ჩოხატაურის რაიონის სოფელ ბუკნარში ადგილობრივ ქრისტიანებსა და მუსლიმებს შორის რელიგიურ ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის მოგვარების მიზნით გუშინ, 13 იანვარს, ღამით კონფლიქტის მონაწილე მხარეებმა შეხვედრა გამართეს.
შეხვედრას გურიის მხარის გუბერნატორი, ჩოხატაურის მერი და დაპირისპირებული მხარეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ადგილობრივები აცხადებენ, რომ შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა, ჩოხატაურის მერი კი ამბობს, რომ შეთანხმება შედგა.
კონკრეტულად, რა საკითხები განიხილეს გუშინდელი შეხვედრისას და როგორ დასრულდა მოლაპარაკება, „პუბლიკას“ ადგილობრივი მუსლიმი მოსახლეობა ესაუბრა.
ადგილობრივი გია ართმელაძე, რომელიც გუშინდელ შეხვედრას ესწრებოდა, ამბობს, რომ მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა, რადგან ისინი არ ენდობიან ადგილობრივ ხელისუფლებას და მნიშვნელოვანია, კონფლიქტი უფრო მაღალ დონეზე მოგვარდეს, ვინაიდან ადგილობრივი ხელისუფლება ვითარების განსამუხტავად არაფერს აკეთებს. მისივე თქმით, ერთი თვეა, პრობლემა დღის წესრიგში დგას, ადგილობრივ ხელისუფლებას კი ქმედითი არაფერი გაუკეთებია პრობლემის მოსაგვარებლად.
„ჩვენ, ხალხი იმ შეურაცხყოფებს არ ავიტანთ, რაც წუხელ იმ შეხვედრის შემდეგ ჩვენ მოგვმართეს. შეხვედრა როცა დასრულდა, მათ თქვეს, რომ ეს ამბავი დასრულდა. მოვიდა სოფლიდან ვიდეოები, რომ თქვენ ხართ ქურდები, ცხენის მპარველები, თათრები და ა.შ. საქართველოში რა გესაქმებათ. ვითომ გვპირდებიან ამაზე რეაგირებას, არავინ არ იცის, იქნება თუ არა რეაგირება…
უბრალოდ, გვინდა, რომ ზემდგომი ორგანოები – პრემიერი, სახალხო დამცველი ჩამოვიდეს, ვისაც კანონის მართლა ესმის და ჩვენ დაგვეხმარება, იმიტომ, რომ ამათი (ადგილობრივი ხელისუფლების) სიტყვა უკვე არაფერს არ ნიშნავს და არავინ არ ემორჩილება; იმიტომ, რომ ვინც აქ დგას, გურიაში მცხოვრები, ყველა გაწბილებულია, მოტყუებულია. გუშინდელი მოლაპარაკება იმიტომ არ შედგა, რომ არ ვენდობით მათ“.
კიდევ ერთმა ადგილობრივმა მუსლიმმა, რამაზ ჭარალიძემ „პუბლიკას“ უთხრა, რომ მნიშვნელოვანია, კონფლიქტის მოგვარების მიზნით გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ ხალხის მიერ შერჩეული წარმომადგენლები, გუშინდელ შეხვედრაზე კი ასე არ მომხდარა. ამიტომაც უშედეგოდ დასრულდა. ის ფიქრობს, რომ შეხვედრა შედეგიანი მაშინ იქნება, თუკი მას დაესწრება მუსლიმი ხოჯა, ქრისტიანი მღვდელი, ხალხის მიერ შერჩეული თემის წარმომადგენლები და დიალოგი ტელევიზიის საშუალებით პირდაპირ ეთერში გადაიცემა.
„დავსხდეთ, სადაც ისურვებენ, ოღონდ ტელევიზიების პირდაპირ ეთერში, დიალოგის სახით. დავსხდეთ და დავილაპარაკოთ, გავაანალიზოთ ყველაფერი. ჩვენ თუ გვექნება შეცდომები და გადაცდომები, გამოვალთ, ბოდიშს მოვიხდით დაზარალებულების წინაშე. მათ თუ აქვთ, გამოვიდნენ და ბოდიში მოიხადონ. აი, მას მერე მოხდება შერიგება. ასეთი შერიგება ვიცი მე და არა 5 კაცი ერთ კაბინეტში გამოკეტე, 10 კაცი გუბერნატორთან ჩაიყვანე… მეც ვიყავი შეხვედრაზე და არ მითქვამს, შევრიგდით-მეთქი. თუ შევრიგდით, ყველა უნდა შევრიგდეთ“.
ჩოხატაურში, მერიასთან სოფელ ბუკნარში მცხოვრები მუსლიმი თემის წარმომადგენლები და მათ მხარდასაჭერად ჩასული ადამიანები დილიდან არიან შეკრებილები.
ისინი მოითხოვენ მხარეებს შორის მოლაპარაკებას, სასულიერო პირებისა და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლების ჩართულობით.
ადგილზე იმყოფებიან არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და ჟურნალისტები.
ჩოხატაურის რაიონის სოფელ ბუკნარში ადგილობრივ ქრისტიანებსა და მუსლიმებს შორის, რელიგიურ ნიადაგზე, ფიზიკური დაპირისპირება 12 იანვარს მოხდა. მუსლიმი თემის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ დაპირისპირების მიზეზი სოფელში ნაყიდი საცხოვრებელი სახლი გახდა, რომელსაც სალოცავად იყენებენ. მათი თქმით, ადგილობრივი მუსლიმების ამ სურვილს ქრისტიანები ეწინააღმდეგებიან და მათ გამუდმებით ემუქრებიან.
12 იანვარს დაპირისპირების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა, მათ შორის, არასრულწლოვნებიც; 2 მათგანი ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანებით საავადმყოფოშიც გადაიყვანეს. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა.
ომბუდსმენი, არასამთავრობო ორგანიზაციები და უფლებადამცველები დისკრიმინაციული დამოკიდებულების თვალსაზრისით, საქართველოში მუსლიმი თემის პრობლემებზე საუბრობენ და ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებასა და სამართალდამცავ ორგანოებს ძალადობრივი პრაქტიკის პრევენციის, კონფლიქტის დეესკალაციისა და მომხდარზე დროული და ეფექტიანი გამოძიების უზრუნველსაყოფად ზომების მიღებისკენ მოუწოდებენ. ასევე, მათი აზრით, უნდა შემუშავდეს სტრატეგია, როგორ იქნას დაცული მუსლიმი თემის რელიგიური თავისუფლება, მეორე მხრივ ადგილობრივებს შორის მშვიდობის შენარჩუნება.