მამუკა დიასამიძე, რომელსაც ორი დღის წინ, თბილისი მოლის წინ გამართულ აქციაზე ზვიად ხარაზიშვილი პირადად გაუსწორდა, მისი დაკავების დეტალებს იხსენებს.
შემაღლებულ ადგილზე ვიდექი, ბორცვზე. ჩემს ზემოთ მყოფმა პირებმა „ხარებას” აგინეს. იმავე დროს, ჩემს წინ, მანქანაში მჯდარმა „ხარებამ” რაციაში დაიყვირა: „მომიყვანეთ ეგ აქ!“ ამის შემდეგ, ჩემზე ერთდროულად ოთხი ნიღბიანი პირი წამოვიდა, ფეხებში მეცა და ძალით დამათრია ბორცვიდან.
„ხარებასთან” მიმიყვანეს, უფრო სწორად მიმგვარეს, მანამდე ხროვაში როცა შემაგდეს იქაც გამეტებით მირტყამდნენ წიხლებსა და მუშტებს.
მასთან რომ მიმიყვანეს, დამაგდეს მიწაზე, თავი ამაწევინეს და მიყვიროდნენ: „აბა, ახლაც შეაგინე!“ ამ დროს „ხარებამაც” შემაგინა და სახეში წიხლი ჩამარტყა.
მამუკა დიასამიძე „პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის” დღეს სასამართლომ 2000 ლარით დააჯარიმა.
მამუკა ამბობს, რომ პროკურატურამ მის წინააღმდეგ მტკიცებულებად მოიტანა ვიდეოკადრები, „რომლებიც გადაღებულია იმ დროის შემდეგ, როდესაც მე უკვე დაკავებული ვიყავი. ამ დროს პოლიციას მე უკვე სამმართველოში ვყვადი გადაყვანილი, შესაბამისად, ამ კადრებში საერთოდ არ ვფიგურირებ და ისინი მტკიცებულებად ვერ ჩაითვლება”.