რიკოთზე გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებულები მეორე დღეა მუშაობაზე უარს აცხადებენ

პუბლიკა

რიკოთზე ერთ-ერთი გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებული 40-მდე მუშა პროტესტის ნიშნად მეორე დღეა, მუშაობაზე უარს აცხადებს. ისინი ხელფასის მომატებას მოითხოვენ. გვირაბის მშენებლობა შეჩერებულია.

ტელეკომპანია „რუსთავი 2-თან“ პროტესტის მონაწილე მუშები ამბობენ, რომ მათი ყოველდღიური ანაზღაურება ძალიან მწირია. ისინი მძიმე და ღირსების შემლახავ სამუშაო გარემოსა და პირობებზეც საუბრობენ. მუშებმა  ტელეკომპანია „რუსთავი 2-ს“  სამუშაო გარემოს ამსახველი ვიდეო მიაწოდეს. 

„გზის ფული, ჭამის ფული… ეს 20 ლარი არაა საკმარისი. ოჯახები გვყავს. ამიტომ პირველ რიგში ხელფასის მომატებას ვითხოვთ. ამის შემდეგ კი არის კიდევ ისეთი რაღაცები, რაც მოსაგვარებელია – უსაფრთხოების ამბავში, პირობები და ა.შ.“, – ამბობს ტელეკომპანიასთან ფრიდონ ბახტაძე.

ერთ-ერთი მუშა აცხადებს, რომ პროტესტს რამდენჯერმე მიმართეს, მაგრამ მათ მოთხოვნებს კომპანია არ პასუხობს.

„მივდივართ სახლში 22 ლარით, ისიც გზაში გვიჯდება. ამ წუთში ვითხოვთ 10 ლარის დამატებას და არავინ არ არის ჩვენთვის ყურადღების მომქცევი“, – ამბობს ერთ-ერთი მუშა.

კომპანიის წარმომადგენელი თენ შუელია ტელეკომპანია „რუსთავი 2-თან“ ამბობს, რომ ამ ეტაპზე ხელფასების მომატების რესურსი  არ აქვთ.