„წლებია, ჩვენი ხალხი ასე ცხოვრობს და მართლა იჩაგრება“ | მუსლიმი თემის წარმომადგენელი

პუბლიკა

ჩოხატაურში,  მერიასთან სოფელ ბუკნარში მცხოვრები მუსლიმი თემის წარმომადგენლები და მათ მხარდასაჭერად ჩასული ადამიანები არიან შეკრებილები.

ისინი მოითხოვენ მხარეებს შორის მოლაპარაკებას, სასულიერო პირებისა და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლების ჩართულობით.

ადგილზე იმყოფებიან არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და ჟურნალისტები.

ერთ-ერთი მუსლიმი თემიდან მუნიციპალიტეტის წარმომადგენელს მუსლიმი თემის ყოფაზე ესაუბრება. ვიდეო ამის შესახებ EMC-ის წარმომადგენელმა, თამთა მიქელაძემ გაავრცელა.

ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, რომ რელიგიურ ნიადაგზე მათ მუდმივად აქვთ პრობლემები. რამდენიმე წლის წინაც იყო მსგავსი პრობლემა, მაგრამ სახელმწიფოს არ გაუტარებია არანაირი პოლიტიკა იმისათვის, რომ ყველა რელიგიის წარმომადგენელს თანაბარ პირობებში ეცხოვრა ერთმანეთის გვერდით.

„ქართველობის მტკიცება არ უნდა მჭირდებოდეს, რომ მეც შენნაირი ქართველი ვარ, მიუხედავად იმისა, რომ რწმენა სხვა მაქვს, ან რატომ ვაფასებთ, საერთოდ, ვის რა გვწამს, რატომ ვსვამთ, საერთოდ, ამ კითხვას? ყველა ჩვენს თავში ვიყოთ თავისუფალი.

მე და ჩემი ოჯახი ადიგენში ვცხოვრობდით. მეორე კლასიდან მახსოვს, ჯერ კიდევ მაშინ,  მე, ამ პატარა ბიჭს, მაქვს ეს ძალადობა და დევნა ნანახი. დავიჩაგრეთ და იძულებულნი გავხდით, წამოვსულიყავით. ამის მერეც, ახალგაზრდა ბიჭი რომ ვიყავი, კვლავ შემექმნა პრობლემები სახელმიფოსგან, ისევ რელიგიის გამო, რადგან მე ჩემს რელიგიას პატივს ვცემ და ყველა ადამიანს პატივს ვცემ.

წლებია, ჩვენი ხალხი ასე ცხოვრობს და მართლა იჩაგრება”, – ამბობს მუსლიმი თემის წარმომადგენელი რეზო წულუკიძე.


ჩოხატაურის რაიონის სოფელ ბუკნარში ადგილობრივ ქრისტიანებსა და მუსლიმებს შორის, რელიგიურ ნიადაგზე, ფიზიკური დაპირისპირება 12 იანვარს მოხდა. მუსლიმი თემის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ დაპირისპირების მიზეზი სოფელში ნაყიდი საცხოვრებელი სახლი გახდა, რომელსაც ​სალოცავად იყენებენ. მათი თქმით, ადგილობრივი მუსლიმების ამ სურვილს ქრისტიანები ეწინააღმდეგებიან და მათ გამუდმებით ემუქრებიან.

12 იანვარს დაპირისპირების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა, მათ შორის, არასრულწლოვნებიც; 2 მათგანი ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანებით საავადმყოფოშიც გადაიყვანეს. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა.

ომბუდსმენი, არასამთავრობო ორგანიზაციები და უფლებადამცველები დისკრიმინაციული დამოკიდებულების თვალსაზრისით, საქართველოში მუსლიმი თემის პრობლემებზე საუბრობენ და ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებასა და სამართალდამცავ ორგანოებს ძალადობრივი პრაქტიკის პრევენციის, კონფლიქტის დეესკალაციისა და მომხდარზე დროული და ეფექტიანი გამოძიების უზრუნველსაყოფად ზომების მიღებისკენ მოუწოდებენ. ასევე, მათი აზრით, უნდა შემუშავდეს სტრატეგია, როგორ იქნას დაცული მუსლიმი თემის რელიგიური თავისუფლება, მეორე მხრივ ადგილობრივებს შორის მშვიდობის შენარჩუნება.