რატომაა შეჩერებული ლიტერატურული პერიოდიკის გამოცემა - რა პასუხი აქვთ სამინისტროში

პუბლიკა

„არილი“, „ახალი საუნჯე“, „ლიტარტურული გაზეთი“ – ბოლო რამდენიმე თვეა, რაც ლიტერატურულ პერიოდიკის გამოცემა შეჩერებულია. მწერლები კულტურის ახალ მინისტრს, თეა წულუკიანს აკრიტიკებენ, ვინაიდან დღემდე არ აქვთ პასუხი კითხვებზე, რატომ ხდება ეს და როდემდე გაგრძელდება?

„პუბლიკა“ კულტურის სამინისტროს დაუკავშირდა, რათა მეტი ინფორმაცია მიგვეღო, თუ რა მიზეზებითაა განპირობებული ლიტერატურული პერიოდიკის გამოცემის შეჩერება და რა კონკრეტული გეგმები აქვთ უწყებაში ამ მიმართულებით.

„სამინისტრო შეიქმნა 21 მარტს. 21 მაისისთვის, ანუ ორი თვის თავზე შექმნიდან, დამტკიცდება დაფინანსების წესი და გაგრძელდება შესაბამისი პროექტების დაფინანსება“, – განგვიცხადეს უწყებაში. მეტ დეტალზე უწყებაში არ საუბრობენ.

„ახალი საუნჯის“ გამომცემელმა, შოთა იათაშვილმა „ფორმულას“ ეთერში განაცხადა, რომ უკვე თვეებია, მწერლები რეორგანიზაციის მოლოდინში არიან და გაურკვეველია, კიდევ რამდენ ხანს უნდა ელოდნენ კონკრეტულ გადაწყვეტილებას.

„ეს იყო ყოველწლიური პრობლემა. ახალი წელი როდესაც იწყებოდა, იყო ტანჯვა-წამება ყოველთვის, ორი-სამი თვე. ხანდახან მეოთხე თვეშიც კი გადავიდოდა ხოლმე ბიუროკრატიული მექანიზმი, სანამ კულტურის სამინისტრო მოვიდოდა გონს, სანამ ახალი ტენდერი დაინიშნებოდა, სანამ გადაწყვეტილებები საბოლოო ზღვარს მიაღწევდა, პერიოდიკა ჩერდებოდა. პერიოდიკა რას ნიშნავს, უნდა იყოს უწყვეტი და თანდათან ეს ყველაფერი გაფუჭდა, რადგან, თუ თავიდან ეს გამოდიოდა თვეში ერთხელ – 12 ნომერი, შარშან, მაგალითად, გამოვიდა მხოლოდ 6 ნომერი, იმიტომ, რომ ინფლაციის პროცესი წავიდა. ამ დროს კი არ უნდა შემცირდეს დაფინანსება, მინიმუმ, უნდა შენარჩუნდეს. უკვე 5 თვეა, შეჩერებულია (დაფინანსება), რეორგანიზაცია – ეს სიტყვა გვესმის და დაველოდეთ კიდეც. დიდი ხანი ველოდეთ. მარტში ხომ დაინიშნა ახალი კულტურის მინისტრი, თითქმის ორი თვე ხომ გავიდა, რამდენი ხანი უნდა ველოდოთ?“, – აცხადებს იათაშვილი.

„ლიტერატურული გაზეთის“ ტექნიკური რედაქტორი თეა ყიფშიძე ამბობს, რომ მნიშვნელოვანია, კულტურის სამინისტროს მხრიდან პასუხი გაეცეს ორ კითხვას, – რატომ ხდება ეს და როდემდე გაგრძელდება? მისივე თქმით, 13 მაისს მწერალთა სახლში მინისტრთან შეხვედრაა დაგეგმილი და იმედოვნებს, რომ ყველა კითხვას გაეცემა პასუხი.

