როგორ იყო დაცული ადამიანის უფლებები 2019 წელს - საიას შეფასება

პუბლიკა

როგორი იყო 2019 წელი საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობის კუთხით – „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ მონიტორინგის შედეგებს აქვეყნებს და ქვეყანაში ადამიანების უფლებრივ მდგომარეობას აფასებს.

შეკრების და მანიფესტაციის უფლება

საიას შეფასებით შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების რეალიზაციის პრობლემა განსაკუთრებული სიმწვავით 2019 წლის განმავლობაში რამდენჯერმე დადგა დღის წესრიგში. კერძოდ, წლის განმავლობაში არაერთი მანიფესტაცია საბოლოოდ პოლიციური ძალის გამოყენებით დასრულდა.

20-21 ივნისის აქცია

ოფიციალური მონაცემებით, 20-21 ივნისს 275 დაზარალებული ჰყავს, რომლებმაც სხვადასხვა სიმძიმის ჯანმრთელობის დაზიანება მიიღეს, მათ შორის არიან: 187 სამოქალაქო პირი, 15 ჟურნალისტი (სხვადასხვა წყაროდან მიღებული ინფორმაციით, დაზარალებულ ჟურნალისტთა რიცხვი 32-ია), შინაგან საქმეთა სამინისტროს 73 თანამშრომელი. მიყენებული დაზიანებების გამო ქირურგიული ჩარევა დასჭირდა 28 პირს, მათ შორის, ოფთალმოლოგიური ოპერაცია ჩაუტარდა 8-ს, ხოლო ნეიროქირურგიული – 4 პირს. დადასტურებულია, რომ ტრავმის შედეგად 2-მა სამოქალაქო პირმა ცალი თვალი დაკარგა.

20-21 ივნისის მოვლენების დროს სამართალდამცავი პირების მხრიდან ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის არაერთი ფაქტი დაფიქსირდა. ამგვარი მოპყრობა განხორციელდა იმ ვითარებაში, როდესაც აქციის მონაწილეების/ გამვლელი მოქალაქეების მხრიდან არ მომდინარეობდა რაიმე საფრთხე, რაც მსგავსი სახის ძალის გადამეტებას გაამართლებდა.

პოლიციის მხრიდან გამოყენებული ძალა იყო გადამეტებული და გაუმართლებელი. სამართალდამცავთა მხრიდან განხორციელებული ქმედებები უტოლდება არასათანადო მოპყრობას და სახელმწიფოს  მხრიდან ეფექტიან და ობიექტურ გამოძიებას საჭიროებს.

18 და 26 ნოემბრის აქციები

„შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტით „აკრძალულია შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებისას შენობების შესასვლელების, ავტომაგისტრალებისა და რკინიგზის ბლოკირება.“ ერთმნიშვნელოვანია, რომ ქართული კანონმდებლობის მიხედვით, კანონის ფორმალური წაკითხვის შემთხვევაში ბლოკირება/პიკეტირება ვერ ჩაითვლება კანონიერ ქცევად. თუმცა აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო სტანდარტების თანახმად, შენობის ბლოკირება, თუკი აღნიშნული ხორციელდება არაძალადობრივი ფორმებით, ექცევა შეკრების უფლებით დაცულ სფეროში.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, შესაძლოა ეროვნულ იურისდიქციას ეწინააღმდეგებოდეს კონკრეტული ქმედება (მაგ. შენობის დაკავება/ბლოკირება), თუმცა მაინც მოექცეს ადამიანის უფლებათა დაცვის კონვენციის მე-11 მუხლით დაცულ სფეროში. აუცილებელია აღინიშნოს, რომ ერთის მხრივ აქციის მონაწილეები გამოხატავდნენ არაძალადობრივ პროტესტს, რაც გამოიხატებოდა საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელების ბლოკირებაში, თუმცა მეორეს მხრივ არსებობდა სახელმწიფო უწყების მუშაობის ინტერესი.

სწორედ ამიტომ, შსს-ს ევალებოდა, ერთის მხრივ საჯარო ინტერესის – პარლამენტის ფუნქციონირების და უსაფრთხოების დაცვა, ხოლო მეორეს მხრივ შეკრების თავისუფლების დაცვა.

