როგორ დასრულდება კორონავირუსის გავრცელება?

პუბლიკა

კორონავირუსის გამო, საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 21 აპრილამდე გამოცხადდა, თუმცა საჭიროების შემთხვევაში, შესაძლოა, ეს დრო გახანგრძლივდეს.

როდის დასრულდება ვირუსის გავრცელება მსოფლიოში და როდის დავუბრუნდებით ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს? რა გზებით შეიძლება კორონავირუსის დამარცხება? – ამ საკითხზე BBC სტატიას აქვეყნებს.

ვაქცინა – 12-18 თვეში

ვაქცინის მეშვეობით ადამიანებს იმუნიტეტი ენიჭებათ და ისინი დაცულნი არიან ვირუსისგან. როგორ BBC წერს, თუ პოპულაციის დაახლოებით 60% ვაქცინას მიიღებს და ვირუსის გავრცელებას ხელი ასე შეეშლება – ამ კონცეფციას „მოსახლეობის იმუნიტეტი“ ეწოდება.

17 მარტს აშშ-ში პირველმა ადამიანმა მიიღო სატესტო ვაქცინა. ვაქცინის კვლევა უპრეცედენტო სისწრაფით მიმდინარეობს, თუმცა არ არსებობს გარანტიები, რომ ის წარმატებული იქნება.

BBC-ის კორესპონდენტი ჯანმრთელობისა და მეცნიერების საკითხებში, ჯეიმს გალაგჰერი წერს, რომ თუ ვაქცინაზე მუშაობა შეუფერხებლად გაგრძელდება, მის მომზადებას 12-დან 18 თვემდე დრო მაინც სჭირდება.

„ვაქცინისთვის ლოდინს ვერ დავარქმევთ „სტრატეგიას“, ეს არ არის სტრატეგია“, – ამბობს მარკ ვულჰაუსი, ედინბურგის უნივერსიტეტის ეპიდემიოლოგიის პროფესორი.

ბუნებრივი იმუნიტეტი

BBC-ის სტატიაში აღნიშნულია, რომ ვირუსის მიმართ ბუნებრივი იმუნიტეტის ჩამოყალიბებას 2 წელი მაინც დასჭირდება.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის თავმჯდომარის მოადგილე, პაატა იმნაძე „პუბლიკასთან“ ამბობს, რომ COVID-19 მომავალში, შესაძლოა, სეზონური ვირუსი გახდეს, თუმცა არა მისი გავრცელების პირველ წელს.

„როდესაც ახალია ვირუსი, პირველ წელს, შესაძლოა, ეს თვისება ნაკლებად გამოავლინოს, თუმცა მერე შეიძლება, სეზონური გახდეს. დიდი ალბათობა არსებობს იმისა, რომ ეს ვირუსი მერე ჩვეულებრივი სეზონური ვირუსი გახდეს, მაგრამ პირველ წელიწადს არ დაემორჩილოს ზაფხული-ზამთრის ციკლს. მნიშვნელოვანია ის, რომ ეს ვირუსი არ არის ადამიანის ორგანიზმზე მიჩვეული და მას სულაც არ აწყობს (პრინციპში, არც ერთ ვირუსს), მასპინძელი ორგანიზმი მოკლას, ვინაიდან ის ცოცხალ უჯრედებში მრავლდება და ცოცხალი უჯრედები სჭირდება. ამიტომაც დიდი ალბათობით, რაც უფრო შეეგუება ეს ვირუსი ჩვენს ორგანიზმს, მით უფრო ნაკლებად აგრესიული გახდება ადამიანისთვის. მაგალითად H1N1 მოგვიანებით გახდა ჩვეულებრივი სეზონური ვირუსი“.

ალტერნატიული გზები

„მესამე გზა ჩვენი ქცევის მუდმივი შეცვლაა, რაც ვირუსის გადაცემის შემცირებას შეუწყობს ხელს“, – ამბობს პროფესორი ვულჰაუსი. სტატიაში ასევე ყურადღება გამახვილებულია დაწესებული შეზღუდვების შესრულების, ასევე პაციენტების იზოლაციასა და „აგრესიული ტესტირების“ მნიშვნელობაზე.

ახალი კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატის შექმნა კი სხვა სტრატეგიების განვითარებასაც შეუწყობდა ხელს; „გავრცელების კონტროლის“ პროცესში წამლის მიღებას პაციენტები სიმპტომების გამოვლენისთანავე შეძლებდნენ და ასე შეუშლიდნენ ხელს სხვების დაინფიცირებას.

ასევე, მასობრივ გავრცელებასთან გასამკლავებლად მნიშვნელოვანია ინტენსიური ზრუნვის განყოფილებაში საწოლების რაოდენობის გაზრდა.

გალაგჰერმა ჰკითხა ბრიტანეთის მთავრობის მრჩეველ, პროფესორ კრის ვიტის გამოსავლის სტრატეგიის შესახებ, რაზეც მან უპასუხა – „გრძელვადიან პერსპექტივაში აქედან გამოსავალი, ცხადია, ვაქცინაა და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მას რაც შეიძლება მალე შექმნიან. გლობალურად მეცნიერება გამოსავალს მიაგნებს“.