„ლიტერატურული გაზეთი“ ეკუთვნის მწერალთა სახლს. ეს არის მისი ორგანო, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენს შემთხვევაში დაფინანსება არ შეწყვეტილა, აქვს მწერალთა სახლის თანხა. ჩვენ ვერ გამოვდივართ წმინდა ტექნიკური პრობლემის გამო, ვინაიდან არ გვაქვს ნებართვა, რომ გამოვაცხადოთ ტენდერი ბეჭდვაზე. ეს ძალიან სასაცილო პრობლემაა, რადგან, რეალურად, ამისი მოგვარება ძალიან მარტივია ერთი ნებართვის წერილით. რეალურად, საჭიროა ნებართვა, მთავრობაზე გატანა და გამარტივებული შესყიდვის გამოცხადება. როცა 1 იანვრიდან იყო საუბარი, რომ გაზეთი უნდა გაჩერებულიყო, რადგან, სავარაუდოდ, 3 თვეში ახალი უწყება უნდა ჩამოყალიბებულიყო, მწერალთა სახლმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ საკუთარი შემოსავლით დაეფინანსებინა გაზეთის 5 ნომერი, ამიტომ 29 მარტამდე ჩვენი გაზეთი გამოვიდა.

საკუთარი შემოსავალიც დამოკიდებულია იმაზე, მწერალთა სახლს რა შეიძლება ჰქონდეს და ამ პანდემიის პირობებში ეს აღარ იყო. ამიტომ გავჩერდით და მოლოდინის რეჟიმში გადავედით, როდის გაირკვევა. ჩვენ ვიცით, რომ დაფინანსება გვაქვს. ჩვენ არ ველოდებით, განსხვავებით ჟურნალებისგან, ყოველწლიური კონკურსის გამოცხადებას. ამას გარდა, ორი მნიშვნელოვანი კითხვაა, რატომ ხდება ეს? ვფიქრობ, პირველი სამი თვე, სანამ სამინისტრო გაიყოფოდა, ეს იყო უბრალო სიფრთხილე, რომ „მერე რაღაც შესაცვლელი გვექნება “და ზედმეტ რუტინას თავი აარიდეს. მეორე კითხვაა – როდემდე?“, – განაცხადა ყიფშიძემ „ფორმულას“ ეთერში.

მწერალი რატი ამაღლობელი კულტურის ახალ მინისტრს აკრიტიკებს და ფიქრობს, რომ შექმნილი სიტუაცია ძალიან „დამამცირებელი და შეურაცხმყოფელია“.

„კულტურის სამინისტროში უნდა მუშაობდეს სისტემა და არა რაღაც გვარი და სახელი ახალი მინისტრისა, რომელიც ცდილობს, პირად ურთიერთობაში შევიდეს ძველი ჩინოვნიკივით, საბჭოთა „აპარატშნიკივით“ გაიცნოს ვიღაცები, მოუსინჯოს პულსი, როგორი დამოკიდებულება აქვს რომელიმე პარტიის მიმართ, რომელიც შეიძლება ძალაუფლებაშია და ეს არის ყველაფერი კალენდრის საწინააღმდეგოდ, დროის საწინააღმდეგოდ.

რასაც ვხედავ, ასეთ შთაბეჭდილებას ტოვებს. ცდილობს, ისედაც დაუძლურებული სფერო ლიტერატურისა, ხელოვნებისა, როცა ამ კოვიდპანდემიის დროს წერა აღარ არის, გამოფენა არ არის, კონცერტი არ არის, არაფერი არ არის, ამ დროს ეს არის დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი. ეს ერთმნიშვნელოვნად ნიშნავს იმას,  რომ ის ცდილობს თავისი ლოკალური ძალაუფლების მოპოვებას, რომელიც ჰა-ჰა 1-2 წელი გაგარძელდეს“, – ამბობს რატი ამაღლობელი „ფორმულას“ ეთერში.