საიას შეფასებით, შსს ვალდებული იყო ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად, კერძოდ პარლამენტის ფუნქციონირებისათვის გაეხსნა არა ყველა, არამედ ერთი შესასვლელი, მინიმალური ძალის გამოყენებით. აღსანიშნავია, რომ საპოლიციო ძალებმა მოქმედებები დაიწყეს დილის 5 საათზე, მაშინ, როდესაც პარლამენტის სამუშაოს დაწყებამდე დარჩენილი იყო 4 საათი.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კანონმდებლობა

საიაში ამბობენ, რომ 2019 წელსაც არ შეცვლილა 1984 წელს მიღებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, რომელიც არსებითად შეუთავსებელია საქართველოს კონსტიტუციასთან და საერთაშორისო სტანდარტებთან. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფომ არაერთხელ აღიარა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კანონმდებლობის რეფორმის საჭიროება, დღემდე ამ კოდექსის შეცვლის მხოლოდ წარუმატებელი მცდელობები გვახსოვს. ბოლოს, კოდექსის
რეფორმა შინაგან საქმეთა სამინისტრომ წლის დასაწყისში დააანონსა, თუმცა, არც ამ შემთხვევაში მომხდარა კოდექსის შეცვლა.

2019 წელს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის გამოყენებით მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის შეზღუდვის პრაქტიკამ კიდევ უფრო მასშტაბური და კრიტიკული სახე მიიღო. 20-21 ივნისის მოვლენების დროს, პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის გამოყენებით 342 პირი დააკავა. სასამართლოში დაკავებული პირების საქმეების განხილვა ფორმალურად წარიმართა.

თანასწორობის საკითხები

შშმ პირთა უფლებრივი მდგომარეობა

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები განიცდიან პრობლემებს არსებული კანონმდებლობისა და პოლიტიკის მათ საჭიროებებთან გონივრული შეუსაბამობის გამო. პრობლემად რჩება, რომ უარი გონივრულ მისადაგებაზე, როგორც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების მიმართ დისკრიმინაციის ფორმა, კანონმდებლობით ჯერ კიდევ არ არის მოწესრიგებული. არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ ჩამოაყალიბოს ერთიანი, სისტემური ხედვა შშმ პირთა უფლებების დაცვის მიმართულებით, სოციალურ მოდელზე დაყრდნობით შეისწავლოს შშმ პირთა რეალური საჭიროებები და მათზე დაფუძნებით განავითაროს საკანონმდებლო ჩარჩომ პოლიტიკა და პრაქტიკა, რომელიც, თავის მხრივ, კონვენციის ძირითადი პრინციპებისა და სტანდარტების შესაბამისი იქნება. უმნიშვნელოვანეს საკითხს წარმოადგენს პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში უშუალოდ შშმ პირების ეფექტიანი ჩართულობის უზრუნველყოფა.

ლგბტ+ პირთა უფლებრივი მდგომარეობა

ერთ-ერთ ყველაზე მოწყვლად ჯგუფს ლგბტ+ თემი წარმოადგენს. პრობლემურია ლგბტ+ თემის შეკრების თავისუფლების რეალიზება, კერძოდ, „თბილისი პრაიდის“ მიერ ორგანიზებული ღირსების მარშის ჩატარება. შინაგან საქმეთა სამინისტრომ 31 მაისს „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებთან გამართული შეხვედრის შემდეგ განცხადება გაავრცელა, რომ „…დაგეგმილ ადგილებზე და ფორმატით ღონისძიებების ჩატარება, პროცესში ჩართული პირების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკების გათვალისწინებით, შეუძლებელია…“19 ლგბტ+ სათემო ორგანიზაციები მუდმივად მიუთითებენ, რომ სახელმწიფო არ აღიარებს ჰომო/ბი/ტრანსფობიას, როგორც სისტემურ პრობლემას და არ ატარებს თანმიმდევრულ პოლიტიკას მის აღმოსაფხვრელად. ამ ფონზე შემაშფოთებლად იზრდება ჰომოფობიური, ქსენოფობიური და ულტრა მემარჯვენე პოპულისტური ჯგუფების მობილიზება საჯარო თუ ონლაინ სივრცეში.

სექსუალური შევიწროების რეგულირება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად

საიას შეფასებით, მნიშნელოვანი და წინგადადგმული ნაბიჯია, სახალხო დამცველის მხრიდან, სასამართლოსთვის მიმართვის 3 თვიანი ვადის გაზრდა 1 წლამდე, რაც საქართველოს სახალხო დამცველს აძლევს შესაძლებლობას სრულყოფილად მოიპოვოს სექსუალური შევიწროების ფაქტის დადგენის მიზნით საჭირო დოკუმენტია თუ მტკიცებულებები. ამავდროულად, ერთ წლიანი ვადა მსხვერპლს აძლევს შესაძლებლობას გამოიყენოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ორივე მექანიზმი, მიმართოს სასამრთლოს და ამავე დროს ისარგებლოს საქართველოს სახალხო დამცველის მომსახურებით.

