გუშინ ტვ „ფორმულას“ ეთერში ლუკა სირაძის დედამ თავისი შვილის საქმეზე დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოში პირველი განყოფილების სხვა თანამშრომლების მხრიდან ჩადენილ შესაძლო დანაშაულზე ისაუბრა.
მისი თქმით, პოლიციის განყოფილებაში არამარტო ჩოლოიანი – „არამედ იქ მყოფი 4 თუ 5 პიროვნება, ყველა ეუბნებოდა – ის ურჩევნია შენს ძმას, ჩაალაგოს ჩემოდანი, იმიტომ, რომ იქიდან გამოაგდებენ. ვაი, შე საცოდავო, არ იცი, რა მოელის შენ გამო შენს ძმას?” – განაცხადა ლუკა სირაძის დედამ.
„რაღაც სასწაულები ხდებოდა ყველა მხრიდან – გინება, შანტაჟი, მუქარა. გინებაზე კაბინეტიდან პოლიციის უფროსის მოადგილე, ლევან მამასახლისი გამოვიდა და ბავშვი კაბინეტში შეიყვანა. ლუკა იქიდან გამოვიდა ასე 7 წუთის შემდეგ, სახეალეწილი, თვალები აწყლიანებული ჰქონდა. ვკითხე – ხომ არ გცემეს-მეთქი. ბავშვმა არაფერი თქვა, მაგრამ დანამდვილებით ვიტყვი, რომ გარტყმული ჰქონდა სახეში. ძალიან შეაშინეს. ტირილით დაჯდა, ნერვებმა უმტყუნა. მიაღწიეს იმას, რომ ბავშვი გატყდა, წაშლილი იყო. შეიძლება სასწრაფო გამოვიძახოთო, იკითხა მან, მაგრამ ჩოლოიანმა შეაწყვეტინა, რომ თუ საჭიროდ ჩათვლიდა, სასწრაფოს თვითონ გამოიძახებდა. იმდენიც ვერ ვიძალე, რომ სასწრაფო გამომეძახებინა”, – თქვა ლუკა სირაძის დედამ.
ლუკა სირაძის საქმეზე დღემდე ერთადერთი ბრალდებული მარიანა ჩოლოიანია. მარიანა ჩოლოიანის საქმეზე ერთ-ერთი მორიგი სასამართლო სხდომა ხვალ გაიმართება. ის დაკავებულია ჩვენების იძულების ბრალდებით. სასჯელი ორიდან ხუთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
რატომ არ არიან სხვა პირები ამ საქმეზე ბრალდებული, ამის შესახებ გუშინ ტვ „ფორმულას“ ეთერში ლუკა სირაძის ოჯახის ადვოკატმა, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელმა, რევაზ აჭარაძემ ისაუბრა. მისი თქმით, ერთმა პირმა, რომელიც ასევე მიუთითებდა სხვა პოლიციელის მართლდაწინააღმდეგო ქმედებაზე, შემდგომ ჩვენება გადათქვა.
„რა თქმა უნდა, ოჯახს და საზოგადოებას უნდა, რომ ამ საქმეზე სხვა პირებიც დაისაჯონ, ვინც კი რამე დანაშაული ჩაიდინა. თუმცა, სამწუხაროდ, დღეის მდგომარეობით, რაც კი მტკიცებულებებია საქმეზე, მხოლოდ მარიანა ჩოლოიანის ქმედებაზე მიუთითებს. რაც შეეხება სხვა პირებს, ვის მიმართაც შეიძლებოდა, რომ დამდგარიყო მსგავსი შედეგი, სამწუხაროდ, ისე წარიმართა საქმის გამოძიება და ისე დალაგდა გარკვეული ჩვენებები, განსაკუთრებით ერთი პირის ჩვენება, რომელიც მიუთითებდა კიდე სხვა პოლიციელის მართლსაწინააღმდეგო ქმედებაზე, შემდგომ მან ჩვენება გადათქვა“, – განაცხადა აჭარაძემ.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის, სულხან სალაძის შეფასებით, ეს ჩვენება, რომელიც შეიცვალა პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო, რადგან ჩოლოიანი არ იყო ერთადერთი, ვინც ამ პროცესში მონაწილეობდა. ამის შესახებ სულხან სალაძემ ასევე ტვ „ფორმულას“ ეთერში ისაუბრა.
„პუბლიკა“ ჩვენების შეცვლის ეპიზოდზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად რევაზ აჭარაძეს დაუკავშირდა. მისი თქმით, პირი, რომელმაც ჩვენება შეცვალა, სკოლის უსაფრთხოების მენეჯერია. ის ინსპექტორისთვის მიცემულ ჩვენებაში ჩოლოიანათან ერთად ასახელებდა კიდევ ერთ პოლიციელს, რომელმაც მისი იმ ჩვენების მიხედვით, ლუკას ძმისთვის პრობლემების შექმნით დაემუქრა. თუმცა მას შემდეგ, რაც აღნიშნული პირი ჩოლოიანის ადვოკატებმა დაკითხეს, მან ჩვენების ის ნაწილი, სადაც სხვა პოლიციელის მხრიდან შესაძლო სამართალდარღვევაზე მიუთითებდა, შეცვალა და თქვა, რომ ინსპექტორისთვის ჩვენების მიცემის მომენტში თავს შეუძლოდ გრძნობდა, მიცემული ჩვენებისთვის არ გადაუხედავს და ჩვენების ის ნაწილი, რომელშიც მეორე პოლიციელზე საუბრობს, მას არ ეკუთვნის. ამის შემდეგ ეს პირი, რეზო აჭარაძის თქმით, ასევე დაიკითხა სასამართლოში, სადაც მან იგივე გაიმეორა და თქვა, რომ მეორე პოლიციელის მხრიდან შესაძლო სამართალდარღვევაზე მას ჩვენება არ მიუცია.
არასრულწლოვანი ლუკა სირაძე, რომელმაც პოლიციელების მხრიდან შესაძლო ძალადობის გამო თვითმკვლელობა სცადა, 17 დეკემბერს გარდაიცვალა. 15 წლის მოზარდმა თვითმკვლელობა 10-11 დეკემბერს პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვის შემდეგ სცადა.
მისი გარდაცვალების შემდეგ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ჩვენების იძულების ბრალდებით გამომძიებელი მარიამ ჩოლოიანი დააკავა. დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პირველი განყოფილების უფროსის მოადგილემ და ამავე განყოფილების გამომძიებელმა თავიანთი ინიციატივით უფლებამოსილება შეიჩერეს [16 დეკემებერს, გარდაცვალებამდე ერთი დღით ადრე].
ლუკა სირაძის ოჯახის წევრები და ინტერესების დამცველები თავიდანვე ამბობდნენ, რომ ლუკაზე განყოფილებაში მარიანა ჩოლოიანის ჩათვლით 3 ადამიანი ძალადობდა და მიაჩნდათ, რომ ბრალდებულთა წრე უნდა გაზრდილიყო. თუმცა 7 თებერვალს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ლუკა სირაძის საქმეზე განცხადება გამოაქვეყნა და თქვა, რომ ამ ეტაპზე შეკრებილი მტკიცებულებების საფუძველზე სხვა პირთა მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების საფუძველი არ გამოიკვეთა.
გამოიკვეთა მხოლოდ დისციპლინური გადაცდომების ნიშნები, რის გამოც სამსახურმა მიმართა შსს-ს გენერალურ ინსპექციას პოლიციის ზემოაღნიშნული მუშაკებისთვის შესაძლო დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით.
ინსპექტორი წერდა, რომ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების პროცესში გამოვლინდა გარემოებები, რომლებიც მიუთითებს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პირველი განყოფილების სხვა თანამშრომლების (მათ შორის, მენეჯერულ პოზიციაზე მყოფი პირის) მხრიდან არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსისა და პოლიციის ეთიკის კოდექსის სავარაუდო დარღვევაზე.
„პუბლიკა“ დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინსიტროს, რათა გაერკვია, რა შედეგი დადგა ამ თანამშრომლებთან მიმართებით მას შემდეგ, რაც დისციპლინური გადაცდომის ნიშნებზე ინსპექტორის განცხადება მიიღეს.
ინფორმაციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.