რკინის ბარიკადები აიღეს, მაგრამ გადაადგილების საშუალება არ გვეძლევა - გოლეთიანი

პუბლიკა

აქტივისტ ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, გუმათჰესთან შსს-ს მიერ ბარიკადების აღების მიუხედავად, მათ ამ დრომდე არ ეძლევათ გადაადგილების საშუალება.

„თქვენ იცით, რომ ბარიკადები აღებულია გუმათჰესთან, თუმცა ამას არასწორი ინტერპრეტაციები მოჰყვა, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი პირობები იყო ასეთი – უნდა აღებულიყო ბარიკადები, ჩვენ უნდა მოგვცემოდა გზაზე გადაადგილების შესაძლობა, გასულიყო პოლიცია, ასევე პროკურატურას უნდა გაეკეთებინა განცხადება დაკავებულებთან დაკავშირებით და პროტესტის ძირითად ადგილზე უნდა გადაგვენაცვლა, სადაც ვიყავით ნამახვანში. დღეს აიღეს ბარიკადები, მაგრამ გადაადგილების საშუალება არ მოგვეცა.

ჩვენ რომ მივიდეთ იმ ადგილზე, სადაც ბარიკადი იდგა, დგას პილიცია და გადაადგლების საშულება არ გვეძლევა და ითქვა, რომ ჩვენ უნდა მოვილაპარაკოთ ამასთან დაკავშირებით, ვინც იყო შაბათის შეხვედრაზე, უნდა შვხვდეთ ისევ და უნდა გვქონდეს ამ საკითხებთან დაკავშირებით საუბარი, რა ფორმით და როგორ შევიდეთ ხეობაში“, – ამბობს გოლეთიანი.

მისივე თქმით, ბარიკადების აღების შემდეგ კომპანია „ენკას“ მანქანები მივიდნენ იმ ადგილას, სადაც აქამდე ბარიკადები იყო განთავსებული და გადაადგილება დააპირეს, რასაც „რიონის ხეობის მცველების“ მხრიდან მოჰყვა პროტესტი. მისი თქმით, არასწორად და უსამართლოდ იქცევა ხელისუფლება, რადგან სურთ ისე წარმოაჩინონ, რომ „მათი მხრიდან ყველა პირობა შესრულდა, „რიონის ხეობის მცველებმა“ კი პირობა არ შეასრულეს“, რაც გოლეთიანის განმარტებით, არასწორი ინტერპრეტაციაა და მედიაციის პროცესის ჩაშლის მცდელობა.

„განვუმარტე, რომ, რაკი ჩვენ არ გვეძლევა გადაადგილების საშუალება, დღეს ვერც ჩვენ მივცემდით აქ გავლის საშულებას, რადგან პირობა არ შესრულდა, არსებითად. ფორმალურად აიღეს ბარიკადი, მაგრამ შინაარსობრივად არაფერი არ შეცვლილა – როგორც აქამდე არ გვეძლეოდა, არც ახლაც გვძლევა გადაადგილების საშუალება.

თუკი ხვალ ჩვენთვის უკვე შეიცვლება მოცემულობა და ჩვენ მოგვეცემა გადაადგილების საშუალება და ნამახვანში დაბუნება, ამის შემდეგ, ბუნებრივია, კომპანიაც შეძლებს, რომ გაიაროს და შემდეგ ჩაინიშნება შემდეგი შეხვედრა და იქ ვისაუბრებთ სამუშაოების შეჩერებასთან დაკავშირებით. დიალოგი მაგიდასთან – ეს იყო გეგმა, თუმცა დარღვეულია ეს გეგმა ხელისუფლებისა და კომპანიის მხრიდან, ანუ ჩვენ არ მოგვეცა რეალურად გადაადგილების შესაძლებლობა. სხვა პირობები არ დაკმაყოფილებულა. მხოლოდ ეს დაკმაყოფილდა, ბარიკადის აღება“, – ამბობს გოლეთიანი.

გუმათჰესთან პოლიციამ რკინის ბარიკადების აშლა დღეს, დღის მეორე ნახევრიდან დაიწყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს თქმით, პოლიციის თანამშომლები გუმათჰესთან და რიონის ხეობაში, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, კვლავ დარჩებიან და საზოგადოებრივ წესრიგს დაიცავენ.

ბარიკადების აღება არის ერთ-ერთი წინაპირობა ნამახვანჰესთან დაკავშირებით ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების შუამავლობით მედიაციის დასაწყებად.

პირველი შეხვედრა მედიატორის მონაწილეობით შაბათს, 12 ივნისს გაიმართა.

შეხვედრის შემდეგ აქტივისტმა, ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, რომ მედიაციის დასაწყებად წამოყენებულ რამდენიმე წინაპირობაზე პასუხი გადაწყვეტილების მიმღებ პირებს პარასკევამდე უნდა ეთქვათ. საუბარია ბარიკადების აღებაზე, ხეობიდან პოლიციის გასვლასა და პროტესტის ნამოხვანში დაბრუნებაზე. გოლეთიანის განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ ეს პირობები შესრულდება, შემდეგ შეხვედრაზე დღის წესრიგში კვლავ დადგება შემდგომი წინაპირობა, ხეობაში სამუშაოების შეჩერების შესახებ.

როგორც მედიატორის, დირკ ბუშლეს განცხადებაშია აღნიშნული, შეხვედრაზე მთავრობამ აიღო ვალდებულება, რომ შეცვლის არსებულ ბარიერებს და მთავარ გზაზე წვდომას უზრუნველყოფს. მეორე მხრივ, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა აიღეს ვალდებულება, რომ არ დაბლოკავენ სამშენებლო მოედნისკენ მიმავალ გზას.

ვარლამ გოლეთიანი „პუბლიკასთან” საუბრისას აცხადებდა, თუ პოლიცია ბარიკადებს აიღებს, ისინი გადაინაცვლებენ სოფელ ნამოხვანში. აქტივისტები აღარ იქნებიან იმ 7 ლოკაციაზე, საიდანაც კომპანიის მანქანებს გადაადგილებას უზღუდავდნენ. შემდეგ კი შეხვედრების ფორმატში დააყენებენ საკითხს სამუშაოების შეჩერების შესახებ.