ბავშვის უფლებები

2019 წლის 20 სექტემბერს პარლამენტმა მიიღო ბავშვის უფლებათა კოდექსი.

საია შეფასებით, მართალია, ბავშვის უფლებათა კოდექსი ადგენს ნებისმიერი ასაკის ბავშვის მიერ საკუთარი უფლებების დასაცავად სასამართლოსთვის მიმართვის უფლებას, ბავშვის მოსმენისა და მისი პროცესში მონაწილეობის ვალდებულებას, თუმცა კანონმდებლობა არ ითვალისწინებს აღნიშნულ დებულებათა უზრუნველყოფის შესაბამისი პროცესუალურ ნორმებსა და გარანტიებს.

ბავშვის უფლებათა დაცვის საპროცესო კანონმდებლობა ასევე არ გამიჯნავს ბავშვის ინდივიდუალური შემფასებლისა და ბავშვის საპროცესო წარმომადგენლის უფლებამოსილებებს, ამ უკანასკნელის დანიშვნის და მისი უფლებამოსილების განხორციელების საპროცესო სამართლებრივ საფუძვლებს.

ბავშვის ქონებრივი უფლებების დაცვის თვალსაზრისით მნიშვნელოვნად წინ გადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს ბავშვის ქონებაზე გარიგების დასადებად სასამართლოს კონტროლის მექანიზმის შემოღება, თუმცა საპროცესო კანონმდებლობა საერთოდ არ ითვალისწინებს პროცედურას, რომლის მიხედვითაც სასამართლომ უნდა გასცეს თანხმობა ბავშვის ქონების გასხვისებასთან დაკავშირებით.

შრომითი უფლებები

შრომის უსაფრთხოების შესახებ ორგანული კანონი, რომლის მოქმედებაც ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი ყველა კერძო სუბიექტისა და ადმინისტრაციული ორგანოების მიმართ ძალაში 2019 წლის 1 სექტემბრიდან შევიდა, მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს დასაქმებულთა შრომითი უფლებების დაცვის თვალსაზრისით.

აქვე აღსანიშნავია, რომ შრომის ინსპექციის მანდატი ვრცელდება მხოლოდ შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე და არ შეეხება დასაქმებულის შრომის პირობებს. ამ კუთხით, მნიშვნელოვნად უნდა მივიჩნიოთ საქართველოს პარლამენტის მიერ წამოწყებული შრომის კოდექსის რეფორმა, რომელიც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს დასაქმებულის შრომით უფლებებს და აღჭურვავს შრომის ინსპექციას უფლებით, შეამოწმოს დასაქმებულის შრომითი უფლებების მდგომარეობა და გამოიყენოს შესაბამისი ინსტრუმენტები თავისი უფლებამოსილებების განსახორციელებლად.

სიას შეფასებით, მიუხედავად საკანონმდებლო მიღწევებისა და დაგეგმილი ცვლილებებისა, გამოწვევად რჩება შრომის ინსპექციის უზრუნველყოფა შესაბამისი ფინანსური და ადამიანური რესურსით.

ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლება

საქართველოს მთიან რეგიონებში (ზემო აჭარა, ხევი, რაჭა, ზემო და ქვემო სვანეთი) დაგეგმილია 100-ზე მეტი ჰესის მშენებლობა, რასაც ადგილობრივი მოსახლეობა აქტიურად ეწინააღმდეგება. მათი აზრით, მაღალი გეოლოგიური და სეისმური რისკების მქონე რეგიონში, კლიმატის ცვლილების ფონზე, მსგავსი მშენებლობები კიდევ უფრო ზრდის საცხოვრებელი ადგილისა და გარემოს დეგრადაციას.

პანკისის ხეობაში მომხდარი ინციდენტი

პანკისის ხეობაში 2019 წლის 21 აპრილს მომხდარ ინციდენტს წინ უსწრებდა 19 აპრილს შპს „ალაზანი ენერჯის“ მიმართვა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრისთვის. მიმართვიდან ირკვეოდა, რომ კომპანია უახლოეს დღეებში განაახლებდა ჰიდროელექტროსადგურის სამშენებლო სამუშაოებს, რის გამოც, საჭირო იყო ამ სამუშაოების მშვიდ და უსაფრთხო გარემოში განხორციელების შესაძლებლობა. აღნიშნულის საფუძველზე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მიმართა შინაგან საქმეთა მინისტრს, რათა აღმოეჩინა დახმარება კომპანიისთვის, იმ მიზნით, რომ მას მისცემოდა სამშენებლო სამუშაოების უსაფრთხო გარემოში წარმოების საშუალება.

