ავტომაგისტრალის მშენებლობაზე დასაქმებული მუშები გაიფიცნენ

პუბლიკა

თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალის ერთ-ერთ მონაკვეთზე დასაქმებული მუშები ხელფასის გაზრდის მოთხოვნით გაიფიცნენ. მუშები ამბობენ, რომ მათი ყოველდღიური ანაზღაურება, საშუალოდ, 28 ლარია და მის 30-მდე გაზრდას მოითხოვენ.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მიმდინარე მშენებლობაზე დასაქმებულები ჩივიან, რომ რთულ სამუშაოსთან ერთად მათვე უწევთ საკვებისა და ტრანსპორტის ხარჯის გადახდა, პრობლემები აქვთ შესაბამის ეკიპირებაზეც, ხელფასი კი ამ ყველაფრის ფონზე ძალიან მცირეა.

„ჩვენ ვიხდით „მარშრუტკის“ ფულს. ზოგი სურამიდან დადის, ზოგი – ხაშურიდან, ზოგი ზესტაფონიდან. 30 ლარს ვიხდით, ზოგი 100 ლარს იხდის, ზოგიც – 150-ს. საჭმელიც ჩვენ მოგვაქვს სახლებიდან და ეს ხელფასი აღარაფერია, დღევანდელი ცხოვრებიდან გამომდინარე. ადმინისტრაცია იყო გუშინ მოსული და გვითხრეს, რომ არ იქნება ხელფასის მატება. თქვენ საკმარისი ხელფასი გაქვთო“, – ამბობს აქციის მონაწილე სერგო გელაშვილი ჟურნალისტებთან.

აქციის მონაწილეები ხელფასის მატებასთან ერთად შრომის პირობების გაუმჯობესებას, მათ შორის, კომპანიის მხრიდან მუშებისთვის ტრანსპორტის დანიშვნას და ზეგანაკვეთური შრომის განსხვავებულად დათვლას მოითხოვენ.

კომპანიის ადმინისტრაცია კი დასაქმებულთა მოთხოვნების განსახილველად ერთკვირიან ვადას მოითხოვს.

„ყველას ერთნაირად ვერ მოემატება ხელფასი. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ ვინ რა სამუშაოს ასრულებს. კომპანია აუცილებლად განიხილავს მათ მოთხოვნებს, ჩვენთვის გუშინ გახდა ცნობილი აღნიშნულის შესახებ.

ერთი კვირის ვადას მოითხოს კომპანია. გარდა ამისა, მოითხოვს 10-15 კაცისგან შემდგარი ჯგუფის გამოყოფას. რეგულაციების დაცვით მოხდება მათთან შეხვედრა, აღნიშნული საკითხის განხილვა და გარკვეულ მოლაპარაკებამდე მივალთ“, – ამბობს გიზო კუტალაძე.

გაფიცული მუშები ამბობენ, რომ პროტესტი მათი მოთხოვნების შესრულებამდე არ შეწყდება. ერთ-ერთი დასაქმებულის, ნიკა კაპანაძის თქმით, ამ დროისთვის ავტომაგისტრალის მშენებლობაზე 200-მდე დასაქმებულია გაფიცული.