როგორ აფასებენ NGO-ები დღეს გავრცელებულ სააკაშვილის კადრებს

პუბლიკა

მიხეილ სააკაშვილის გლდანის N18 პენიტენციურ დაწესებულებაში შესახლების ვიდეომასალა, რომელიც  პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა შეაფასეს.

„ფორმულას“ ეთერში „ფონდი ღია საზოგადოება – საქართველოს“ დირექტორმა, ქეთი ხუციშვილმა ეჭვი გამოთქვა, რომ ხელისუფლება მსგავსი ქმედებებით რადიკალიზაციის გამწვავებას ცდილობს და ხელს არ უწყობს სიტუაციის დამშვიდებას და დალაგებას. მან გამოთქვა ვარაუდი, რომ შესაძლოა, აწყობთ კიდეც სამოქალაქო დაპირისპირება, რომლის საფრთხესაც ამ ვიდეოს ნახვის შემდეგ, მისი ვარაუდით, სააკაშვილის აღშფოთებული მხარდამჭერების მუხტი შექმნის.

„ეს იყო უმძიმესი კადრები და უპირველესად ჩემთვის ეს იყო არაადამიანური მოპყრობის მაგალითი. პირდაპირი მტკიცებულება, ერთი მხრივ, ომბუდსმენისთვის, მეორე მხრივ კი, სახელმწიფო ინსპექტორისთვის, რომ იქ მოხდა უმძიმესი დარღვევა პრეზიდენტის უფლებებისა. ფაქტია, შემზარავი რამ ვნახეთ.

კიდევ ერთი რამ მაწუხებს – გარდა იმისა, რომ გვაჩვენეს, როგორ ამცირებენ და არაადამიანურად ეპყრობიან პრეზიდენტს, თითქოს მაშინ, როდესაც სამკურნალოდ გადაჰყავდათ, მე მაწუხებს და მართლაც მაშფოთებს ერთი რამ: რა მიზანი აქვს ხელისუფლებას დღეს? ხომ არ აქვს ხელისუფლებას მიზნად, ნაცვლად იმისა, რომ მოხდეს სიტუაციის დამშვიდება, გამოსავლის გამოძებნა, პირიქით, ხომ არ აქვს მიზანი, მოახდინოს მაქსიმალური რადიკალიზაცია, პრეზიდენტის მხარდამჭერებსა და საზოგადოებაში გახლეჩის გამოწვევა და ხომ არ აქვთ თავად მიზანი სამოქალაქო დაპირისპირების წამოწყებისა?

ამდაგვარი კადრების ნახვა ჩვენთვისაც შემზარავი იყო, მაგრამ პრეზიდენტის გულმხურვალე მხარდამჭერებისთვის სრულიად [შემაშფოთებელი] იქნებოდა. ბუნებრივია, დღეს იქნება მწვავე რეაქცია ამაზე და შესაძლოა საპროტესტო მანიფესტაციებზე რამეც მოხდეს. მაშინ გამოვა, რომ რადიკალიზაციის გამომწვევი და წამომწყები ხელისუფლებაა. შესაძლოა, მისი მიზანი იყოს დიდი სამოქალაქო დაპირისპირება, შესაძლოა, ომიც კი, მაგრამ რისი იმედით? ყველამ ვიცით, რომ ასეთ დაპირისპირებაში ყველა ვაგებთ. ხომ არ აქვთ მათ რუსეთის იმედი? ხომ არ აპირებენ რაღაც იმდაგვარს, რაც უკვე ჩაიდინა ლუკაშენკომ, რომელიც უკვე რუსეთის კონფედერაციის წევრი ხდება?“, – განაცხადა ხუციშვილმა.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ წარმომადგენელი გურო იმნაძეც მიიჩნევს, რომ ხელისუფლება არ ცდილობს ვითარების კონსტრუქციული გზით განმუხტვას და ყველაფერს აკეთებს უკიდურესი რადიკალიზაციისთვის.

გურო იმნაძე განმარტავს, რომ გავრცელებული კადრები არის ფრაგმენტი, დაჭრილი ეპიზოდი, რასაც წინ არ უძღვის დაწესებულებაში შეყვანის წინარე ეპიზოდი, განმარტება, როგორ გამოიყვანეს სააკაშვილი რუსთავის დაწესებულებიდან. მისი შეფასებით, დაპირისპირების ასე ჩვენება საზოგადოებას არასწორ აღქმას უჩენს.