შპს „ალაზანი ენერჯის“, ისევე, როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წერილში, მითითება იყო მხოლოდ სამშენებლო სამუშაოების უსაფრთხო გარემოში ჩატარების უზრუნველყოფის აუცილებლობაზე. აღნიშნულ წერილებში არ ჩანდა დასაბუთება იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ იდგა პოლიციის მობილიზაციის საჭიროება ან რამდენად იყო ამოწურული მოსახლეობასთან მოლაპარაკებისა და პროექტის საჯაროდ განხილვის რესურსი.

საოკუპაციო ხაზთან არსებული მდგომარეობა

ე.წ. „ბორდერიზაციის“ პროცესმა და გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვამ მძიმე შედეგები გამოიწვია, უფლებრივი, ჰუმანიტარული და სოციალური თვალსაზრისით. საზღვარზე ადამიანების უკანონო და თვითნებური დაკავებების მაჩვენებელი წლიდან წლამდე იზრდება.

გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა მძიმედ აისახება სხვა ფუნდამენტური უფლებებით სარგებლობაზეც, მათ შორის ხარისხიანი და სწრაფი ჯანდაცვის, განათლების, ოჯახის და ა.შ. აღსანიშნავია, რომ ე.წ. ბორდერიზაციის მძიმე შედეგები ეხება ოკუპირებულ ტერიტორიაზე მაცხოვრებელ ყველა ადამიანს, მათ შორის, ეთნიკურ ოსებს.

აღსანიშნავია, რომ 2019 წლის 2 სექტემბერს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ მოსაბრუნის გამშვები პუნქტი თვითნებურად ჩაკეტა. აღნიშნული ქმედებით, საოკუპაციო რეჟიმმა იქ მცხოვრები მოსახლეობა სრულ იზოლაციასა და ჰუმანიტარულ კრიზისში მოაქცია.

2019 წლის 28 ოქტომბერს ცხინვალში სათანადო სამედიცინო სერვისების არარსებობის გამო 70 წლის მარგო მარტიაშვილის და 49 წლის ბესიკ ობესოვის გარდაცვალების ფაქტი, გახდა მინიშნება მძიმე ჰუმანიტარული კრიზისისა ახალგორში. რეგიონში შექმნილ მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობას უკავშირდება ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავების საქმეც, რომელიც 2019 წლის 9 ნოემბერს საოკუპაციო გამყოფ ხაზთან სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ უკანონოდ დააკავა. ვაჟა გაფრინდაშვილი უკვე ერთ თვეზე მეტია იმყოფება ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმის ციხეში.

სისხლის სამართლის მართლმსაჯულება

არაერთი წელია მიმდინარეობს სისხლის სამართლის კანონმდებლობის რეფორმის პროცესი, თუმცა, 2019 წელს არ მომხდარა სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის არსებითი გადახედვა. 2019 წელს სისხლის სამართლის და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსებში შესული ცვლილებები, მხოლოდ, ფრაგმენტული ხასიათის იყო.

შესაბამისად, სისხლის სამართლის კანონმდებლობა შეიცავს მთელ რიგ დებულებებს, რომლებიც არ შეესაბამება საქართველოში მოქმედი სისხლის სამართლის შეჯიბრებით მოდელს ან/და ადამიანის უფლებების დაცვის პრინციპებს.

ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება მთელ რიგ შემთხვევაში მოსამართლის მხოლოდ ფორმალური როლი ადამიანის უფლებების დაცვაზე სასამართლო კონტროლის განხორციელებისას. კერძოდ, ეს ეხება მოსამართლის რეაგირებას დაკავების კანონიერების შემოწმებისას, აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობის გადასინჯვას, საპროცესო შეთანხმებისას სასჯელის სამართლიანობისა და კანონიერების შემოწმებას.

წამება და არასათანადო მოპყრობა

2018 წლის 21 ივლისს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“, რომლითაც, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ნაცვლად, შეიქმნა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს კანონმა სხვა საკითხებთან ერთად, არასათანადო მოპყრობის საქმეებზე გამოძიების წარმოების უფლებამოსილება მიანიჭა. წლების განმავლობაში გამოკვეთილი გამოწვევის საპასუხოდ, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შექმნა წინ გადადგმული ნაბიჯია, თუმცა, ახალშექმნილი სახელმწიფო ინსპექტორის მანდატი და კომპეტენცია შეზღუდულია, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მის ეფექტურობასა და დამოუკიდებლობას. დანაშაულთა გარკვეული კატეგორია, მექანიზმის მიღმაა დარჩენილი.

