რეპრესიული კანონების გამო საქართველოში საქმიანობა ფრიდრიხ ნაუმანის ფონდმაც შეწყვიტა 

პუბლიკა

რეპრესიული კანონების გამო საქართველოში საქმიანობა ფრიდრიხ ნაუმანის ფონდმაც (FNF) შეწყვიტა.

ფონდის განცხადებით, გადაწყვეტილება 30 სექტემბერს ფონდის საბჭომ მიიღო, ვინაიდან  საქართველოში მოქმედი კანონმდებლობისა და ხელისუფლების მიერ დაწესებული პირობების გამო ქვეყანაში საქმიანობის გაგრძელება შეუძლებელი გახდა.

„საქართველოს მთავრობის ქმედებები FNF-ს ქვეყანაში საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობას აღარ აძლევს“, – ნათქვამია ფონდის განცხადებაში.

FNF წერს, რომ 2026 წელს ფონდმა ახალი „გრანტების შესახებ“ კანონის საფუძველზე განაცხადი შეიტანა, რათა საქართველოში პროექტების დაფინანსება და პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა გაეგრძელებინა.

ფონდის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებამ მოითხოვა, რომ პროგრამების თითოეული კომპონენტი მთავრობის პრიორიტეტებისთვის დაექვემდებარებინათ – ფონდის ყველა საქმიანობას შესაბამისი ნებართვა სჭირდებოდა.

„ასეთი პირობები არსებითად ზღუდავს იმ მოქმედების თავისუფლებას, რომელიც ლიბერალური ფონდის საქმიანობისთვის აუცილებელია“, – აცხადებს FNF.

ფონდის ინფორმაციით, 2026 წლის 28 ივლისს განაცხადიარ დაკმაყოფილდა. ამის შემდეგ ორგანიზაციამ გადაწყვიტა, საქართველოში საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობა აღარ არსებობს ისე, რომ ფონდის ღირებულებები და პრინციპები დაცული იყოს.

თავისუფლებისთვის ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი საქართველოში 2002 წლიდან მუშაობდა. ამ პერიოდში ორგანიზაცია თანამშრომლობდა სხვადასხვა პარტნიორ ორგანიზაციასთან და ლიბერალურ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ფიგურებთან.

ფონდის განცხადებით, მისი საქმიანობა საქართველოში თავისუფალი საზოგადოების, ქვეყნის ევროპული მომავლისა და საზოგადოებებს შორის დიალოგის ხელშეწყობას ემსახურებოდა.

„ჩვენ კვლავაც სოლიდარულად ვიქნებით ყველა იმ ქართველის მიმართ, ვინც საკუთარ ქვეყანაში თავისუფალი და დემოკრატიული წესრიგის დამკვიდრებისთვის იბრძვის“, – აცხადებს ფონდი.

ორგანიზაციის განცხადებით, „ნაუმანის ფონდი“ გააგრძელებს ამ ადამიანების მხარდაჭერას საზღვარგარეთ და მათი ხმის გაჟღერებას.

FNF ასევე აღნიშნავს, რომ ბოლო წლებში საქართველოში დემოკრატიული და თავისუფალი წესრიგისთვის მომუშავე პარტნიორებს სულ უფრო ხშირად უწევდათ პირადი რისკების გაწევა.

„საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს დიდი შეშფოთებით ვაკვირდებით“, – ნათქვამია ფონდის განცხადებაში.

გუშინ, 1 სექტემბერს „კონრად ადენაუერის ფონდმაც“ განაცხადა, რომ რეპრესიული კანონების გამო საქართველოში საქმიანობას წყვეტს.