რას ჰყვება ქობულეთში გარდაცვლილი მოზარდის დედა

პუბლიკა

ქობულეთში 14 წლის გარდაცვლილი გოგოს დედა სამართალდამცველებთან შეხვედრამდე „ფორმულასთან“ მომხდარის შესახებ საუბრობს.

გარდაცვლილის დედა ჰყვება, რომ 14 წლის მოზარდს ძალადობრივ გარემოში უწევდა ყოფნა.

მისივე თქმით, ბავშვმა სექსუალური ძალადობის შესახებ თავად უამბო.

„ბავშვს ჩემთან ჰქონდა კონტაქტი, რომ სოციალური მუშაკი ეუბნებოდა, დედაშენს ყველაფერი მოუყევიო. სოცმუშაკმა ყველაფერი იცოდა. ზუსტად წინა დღეს, სანამ ჩემი შვილი მოკვდებოდა, უთქვამს, დედაშენმა მოწვევა გამოგიგზავნოს, რომ წახვიდეო, მაგრამ მოწვევა რომ გამომეგზავნა, 2 დღე მჭირდებოდა, თანაც სოცმუშაკს უნდა გაემზადებინა საბუთი. მე ხომ დედობის უფლება შემიზღუდეს, ამიტომ ნებართვა მჭირდებოდა. დედობის უფლება შემიზღუდა ჩემმა მამამთილმა“.

დედა ამბობს, რომ ბავშვი მომხდარის შემდეგ, სანამ პოლიციაში წაიყვანდნენ, მამამთილის ძმისშვილებმა „უმოწყალოდ სცემეს“.

„სულ წიხლქვეშ აგორა, თურმე, ჩემი შვილი. ეს ბავშვმა მომიყვა თვითონ . ძლივს გამოართვეს, რომ ბავშვი შემოგაკვდებაო და ციხეში ჩაჯდებიო. ამის შემდეგ წაიყვანეს პოლიციაში. მეორე დღეს შვილი რომ მელაპარაკებოდა, ასე მეუბნებოდა, თავზე ხელს ვერ ვიკარებ, მტკივა, ბალიშზე თავს ვერ ვდებო.

რა მნიშვნელობა აქვს პოლიციისთვის მიმართვას, როცა ორი თვე გაწელეს საქმე, ხომ შეიძლებოდა რომ სასაწრაფოდ ეს ბიჭი დაეჭირათ და ჩემი შვილი ჩემთან გამოეგზავნათ, ახლა ცოცხალი იქნებოდა“, – ამბობს გარდაცვლილის დედა.

10 თებერვლის საღამოს ქობულეთის მუნიციპალიტეტში არასრულწლოვანი გარდაცვლილი იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დიაწყო.

გარდაცვლილი ბაბუამ იპოვა. როგორც ის ჟურნალისტებს ეუბნება, გოგო გასულ ზაფხულს გააუპატიურეს. მისი თქმით, ეს იცოდა პოლიციამ, გოგოს ჩაუტარდა შესაბამისი ექსპერტიზაც, თუმცა პასუხმა დაიგვიანა, რასაც, ბაბუის თქმით, არასრულწლოვანი განიცდიდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქობულეთში 1997 წელს დაბადებული ნ.ტ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დღეს დააკავა.

უწყების ცნობით, მას ბრალად ედება სექსუალური ხასიათის შეღწევა თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში. დანაშაული 7-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქობულეთის მუნიციპალიტეტში წინასწარი შეცნობით 16 წლის ასაკს მიუღწეველ, 2006 წელს დაბადებულ გოგონასთან სქესობრივი კავშირი დაამყარა”, – წერს შსს.

დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 140-ე მუხლით მიმდინარეობს.