როდესაც კითხვას სვამთ, იქნებ მოაყოლოთ, რა გააკეთეთ თქვენ, როცა ამხელა ორგანიზაციის ხელმძღვანელი იყავით | წულუკიანი

პუბლიკა

მინისტრის საათის ფორმატში კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი დეპუტატების შეკითხვებს პასუხობს. თეა წულუკიანმა ოქროს ფონდზე ანა ნაცვლიშვილის შეკითხვაზე საუბრისას განაცხადა, რომ საქართველოში დაბრუნების შემდეგ ის ყველაფერს აკეთებდა ელენე კარველაშვილის მხარდასაჭერად.

„რიტორიკულ კითხვას დაგისვამთ ქალბატონო ანა – თქვენ მუდმივად იყავით არასამთავრობო ორგანიზაციაში და იცავდით ადამიანის უფლებებს, რაშიც მოიაზრება კულტურაც და ეკოლოგიაც, ახალი თაობის უფლებებად იწოდება; შემდეგ იყავით საიას ხელმძღვანელი; შემდეგ იყავით პრეზიდენტ მარგველაშვილის ერთ-ერთი საყრდენი და მნიშვნელოვანი ფიგურა; ერთხელ მაინც დაინტერესდით ოქროს ფონდში, რა ხდებაო? 2010 წლიდან, რაც დავბრუნდი, ყველაფერი გავაკეთე, რომ ელენე კარველაშვილს ბედი შემსუბუქებოდა.

ის გახლავთ ოქროს ფონდის მცველი, რომელიც ორი წლის წინ, ამ ნერვიულობების ფონზე გარდაიცვალა. თქვენ ამ ქალს ოდესმე შეხვდით? უთხარით, ქალბატონო ელენე, დაგეხმარებითო? ამიტომ, როდესაც კითხვას სვამთ, იქნებ, მოაყოლოთ ინფორმაცია, რა გააკეთეთ, როცა იყავით ამხელა ორგანიზაციის ხელმძღვანელი და უფრო მეტიც, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი.

ოქროს ფონდში მძიმე მდგომარეობაა. იუნესკოს ეგიდით მოწვეულმა ექსპერტებმა დადეს დასკვნა, რომელიც ეძღვნება 12 ყველაზე მნიშვნელოვან ხატს და ყველა ხატი არის მძიმე საკონსერვაციო მდგომარეობაში.“ – განაცხადა წულუკიანმა.

ანა ნაცვლიშვილის შეკითხვა რამდენიმე ნაწილისგან შედგებოდა. მან ჰკითხა როგორც გელათის, ისე ოქროს ფონდის შესახებ.

„პირველ რიგში, ის რეალობა, რომელიც თქვენ აღწერეთ, ნიშნავს იმას, რომ საკმაოდ მძიმე სურათი დაგრჩათ იმ დარგებში, რომლებიც ახლა თქვენს კომპეტენციას განეკუთვნება.

ცოტა უცნაური ხომ არ არის, რომ ის ადამიანი, ვინც თქვენამდე ხელმძღვანელობდა ამ დარგებს, დღესაც არის მინისტრი და არანაკლებ მნიშვნელოვანი დარგი კვლავ აბარია, კერძოდ, განათლების. თქვენ და თქვენს თანაგუნდელებს უხერხულობას ხომ არ გიქმნით, რომ ადამიანი, რომელმაც ამდენი პრობლემა დატოვა დარგში და ზოგადად, მეცხრე წელია, ხელისუფლებაში ხართ, ეს სამინისტროც და ეს დარგებიც თქვენს დაქვემდებარებაში იყო. ასეთ მდგომარეობაში დაგხვდათ ცხრა წლის შემდეგ თქვენ. რამე უხერხულობას ხომ არ გრძნობთ შემთხვევით?! ახლა, რაც შეეხება გელათის არხსენებას

კონკრეტული პასუხი მაინტერესებს, სათანადოდ მნიშვნელოვნად არ მიიჩნევთ გელათის თემას, რომ თქვენს მოხსენებაში მოხვედრილიყო, თუ პასუხები არ გაქვთ იმ ბევრ კითხვაზე, რომელიც საზოგადოებაში, მათ შორის, ექსპერტულ საზოგადოებაში არსებობს გელათთან დაკავშირებით. ასევე, არაერთხელ მოგმართეთ დეპუტატის შეკითხვით გელათთან, ეროვნულ მუზეუმსა და ოქროს ფონდთან დაკავშირებით.

კანონს არღვევთ და დეპუტატის შეკითხვას არ პასუხობთ. თუ არ გაქვთ პასუხები ამ კითხვაზე. რატომ არის გელათის რეაბილიტაციის პროცესი (რომელიც ძალიან მძიმე შედეგებით არის დღეს უკვე) გაუმჭვირვალე პროცესი. რატომ ადევს გელათს ბოქლომი და ასევე, რატომ არის გაუმჭვირვალე პროცესი ოქროს ფონდსა და მუზეუმთან დაკავშირებით. სად დევს გეგმები, რატომ არ არის ეს გეგმები საჯარო და რატომ არ არის შესაძლებელი, ამ გეგმებზე იმსჯელოს პროფესიულმა საზოგადოებამ…“ – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.