„პირველ რიგში, რაც ერთმნიშვნელოვნად შეგვიძლია, დავასკვნათ ამ კადრების გამოქვეყნების შემდეგ არის ის, რომ სააკაშვილი გადაიყვანეს მოტყუებით. დიდი ალბათობით, მას რუსთავის დაწესებულებაში მიაწოდეს არასწორი ინფორმაცია, რომ იგი გადაჰყავდათ სამოქალაქო კლინიკაში და სწორედ მაშინ იწყება სააკაშვილის მხრიდან წინააღმდეგობის გაწევა, როცა შეატყობს, რომ გადაიყვანეს არა სამოქალაქო კლინიკაში, არამედ მე-18 დაწესებულებაში. თავისთავად ასეთი მიდგომა პატიმრის, ადამიანის მიმართ, რომელიც შიმშილობს, უკვე შეიძლება ჩაითვალოს ღირსების შემლახავ მოპყრობად.

მეორე მხრივ, პრობლემურია პრაქტიკა, როგორც ვრცელდება მსგავსი კადრები. არავითარი საჯარო ინტერესის დაკმაყოფილება არ იკითხება კადრების ასე გავრცელების უკან. უფრო პირიქით, ასე ფრაგმენტულად, ეპიზოდურად  ამ კადრების გავრცელება არათუ ხელს უწყობს საზოგადოების ინფორმირებას, არამედ არასწორ ინფორმაციას ავრცელებს და არასწორ აღქმებს აჩენს, თითქოს სააკაშვილი უბრალოდ ეწინააღმდეგებოდა ბადრაგის სამსახურს. რა იდგა ამ წინააღმდეგობის უკან, ამაზე არც პენიტენციური აკეთებს განმარტებას, არც იუსტიციის სამინისტრო“, – განაცხადა გურო იმნაძემ „ფორმულასთან“.

საიას თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილი ამბობს, რომ ამ კადრებით გაცხადდა, ხელისუფლებას სააკაშვილთან მიმართებით ადეკვატურობის განცდა აქვს დაკარგული.

მისი შეფასებით, სააკაშვილის მიმართ გადადგმული არც ერთი ნაბიჯი არ ყოფილა ადეკვატური და კანონთან შესაბამისი.

„ყველა ნაბიჯი გადადგმული იყო მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური მოტივით. რაც დღეს გავრცელდა, საშინელი კადრებია. ვერ გავიგე, რისი დადასტურება სურდათ ამით. აქ ამ ყველაფერს სამართლებრივი, კანონიერი მიზანი არ ჰქონია, ჰქონდა პოლიტიკური მიზანი.

თუ ამით იმის დადასტურება სურდათ, რომ სააკაშვილი ძალადობდა, პირიქით, ვნახეთ, რომ სააკაშვილთან მიმართებით იყო ძალა გამოყენებული. მაშინ რატომ იყო ეს ძალა გამოყენებული, ამასაც სჭირდება ახსნა. როცა დაჩეხილია, ამ ფორმით გამოქვეყნებული კადრები, მეტ შეკითხვას აჩენს. კითხვას აჩენს სწორედ იმ ეპიზოდზე, როცა ვსაუბრობდით, რომ შესაძლოა, სააკაშვილი მოტყუებით გადაიყვანეს მე-18 დაწესებულებაში, ასეთი ძალით შეყვანა შესაძლებელია, რომ ამ ეჭვებს ამყარებდეს“, – განაცხადა სიმონიშვილმა.


პენიტენციური სამსახური გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში მესამე პრეზიდენტრის, მიხეილ სააკაშვილის შესახლების კადრებს ავრცელებს.

როგორც საგანგებო ბრიფინგზე იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა, კადრები ასახავს შესახლებისა და მინისტრისვე შეფასებით, სააკაშვილის მიერ დაწესებულების თანამშრომლების მიმართ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების, ასევე სამედიცინო ტექნიკის დაზიანების ფაქტს.

რატი ბრეგაძეს მიაჩნია, რომ აღნიშნული ვიდეოკადრები აქარწყლებს სააკაშვილის ადვოკატის, ნიკა გვარამიას განცხადებას სააკაშვილის შესახლებასთან დაკავშირებით.