მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“, რომელიც ნამახვანჰესის მშენებლობას წელიწადზე მეტია, აპროტესტებს, აუდიტორული კომპანიის მიერ მომზადებულ დასკვნას აქვეყნებს, თავიანთი ფინანსური მდგომარეობის შესახებ.
როგორც „რიონის ხეობის მცველები“ აღნიშნავენ, აუდიტორული სამუშაოები კომპანია შპს „ეკონომაუდიტმა“ ჩაატარა.
„ხანგრძლივი პროტესტის მანძილზე მოძრაობის ფინანსების წარმოშობასა და ხარჯების მიზნობრიობასთან დაკავშირებით ოპონენტების მიერ არაერთი ეჭვი გამოითქვა. ჩვენს ფეისბუქგვერდზეც და მედიასივრცეშიც ბევრჯერ განვმარტეთ, რომ ფინანსურად გვეხმარებიან კერძო პირები, უმეტესად ემიგრანტები და ისინი ამ შემოწირულობებით მონაწილეობენ პროტესტში“, – აღნიშნავს მოძრაობა.
როგორც „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ აღნიშნავს, მათ გადაწყვიტეს, მიემართათ აუდიტორული კომპანიისთვის, რათა ყველასთვის ცხადი ყოფილიყო, ვისგან რა თანხა მიიღო მოძრაობამ, როგორ განიკარგა მიღებული შეწირულობები, ჰქონდათ თუ არა ამ მხრივ კანონთან შეუსაბამობა და ამით ამოიწუროს ეს საკითხი.
„დამოუკიდებელი მარწმუნებელი დასკვნა მოიცავს დაარსებიდან, 2018 წლის 17 ივნისიდან 2021 წლის 31 ივლისს დასრულებულ საანგარიშო პერიოდს. აუდიტორის აზრით, „ა(ა)იპ საზოგადოებრივი მოძრაობა რიონის ხეობის გადარჩენისთვის, ყველა არსებითი ასპექტის გათვალისწინებით, იცავს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ფინანსური ანგარიშგების სტანდარტის მოთხოვნებს“, – აღნიშნულია მათ განცხადებაში.
რა წერია აუდიტის დასკვნაში?
შესრულებული სამუშაოს მოკლე მიმოხილვა:
- მოვიძიეთ და გავეცანით საზოგადოებრივი მოძრაობის სადამფუძნებლო დოკუმენტაციას, მისიას და მიზნებს;
- შევადარეთ საბუღალტრო პროგრამაში არსებული მონაცემები დამკვეთისაგან მოწოდებულ ფინანსურ ინფორმაციას;
- შევამოწმეთ დამკვეთისაგან მოწოდებული ფინანსური ინფორმაციის არითმეტიკული სისწორე;
- შევამოწმეთ საგადასახადო კოდექსის შესაბამისად წარსადგენი დეკლარაციებისა და გადასახდელი გადასახადების სისწორე;
- შევამოწმეთ ორგანიზაციის სახელზე აღრიცხული ძირითადი საშუალებების არსებობის , წარმოშობისა და უფლება-ვალდებულების მართებულობა;
- შევამოწმეთ ორგანიზაციაში განხორციელებული ოპერაციებისა და ტრანზაქციების დროში გამიჯვნის პროცედურების სისწორე;
- მოვიპოვეთ და შევამოწმეთ საზოგადოებრივი მოძრაობის საბანკო ანგარიშებზე არსებული თანხების მოძრაობის ამსახველი დოკუმენტი.
„ვეყრდნობით რა მხოლოდ აღწერილი პროცედურებით გათვალისწინებული სამუშაოების ჩატარების შედეგებს, ვთვლით, რომ ვარაუდები, რომლებსაც ეფუძვნება ფინანსური ინფორმაცია, დასაბუთებულია“, – აღნიშნავს აუდიტი.
განსახილველ საკითხზე აუდიტის დასკვნაში ვკითულობთ:
„ჩვენი აზრით, ა(ა)იპ საზოგადოებრივი მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“, ყველა არსებითი ასპექტის გათვალისწინებით, იცავს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ფინანსური ანგარიშგების სტანდარტის მოთხოვნებს“, – წერს აუდიტი.
აუდიტის დასკვნაში მითითებულია, რომ ანგარიშგებას საქმიანობის შესახებ შემოწირულობების რაოდენობა 284 ათას ლარამდეა:
აუდიტის სრული ანგარიშის სანახავად, გადადით ბმულზე.
რიონის ხეობის მცველებისა და მათი მხარდამჭერების პროტესტისა და ასევე, მათ მიერ გამართული აქციების პარალელურად, სხვადასხვა მედიასაშუალებებსა თუ სოციალურ ქსელში ხშირად ისმებოდა შეკითხვა – საიდან აქვთ აქციის ორგანიზატორებს დაფინანსება? როგორ ახერხებენ სასცენო აპარატურის შეძენას? და ა.შ. მოძრაობის ლიდერი, ვარლამ გოლეთიანი ამბობდა, რომ პროტესტის დაფინანსების სურვილს, ადგილობრივებთან ერთად, ემიგრაციაში მყოფი მხარდამჭერებიც გამოხატავენ.
მაშინ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამტკიცებდა, რომ მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ და მათი მხარდამჭერები დიდი ფულით არის დაფინანსებული და კომერციული და პოლიტიკური ინტერესები იკვეთება.
კობახიძემ ისიც აღნიშნა, რომ, თუ აქციის ორგანიზატორები საზოგადოებას დაფინანსებასთან დაკავშირებით ინფორმაციას არ მიაწვდიან, ამას თვითონ გააკეთებენ. ამ განცხადების პასუხად მოძრაობის ლიდერმა, ვარლამ გოლეთიანმა აღნიშნა, რომ რაკი დაფინანსების საკითხი გახდა განხილვის საგანი, მათ დაიქირავეს აუდიტი.