რახან საოკუპაციო რეჟიმია, ყველაფერი ტყუილია? – კუხიანიძე ვაჟა გაფრინდაშვილზე

პუბლიკა

საკრებულოს წევრმა ერეკლე კუხიანიძემ  ტვ “პირველის” ეთერში განაცხადა, რომ ვაჟა გაფრინდაშვილზე და მის ოჯახზე გაკეთებული განცხადების გამო, რომელიც მისი შეფასებით არაკორექტულია, ბოდიშს იხდის.

“წუხილს გამოვთქვამ რომ დავწერე ის რაც დავწერე. ემოციებმა მოახდინა ჩემზე გავლენა. ბოდიშს ვიხდი იმ გამოთქმისთვის, იმ არაკორექტულობისთვის.” – თქვა ერეკლე კუხიანიძემ.

მისი თქმით, მისი ინტერესია რომ ყველაფერი გაარკვიოს ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით.

ვახო სანაიამ კუხიანიძეს ჰკითხა, სჯეროდა თუ არა ოკუპირებული ცხინვალის ინფორმაციის.

“ამ ნარატივის საწინააღმდეგოდ მინდა ვისაუბრო სწორედ. რახან საოკუპაციო რეჟიმია, ე.ი. მთელი ინფორმაცია, ყველაფერი ტყუილია? ეგრე არ არის”, – უპასუხა ერეკლე კუხიანიძემ ვახო სანაიას

ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო უშიშროების სამსახურმა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებაზე განცხადება 19 ნოემბერს გაავრცელა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო-სამედიცინო სამსახურის თადარიგის კაპიტანი იყო და როგორც სამხედრო ექიმი 2008 წლის მოვლენებში მონაწილეობდა.

ცხინვალის უშიშრობის სამსახურმა ასევე გაავრცელა  სხვა ინფორმაცია და აუდიოჩანაწერები.

ცხინვალი ირწმუნება, რომ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს დე ფაქტო საზღვრის გადაკვეთა წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი.