავრცელებენ დღეს –  ან იყვნენ მიშას შტაბში, ან იყვნენ  მოკალათებული თანამდებობებზე ან იქვნენ „ქართუში“.

მათ, ვინც დღეს მესიჯბოქსს ავრცელებენ, თურმე იციან, მე რას გავაკეთებ; თურმე იციან, როდის გავაკეთებ; თურმე იციან, რატომ გავაკეთებ.

მე მინდა, კიდევ ერთი რამე გითხრათ: ვინ შეიწყალა, მე შევიწყალე ჩინჩალაძე, მურუსიძე? მე შევიწყალე? თუ მე გავამწესე ისეთ ადგილებზე, საიდანაც ვერავინ მოხსნის მათ? ეს არ არის შეწყალება? სად ხართ? როდის გააპროტესტეთ? სად იყავით?“, – თქვა მან, რის შემდეგაც გამოსვლა შეწყვიტა და ადმინისტრაციის შენობაში დაბრუნდა.


დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ბუტა რობაქიძის მშობლები, სულხან მოლაშვილის ძმა, თორნიკე გამცემლიძის ძმა და სხვა ადამიანები, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას ეწინააღმდეგებიან, აქციას მართავენ. ისინი პრეზიდენტს მიმართავენ, არ შეიწყალოს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი.