რატომ გადაიყვანეს სასტუმროში პნევმონიის მქონე COVID-პაციენტი – ექიმის განმარტება გარდაცვლილ ქალზე

პუბლიკა

„ასეთ მძიმე პაციენტს რა უნდოდა სასტუმროში? სად გავარკვიო სამართალი?“, – ამ შეკითხვას ბათუმში კორონავირუსით გარდაცვლილი პედაგოგის შორება ბერიძის და სვამს. რატომ გაანაწილეს პნევმონიის მქონე პაციენტი Covid-სასტუმროში და რამდენად ადეკვატურად შეფასდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა – „პუბლიკამ“ შეკითხვებით იმ სამედიცინო დაწესებულებებს მიმართა, რომლებთანაც გარდაცვალებამდე შორენა ბერიძეს მოუწია შეხება.

როდის მიმართა პაციენტმა ჩივილებით ექიმებს

55 წლის შორენა ბერიძე, რომელსაც შაქრიანი დიაბეტი ჰქონდა, 5 ოქტომბერს ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში შეიყვანეს, 6 ოქტომბერს კი COVID-სასტუმროში გადაყვანეს. 7 ოქტომბერს მისი მდგომარეობა დამძიმდა და ქობულეთის სამედიცინო ცენტრში, COVID-საავადმყოფოში გადაყვანეს. შორენა ბერიძე საავადმყოფოში გადაყვანიდან მეორე დღეს, 8 ოქტომბერს გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად გამოცემა „ბათუმელებმა“ გამოაქვეყნა.

გარდაცვლილის და დუდანა ბერიძე facebook-გვერდზე წერს, რომ შორენა ბერიძის საავადმყოფოში გადაყვანა დაგვიანებული იყო. მისი თქმით, ის  COVID-სასტუმროში არ უნდა განეთავსებინათ.

„ის 37.5 სიცხით, გართულებული სუნთქვით და მომატებული შაქრით შეიყვანეს ბათუმის ინფექციურში, იმავე ცხელების ცენტრში, საიდანაც მცირე პროცედურების შემდეგ გადაიყვანეს სასტუმროში. მალე დამძიმდა მდგომარეობა და კვლავ დაჭირდა სასწრაფოს გამოძახება, რომელმაც გარკვეული დროის შემდეგ გადაიყვანა ქობულეთის სამედიცინო ცენტრში. იქ ექიმებს ძალისხმევა არ დაუკლიათ, მაგრამ გადარჩენა ვეღარ მოხერხდა. და მე მრჩება კითხვა: ასეთ მძიმე პაციენტს რა უნდოდა სასტუმროში? სად გავარკვიო სამართალი? იქნებ ამ გადაყვანა-გადმოყვანაში დრო დაიხარჯა ფუჭად, რაც ასე მნიშვნელოვანი იყო შორენასათვის?“, – წერს ის facebook გვერდზე.

„ასეთი გამონაკლისებიც არსებობს” – რას ამბობენ ექიმები

ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ექიმი ნატო მიშველაძე, რომელმაც პაციენტი თავდაპირველად მიიღო, „პუბლიკასთან“ აცხადებს, რომ პაციენტი ინფექციურ საავადმყოფოში შესვლისას საშუალო სიმძიმის იყო, პნევმონიით. მისი მდგომარეობა დღის განმავლობაში დამაკმაყოფილებელი იყო. ექიმის თქმით, მან პროტოკოლისა და რეგულაციების მიხედვით მიიღო გადაწყვეტილება შორება ბერიძის COVID-სასტუმროში გადაყვანაზე.

„პაციენტი შემოსვლისას საშუალო სიმძიმის იყო. დილით შემოვიდა ეს პაციენტი 12-ზე, შემდეგ ნელ-ნელა გაუმჯობესდა მდგომარეობა. საღამოსთვის მდგომარეობა სრულიად დამაკმაყოფილებული იყო. მეორე დღეს, დილით მისი მდგომარეობა ასევე დამაკმაყოფილებელი იყო. ჰქონდა ასეთი ჩივილები, რომ ნერვიულობდა, სტრესში იყო, ინფექციის დადასტურების გამო. მაგრამ ეს მოეხსნა, მეორე დღეს, 6 ოქტომბერს სრულიად ნორმალურად იყო, ვისაუბრეთ ნორმალურად და ამიტომ რეგულაციების შესაბამისად გადაწყდა, რომ COVID-სასტუმროში გადაგვეყვანა.  ეს იყო რეგულაცია, პროტოკოლი, რომელიც ითვალისწინებდა ასეთი პაციენტების COVID-სასტუმროში გადაყვანას“, – განაცხადა მან.

შეკითხვაზე, პაციენტის დაავადება, შაქრიანი დიაბეტი ხომ არ იყო ის ფაქტორი, რის გამოც ის სასტუმროს ნაცვლად საავადმყოფოში უნდა გადაეყვანათ, მიშველაძე აცხადებს, რომ:

„დიაბეტიანი იყო, მაგრამ, როგორც თვითონ ამბობდა, ეს იყო კომპენსირებული დიაბეტი, მედიკამენტებს იღებდა და ამ მხრივ არანაირი ჩივილები არ ჰქონდა. თავიდან ისეთი არაფერი ჩანდა, რომ ის საავადმყოფოში დაგვეტოვებინა. თქვენ იცით, რომ ეს ახალი ინფექციაა, რომელსაც რამდენიმე საათში შეუძლია მდგომარეობის რადიკალური ცვლილება. ეტყობა, ასეც მოხდა. 6-ში იქ ექიმსაც ველაპარაკე  COVID-სასტუმროში. მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო, თუმცა 7-ში უკვე გაუარესდა“, – განაცხადა მან.

ექიმი აცხადებს, რომ ეს არ იყო შეცდომა, პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო. მისი თქმით, ისეთ ინფექციასთან მიმართებით, როგორც კორონავირუსია, სიტუაციის დამძიმება რამდენიმე საათში შეიძლება მოხდეს და შორენა ბერიძის შემთხვევაც მსგავსი გამონაკლისი იყო.

„არ ვფიქრობ, რომ რამე შეცდომა იყო, რეგულაცია ასე ითვლისწინებს, ეს ქალბატონი 55 წლის იყო, 65 წლის ზემოთ პაციენტები COVID-სასტუმროში არ გადაგვყავს საერთოდ. ასაკი ხელს უწყობდა, მდგომარეობა დამაკმაყოფილებული იყო. რამ გამოიწვია სიტუაციის დამძიმება COVID-თან დაკავშირებით, ეს არავინ იცის. ვერავინ განსაზღვრავს როგორ დასრულდება და ასეთი გამონაკლისებით არსებობს“, – განაცხადა მან.

„პუბლიკა“ ესაუბრა ქობულეთის სამედიცინო ცენტრის დირექტორს, ავთანდილ თალაკვაძეს. ამ კლინიკაში პაციენტი უკვე covid-სასტუმროდან გადაიყვანეს. თალაკვაძის თქმით, პაციენტი ქობულეთის სამედიცინო ცენტრში 7-ში გადაიყვანეს, მას ჰქონდა ორმხრივი ფილტვების პნევმონია და შაქრიანი დიაბეტის მძიმე ფორმა. სიტუაცია გართულდა და მეორე დღეს ის გარდაიცვალა.

„პაციენტი ჩვენს საავადმყოფოში იყო ერთი დღე. შემოყვანიდან ამ ერთ დღის განმავლობაში ქალბატონი გარდაიცვალა. შემოვიდა ორმხრივი ფილტვების პნევმონიით, რომელიც გამოწვეული იყო Covid-ინფექციით, მას ერთვოდა ქრონიკული დაავადება, შაქრიანი დიაბეტი, მძიმე ფორმა. გართულდა სიტუაცია და ამის შემდეგ გადავიყვანეთ მართვით სუნთქვაზე, რის შემდეგაც გარდაიცვალა“, – განაცხადა ავთანდილ თალაკვაძემ.