რატომ აქვს მოსახლეობას „ტარიფის ზრდის შეგრძნება“ - „თელმიკოს“ განმარტება

პუბლიკა

კომპანია „თელმიკოს“ კლიენტთა მომსახურების სამსახურის ხელმძღვანელმა, თეა ნოზაძემ ტელეკომანია „იმედის“ ეთერში განაცხადა, რომ მოსახლეობას დენის ტარიფის ზრდის განცდა აქვს.

ის ამბობს, რომ ელექტროენერგიის ტარიფი არ გაზრდილა და განმარტავს, რატომ აქვს მოსახლეობას „ზრდის განცდა“.

„მოსახლეობის ძირითადი უკმაყოფილება ეხება იმას, რომ გაიზარდა დავალიანება, ანუ მოხმარებული ელექტროენერგიის მოცულობას აპროტესტებენ. მინდა, აღვნიშნო, რომ დავალიანება გამომდინარეობს იქიდან, თუ რა ჩვენებაც არის მრიცხველზე. მრიცხველის ჩვენების დაფიქსირებას ახდენს კომპანია „თელასი“, რომელიც გვაწვდის ჩვენ ამ ინფორმაციას, მოხმარებულ კილოვატებზე და ჩვენ სემეკის დადგენილების შესაბამისად განვსაზღვრავთ უკვე შესაბამის ტარიფს, ვაფორმირებთ ლარს, ქვითარს და ვაწვდით მომხმარებელს.

ძირითადად, ეს უკმაყოფილება უსაფუძვლო აღმოჩნდება ხოლმე და აქედან გამომდინარე, მომხმარებელს ვთხოვთ, სანამ მოგვმართავს, თუ იცის, სად მდებარეობს მისი მრიცხველი, შეუძლია, თვითონვე გადაამოწმოს მრიცხველის ჩვენების შესაბამისად  ფიქსირდება თუ არა ის ჩვენება ,“ – ამბობს თეა ნოზაძე.

მისი თქმით, ვინაიდან მოსახლეობას დეკემბერში ორი ქვითრის გამო ჰქონდა საშეღავათო პერიოდი გადახდაზე, მათ, ვინც არ გადაიხადა სრულად გადასახადი, ის დარჩენილი გადასახდელიც თებერვლის აღრიცხვას დაემატა. მისი თქმით, ეს ეხება მხოლოდ მას, ვინც დეკემბერში სრულად არ გადაიხადა დავალიანება.

„არის ერთი შემთხვევა, როდესაც ჰგონიათ, რომ ტარიფი გაიზარდა, რეალურად გვიკავშირდებიან და ვუხსნით, რომ დეკემბერში თანხა არ გაქვთ გადახდილი და ამან გამოიწვია, თორემ თვიური მოხმარება არ გაზრდილა. და არის კიდევ მეორე მომენტიც, როდესაც მომხმარებლის რაღაც რაოდენობას აქვს ამის შეგრძნება [ტარიფის ზრდის]. ჩვენ შემოვედით ბაზარზე 2021 წლის 1 ივლისიდან, აქედან მოყოლებული ტარიფის ზრდის ცვლილება არ მომხდარა, მაგრამ 1 წლის განმავლობაში ტარიფთა შორის სხვაობის სუბსიდირებას ახდენდა მთავრობა, რომელიც იანვრიდან აღარაა და ესეც ქმნის შთაბეჭდილებას [ტარიფის ზრდის]“, – ამბობს ის.

მისი თქმით, რა თქმა უნდა, არ გამორიცხავენ იმასაც, რომ შეიძლება, ჩვენება არასწორად იყოს დაფიქსირებული.

„600 000-ზე მეტი მომხმარებელი გვყავს და შესაძლებელია, ჩვენება არასწორად იყოს დაფიქსირებული. ჩვენ ვალდებულნი ვართ, ამ ჩვენების საფუძველზე, რომელსაც „თელასი“ გვაწვდის, განვახორციელოთ დარიცხვა. ყველას შეუძლია, მოგვმართოს ნებისმიერ საკითხზე“, – აღნიშნავს თეა ნოზაძე.

თუმცა, მისივე თქმით, მიღებული საჩივრების 90%-ზე მეტი ძირითადად უსაფუძვლოა, რაზეც მომხმარებლებს წერილობით ახსნა-განმარტება ეგზავნება.

თეა ნოზაძის განმარტებით, ორი ქვითარი მხოლოდ დეკემბერში იყო. ამის შემდეგ ჩვენება ყოველი თვის ბოლო 4 დღეში წაიკითხება.