რელიგიური კონფესიების სკოლა-პანსიონები კვლავ პრობლემურ საკითხად რჩება - ომბუდსმენი

პუბლიკა

რელიგიური კონფესიების დაქვემდებარებაში მყოფი სკოლა-პანსიონების ფუნქციონირება ქვეყანაში ერთ-ერთ პრობლემურ საკითხად რჩება და ის პანსიონების ლიცენზირების, სახელმწიფო კონტროლის უმოქმედობისა და სააღმზრდელო გარემოს ბენეფიციართა ინდივიდუალურ საჭიროებებზე ორიენტირების საკითხებს უკავშირდება, – ამის შესახებ აღნიშნულია 2019 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველის ანგარიშში.

ომბუდსმენი წერს, რომ რელიგიური პანსიონების უმეტესობა დიდი ზომის ინსტიტუციებია, რაც დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის მიზნებს არ შეესაბამება. სახელმწიფოს ამ დრომდე არ აქვს სრული ინფორმაცია ქვეყანაში არსებული რელიგიური სკოლა-პანსიონების შესახებ. მათგან ლიცენზირებულია მხოლოდ ნინოწმინდაში, ბედიანსა და ფერიაზე არსებული სკოლა-პანსიონები.

სახალხო დამცველის აპარატმა მოკვლევის შედეგად დაადგინა, რომ ფერიაზე არსებულ სკოლა-პანსიონში 101 არასრულწლოვანი, ნინოწმინდის სკოლა-პანსიონში – 73, ბედიანის ცენტრში კი – 6 ბენეფიციარი ირიცხება.

„რელიგიურ სკოლა-პანსიონებში უზრუნველყოფილი არ არის ბავშვებისთვის ოჯახთან მიახლოებული გარემო. ვერ ხდება მათი საჭიროებების სათანადოდ გამოვლენა და ბავშვისადმი ინდივიდუალური მიდგომა. მაღალია ინსტიტუციური ძალადობის რისკები. ამასთან, რიგ შემთხვევებში, სოციალური მუშაკის როლი მხოლოდ ფორმალურია და თითოეული ბენეფიციარის ინტერესებისა და საჭიროებების დაცვას ვერ უზრუნველყოფს.

პრობლემურია მუსლიმური კონფესიის დაქვემდებარებაში არსებული პანსიონების ლიცენზირების საკითხი. ამ მიმართულებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სახელმწიფოსა და პანსიონების ადმინისტრაციას შორის ეფექტიანი კომუნიკაცია და მათი ინფორმირება ლიცენზირების სტანდარტებთან დაკავშირებით, არასრულწლოვანი ბენეფიციარების ინტერესების გათვალისწინებით.

საგანგაშოა ის ფაქტი, რომ სახალხო დამცველის რწმუნებულებს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს ა(ა)იპ ჯავახეთის ნინოწმინდის წმინდა ნინოს ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონის წარმომადგენლები არ აძლევენ პანსიონში მონიტორინგის ჩატარების შესაძლებლობას, მაშინ, როდესაც, სახალხო დამცველი თავის არაერთ ანგარიშში უთითებდა აღნიშნულ პანსიონში მცხოვრები ბავშვების განსაკუთრებით მძიმე უფლებრივ მდგომარეობაზე. მიუხედავად ამისა, მინიმალურია სახელმწიფოს როლი ამ კონკრეტულ პანსიონთან მუშაობის პროცესში. შეუძლებელია იმგვარი მონიტორინგის ჩატარება, რომელიც შესაძლებელს გახდიდა ბავშვის უფლებადარღვევის თითოეული ფაქტის, განსაკუთრებით, ბავშვის მიმართ ძალადობის შემთხვევების დროულ გამოვლენას”, – ვკითხულობთ ანგარიშში.