რაღაცა დროის შემდეგ თუ არ იქნება რეაგირება, ვფიქრობ პროტესტის გამწვავებაზე – ხოშტარია

პუბლიკა

„დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია, რომელიც მესამე დღეა, საქართველოს პარლამენტის შენობაში შიმშილობს, აცხადებს, რომ პროტესტის ფორმის დამძიმებას აპირებს.

ელენე ხოშტარია პარლამენტის თავმჯდომარეს, კახა კუჭავას შეხვდა. მისი თქმით, გააცნო თავისი მოთხოვნები და შეთანხმდნენ, რომ პარლამენტში ხელოვნური ბარიერები არ შეექმნება.

„ალბათ, ეს კარგი მაგალითია იმისა, რომ ყველაზე დიდ დაპირისპირებაშიც კი, განსხვავებით სხვებისგან, ადამიანური სახის შენარჩუნება არის შესაძლებელი. უმწვავესი პოლიტიკური კრიზისის მიუხედავად, ამ თემაზე საუბარი არ გვქონია“, – განაცხადა მან.

ელენე ხოშტარიას განცხადებით, გარკვეული დროის შემდეგ, თუ არ იქნება რეაგირება მის მოთხოვნაზე, პროტესტი გამწვავდება.

ჟურნალისტების შეკითხვაზე, რა ფორმით გეგმავს პროტესტის გამწვავებას, ხოშტარია ამბობს, რომ ნაფიქრი აქვს სხვადასხვა ფორმაზე, თუმცა დეტალებს მოგვიანებით გაასაჯაროებს.

„ეს არ არის თამაში. ეს არ არის ხუმრობა, ეს არ არის პოლიტიკური პოზიორობა, ეხება პრეზიდენტის სიცოცხლეს. გუშინ გვიან ღამემდე მქონდა სააკაშვილის ექიმებთან კომუნიკაცია. სიტუაცია მძიმდება ყოველდღიურად“, – განაცხადა ხოშტარიამ.

პარტია „დროას“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ პარლამენტის შენობაში შიმშილობა 3 ნოემბერს დაიწყო. ის ამბობს, რომ არ შეწყვეტს შიშილობას, სანამ საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს სამოქალაქო კლინიკაში არ გადაიყვანენ. მიხეილ სააკაშვილი 36-ე დღეა, შიმშილობს რუსთავის მე-12 საპატიმროში.