როცა სასჯელს მოიხდის, თუ ის ბერად შედგომას გადაწყვეტს, შეუძლია წავიდეს - სუბარი სააკაშვილზე

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრი სოზარ სუბარი მიხეილ სააკაშვილის შინაპატიმრობის ინიციატივას ეხმაურება და აცხადებს, რომ სააკაშვილმა სასჯელი საპატიმროში უნდა მოიხადოს, ამის შემდეგ თუ მონასტერში წასვლას გადაწყვეტს, შეუძლია წავიდეს.

„სააკაშვილს მისჯილი აქვს 6 წელი და ამ 6 წლის მოხდა მოუწევს საპატიმროში. გარდა ამისა, მიმდინარეობს რამდენიმე სისხლის სამართლის საქმე, სასამართლო განხილვებია და როგორ დამთავრდება, ეს ჯერ არ ვიცით. როცა მოიხდის სასჯელს, თუ ის ბერად შედგომას გადაწყვეტს, ბუნებრივია, შეუძლია წავიდეს, მეუფე ნიკოლოზთან და სადაც უნდა, რომელ მონასტერშიც უნდა.

მახსენდება სულხან-საბას ცნობილი იგავი „მელი მოძღვრად“ და რამდენად გამოდგება მოძღვრად ეს ადამიანი, ვერ გეტყვით“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა „ჯორჯიან თაიმსთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ აქვს შეთავაზება ხელისუფლებასთან მიხეილ სააკაშვილი შინაპატიმრობაში მის ეპარქიაში გადაიყვანონ.