რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმები აქციას მართავენ

პუბლიკა

რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლები აქციას მართავენ. დილიდან ექიმები კლინიკის მისაღებში არიან შეკრებილები.

აქციაზე შეკრებილი ექიმები ამბობენ, რომ მათი მთავარი მოთხოვნაა რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით ზუსტი და ამომწურავი ინფორმაციის მიღება და შენობის რეაბილიტაციის პარალელურად მუშაობის უწყვეტი რეჟიმი.

აქციაზე შეკრებილი ექიმები პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას მოითხოვენ.

„თვეზე მეტია, დაახლოებით, ვერაფრით ვერ გავიგეთ, რა ხდება რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით კონკრეტულად. ის, რომ რესპუბლიკური საავადმყოფო უნდა დაინგრეს, გავიგეთ მინისტრის სატელევიზიო ინტერვიუდან 1 თვის წინ და მას მერე არანაირი კომუნიკაცია სამინისტროს წარმომადგენლებთან არ ყოფილა, ადმინისტრაცია კითხვებზე პასუხს ვერ გვცემს და დამოკიდებულია სამინისტროს პოზიციაზე. სამინისტროს პოზიცია არის ყოველთვის გაუგებარი და ურთიერთგამომრიცხავი – ის, რასაც ვიგებთ მინისტრისგან და მინისტრის მოადგილისგან, სატელევიზო ინტერვიუებიდან.

ჩვენი მიზანია, გავიგოთ კონკრეტული გეგმა – როგორ უნდა მოხდეს რესპუბლიკური საავადმყოფოს რეაბილიტაცია, რა დაემარეთება სამედიციო პერსონალს; ამ კლინიკის ფარგლებში, ჩვენი შეხედულებით, არის იმის საშუალება, რომ რეაბილიტაციის პერიოდში არ შეწყდეს არც სამედიცინო საქმიანობა, არც საგანმანათლებლო საქმიანობა და კონკრეტულ კითხვეზე კონკრეტული პასუხები მივიღოთ.“

„ჩვენი მთავარი მოთხოვნაა, გვქონდეს ობიექტური, თანმიმდევრული და რეალისტური ინფორმაცია; ჩვენ ვიმყოფებით ინფორმაციულ ვაკუუმში, ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია. დღეს არის ერთი, ხვალ საპირისპირო ინფორმაცია… ეს არის ქაოტური. ეს არის ჩვენი აღელვების მიზეზი. აქ გაჟღერდა, რომ რესპუბლიკური საავადმყოფო არის პროგრესის წინააღმდეგი – ეს არის სრულიად მცდარი ინფორმაცია, რესპუბლიკური საავადმყოფო ყოველთვის იყო პროგრესის ავანგარდში, მედიცინის ავანგარდში, ამის დაბრალება, რომ ჩვენ პროგრესს ვეწინააღმდეგებით, აბსოლუტურად არამართებულია“, – აცხადებენ აქციაზე მყოფი ექიმები „მთავარ არხთან“ ინტერვიუში.

22 მარტს, რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებმა ხელისუფლებას ღია წერილით მიმართეს და მოუწოდეს, არ დაუშვან კლინიკის დანგრევა და მისი ადგილმდებარეობის შეცვლა.

ღია წერილში, რომელიც რესპუბლიკურის თანამშრომლებმა საავადმყოფოს facebook-გვერდზე გაავრცელეს, ნათქვამია, რომ მათთვის მოულოდნელად ჯანდაცვის მინისტრმა რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობის ნგრევა დააანონსა, მისი მდებარეობისა და კონცეფციის გაურკვეველი პერსპექტივით.

„რესპუბლიკური საავადმყოფოს კომერციალიზაცია სრულიად გამორიცხულია. კლინიკა არის და იქნება სახელმწიფოსთვის ჯანდაცვის სერვისების მიწოდების მთავარი საყრდენი“, – განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ.

მისი თქმით, ახალი, თანამედროვე სტანდარტებისა და მაღალტექნოლოგიურად აღჭურვილი სახელმწიფო კლინიკა ზუსტად იმავე ადგილზე მოეწყობა, სადაც დღეს, რესპუბლიკური საავადმყოფო მდებარეობს.