„რკინიგზის საქმეზე“ 8 ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა, მათგან ორს - დაუსწრებლად

პუბლიკა

„რკინიგზის საქმეზე“ 8 ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა, მათ შორის, „საქართველოს რკინიგზის“ ყოფილ დირექტორს დავით ფერაძესა და ერთ-ერთი კომპანიის მფლობელს, ზაზა ბიძინაშვილს – დაუსწრებლად. მათზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდება.

საქმეზე ბრალდებულები არიან:

  • დავით ფერაძე – „რკინიგზის“ ყოფილი დირექტორი
  • გიორგი მარუქაშვილი – „რიკინიგზის“ ინფრასტრუქტურის ყოფილი დირექტორი
  • მალხაზ ომარაშვილი – შპს „კახეთის” დამფუძნებელი და დირექტორი
  • გიორგი კურტანიძე – შპს ნოვა ტრანსის დამფუძნებელი და დირექტორი
  • ალექსანდრე ტორიაშვილი – შპს „ჯადექსას” დამფუძნებელი და დირექტორი
  •  ზაზა ბიძინაშვილი – შპს სამშენებლო-სარემონტო კომპანია „ხურო“
  • ანზორ ჯამალაშვილი – შპს „გრანდ კახეთი“
  •  რევაზ რევაზიშვილი – შპს „რაველდის” დირექტორი.

პროკურატურა ბრალდებულებს კორუფციული სქემით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის მიღებას ედავება.

ისინი ბრალდებულები არიან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი დიდი ოდენობით თაღლითობის, აღნიშნული დანაშაულის ჩადენაში დახმარების, ჯგუფურად ჩადენილი ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტის დამზადებისა და გამოყენების, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებისა და გამოყენების, ამავე დანაშაულის ჩადენაში დახმარების, ასევე ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მუხლებით.

ბრალდებულები ბრალს არ აღიარებენ. ადვოკატები სასამართლოს მათი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას, ალტერნატივად კი გირაოს სთავაზობდნენ.