უნდა ველოდოთ თუ არა დათბობასთან ერთად კორონავირუსის გავრცელების კლებას

სალომე გორგოძე

შეგვიძლია, ვივარაუდოთ თუ არა, რომ თბილი სეზონის დადგომა კორონავირუსის გავრცელებას შეაფერხებს? –  ვინაიდან საქმე სრულიად ახალ ვირუსთან გვაქვს, დარგის სპეციალისტებს მოცემულ ეტაპზე გადაჭრით პროგნოზის გაკეთება უჭირთ. სხვა, დღემდე არსებულ, სასუნთქი გზების ინფექციებს ახასიათებთ ტემპერატურის მატებასთან ერთად გავრცელების შემცირება, თუმცა იგივე ტენდენცია გამოვლინდება თუ არა ახალ ვირუსთან მიმართებითაც, ამ ეტაპზე გადაჭრით რაიმეს თქმა შეუძლებელია.

„სამწუხაროდ, ეს სრულიად ახალი ვირუსია და რთული სათქმელია, რა თვისებებს გამოავლენს. ასე გარანტირებულად რთულია იმის თქმა, რომ გაზაფხულთან ერთად ეპიდემიის გავრცელება ნელ-ნელა შემცირდება“, – უთხრა „პუბლიკას“ ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა – „სხვა სასუნთქი გზების ინფექციებს ახასიათებს მარტის ბოლოსკენ მილევადი ტენდენცია, მაგრამ უშუალოდ ამ ახალ კორონავირუსზე ამის მტკიცება რთულია იმიტომ, რომ მართლაც სრულიად ახალი ვირუსია, რომელთანაც შეხებაში არ ვყოფილვართ და ზუსტად არ ვიცით, როგორი იქნება ტენდენცია“, – განმარტავს ბუწაშვილი.

მართალია რესპირატორული ვირუსები ზაფხულში ზამთართან შედარებით ცოტაა, მაგრამ როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე „პუბლიკასთან“ განმარტავს, ახალმა ვირუსმა გავრცელების პირველ წელს ეს ტენდენცია შესაძლოა, ნაკლებად გამოავლინოს. პაატა იმნაძეს მაგალითად მოჰყავს H1N1, რომელიც პირველ წელს ბევრ თბილ ქვეყანაშიც გავრცელდა და შემდგომ მიიღო უკვე სეზონური ვირუსის სახე.

„სხვა რესპირატორული ვირუსების ჩვეულებრივი თვისებაა, რომ მეტია, როცა ცივა და ნაკლებია, როცა ცხელა, თუმცა ამას გვიჩვენებს გაზაფხული. როდესაც ახალია ხოლმე, შეიძლება, პირველ წელიწადს ეს თვისება ნაკლებად გამოავლინოს ვირუსმა, თუმცა მერე შეიძლება, სეზონური გახდეს. ამისი დიდი ალბათობა არის – მერე გახდება ჩვეულებრივი საზონური ვირუსი, მაგრამ პირველ წელიწადს შეიძლება, მთლად არ დაემორჩილოს ამ ტენდენციას.

მნიშვნელოვანია კიდევ ერთი რამ – ეს ხომ ჩვენთვის უცხო ვირუსია. არ არის ადამიანზე მიჩვეული. ამ ვირუსს , პრინციპში სულ არ აწყობს, რომ მასპინძელი ორგანიზმი მოკლას, ვინაიდან ცოცხალ უჯრედებში მრავლდება, ანუ ცოცხალი ორგანიზმი სჭირდება. ამიტომაც დიდი ალბათობა არსებობს, რომ ნელ-ნელა ჩვენს ორგანიზმს რაც შეეგუება, ჩვენთვის ნაკლებად აგრესიული გახედება“, – განმარტავს პაატა იმნაძე.

ჯანდაცვის კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში განაცხდა, რომ ვირუსის „შეკავების სტადიიდან“ გადავედით ვირუსის „შენელების სტადიაზე“, რასაც სავარაუდოა რომ ხელი შეუწყოს თბილი სეზონის დადგომამაც.

„ჩვენ გამონაკლისნი არ ვართ. აუცილებლად იქნება საზოგადოებაში გადადების შემთხვევები, არა მხოლოდ იმპორტირებული, როგორც არის ირანიდან, იტალიიდან, არამედ იქნება ადგილზე გადადება, იქნება ამ შემთხვევების გამრავლება მაღალი ტემპით. უკვე შევძელით, რომ გადაგვეწია ეს გაზაფხულისკენ, გადავწიეთ დათბობისკენ, რაც ძალიან კეთილსაიმედოა. გასაგებია, რომ ეს ახალი ვირუსია და ჯერ არ ვიცით, რომ თბილ სეზონზე გავრცელების დონე დაიწევს, მაგრამ არსებული სხვა ეპიდაფეთქებების მონაცემებით, შეგვიძლია, ვივარაუდოთ, რომ თბილი, მზიანი ამინდი შემთხვევების შემცირებას შეუწყობს ხელს და უკვე ეს არის ძალიან დიდი პლუსი.

ჩვენ შეკავებიდან გადავედით შენელების სტადიაზე,  რომ მაქსიმალურად შევანელოთ გავრცელება, რომ მაქსიმალურად პიკური სიმძლავრეები – საწოლები, რესპირატორები დაგვჭირდეს რაც შეიძლება გვიან, თუ საერთოდ დაგვჭირდება. თუ სეზონს გადავაცილეთ, შეიძლება აღარც დაგვჭირდეს“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.

დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში დაფიქსირებულია კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული 3 შემთხვევა. ექიმების ცნობით, ინფიცირებული ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და გართულებები არ აღენიშნებათ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღესდღეობით კარანტინში იმყოფება 120 ადამიანი.

ვირუსის გავრცელების რისკთან დაკავშირებით 16 მარტამდე გადაიდო სწავლა საჯარო სკოლებსა და ბაგა-ბაღებში. უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმაც – ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, სამედიცინო და საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტებმა ასევე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ სასწავლო პროცესი 16 მარტამდე გადაიდოს.

კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ რეკომენდაცია გასცა ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა დანიშნულების დაწესებულებაში სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ხალხმრავალი ღონისძიებების გაუქმების შესახებ. ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სადეზინფექციო სამუშაოებს აწარმოებენ სახელმწიფო უწყებები, რომლებიც მოსახლეობას აწვდიან სახელმწიფო სერვისებს, ასევე   „საქართველოს რკინიგზა“ მატარებლებსა და სადგურებში.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოქალაქეებს ურჩევს, გადაუდებელი საჭიროებების გარდა, თავი აარიდონ ჩინეთში, სამხრეთ კორეაში, ირანსა და იტალიაში მოგზაურობას, იქ, სადაც არსებული მონაცემებით, ვირუსის გავრცელების მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 1 მარტს განაცხადა, რომ მსოფლიოში ინფიცირებულია 86 000 ადამიანი, ინფიცირებულთა თითქმის ნახევარი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 3000-ზე მეტი ადამიანი.