მედია

2019 წლის განმავლობაში საია-მ ჟურნალისტებს არაერთ სამართლებრივ საკითხზე გაუწია კონსულტაცია, იცავდა მათ ინტერესებს სასამართლოში, ადმინისტრაციულ ორგანოებსა და კერძო პირებთან ურთიერთობაში. სამართლებრივი დახმარებისას გამოიკვეთა, რომ საანგარიშო პერიოდში კვლავ პრობლემას წარმოადგენდა ჟურნალისტთა შრომითი უფლებების დაცვა და სხვადასხვა უწყებებიდან საჯარო ინფორმაციის მიღება. ხელისუფლებას კვლავაც არ გადაუდგამს ქმედითი ნაბიჯები ინფორმაციის თავისუფლების ახალი კანონის მისაღებად. წინა წლების მსგავსად მნიშნელოვან გამოწვევას წარმოადგენდა მაუწყებლების პოლარიზებული სარედაქციო პოლიტიკა. მედიის წარმომადგენლებისთვის პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში ხელშეშლის და ძალის გადამეტების ფაქტები,  20-21 ივნისს ადგილი ჰქონდა მედიის წარმომადგენელთა უფლებების, მათ შორის, გამოხატვის თავისუფლების, არასათანადო მოპყრობისგან დაცვის უფლების, საკუთრების
უფლების დარღვევის შემთხვევებს.

სსიპ აჭარის ტელევიზიისა და რადიოში განვითარებული მოვლენები

მიმდინარე წლის აპრილში აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის იმპიჩმენტის პროცესი სამოქალაქო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან კრიტიკის საგანი გახდა. ნათია კაპანაძის გათავისუფლების შემდეგ მრჩეველთა საბჭომ სამჯერ გამოაცხადა დირექტორის ვაკანტურ პოზიციაზე არსებული კონკურსი ჩაშლილად30, მეოთხე კონკურსი კი მესამე კონკურსში მონაწილე ერთ-ერთი კანდიდატის – გიორგი კოხრეიძისსარჩელის საფუძველზე სასამართლომ შეაჩერა31. სამოქალაქო საზოგადოებას გვქონდა მოლოდინი, რომ კონკურსის შეჩერება ემსახურებოდა დირექტორის არჩევას ახალი მრჩეველთა საბჭოს პირობებში.

მას შემდეგ რაც მრჩეველთა საბჭო პროცედურების დარღვევის ფონზე არჩეული 3 წევრით განახლდა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ გააუქმა ბათუმის საქალაქო სასამართლოს განჩინება და 2019 წლის 22 ნოემბერს აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორად გიორგი კოხრეიძე დაინიშნა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გიორგი კოხრეიძემ მის მოადგილეს სარედაქციო პოლიტიკისგან ჩამოშორება მოსთხოვა და ტელევიზიის სხვა ჟურნალისტების მიმართ აგრესია გამოიჩინა, რაც იმის მანიშნებელია, რომ აჭარის ტელევიზიის სარედაქციო დამოუკიდებლობა საფრთხეშია.

გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისკენ მიმართული კანონპროექტი

2018 წლის 28 დეკემბერს საქართველოს პარლამენტში დარეგისტრირდა კანონპროექტი, რომლითაც მაუწყებლის თვითრეგულირების სფეროში არსებული საკითხები გადადის სახელმწიფო რეგულირების კომპეტენციაში, შესაძლებელი ხდება მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოს გადაწყვეტილების კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში ან სასამართლოში გასაჩივრება. კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას მედიისთვის შინაარსში ჩარევის საშუალების მიცემა ფაქტობრივად სახელმწიფოსთვის მედიაზე ზემოქმედების ბერკეტის გადაცემას ნიშნავს. შემოთავაზებული ცვლილებებით სწორედ ის მუხლი ბრუნდება რეგულირებაში, რომლის საფუძველზეც 2007 წლის 07 ნოემბრის მოვლენებისას ტელეკომპანია იმედს მაუწყებლობა შეუჩერდა.

ცვლილების საფუძვლად მითითებულია საქართველოს ვალდებულება აუდიოვიზუალური მედია დირექტივის იმპლემენტაციის თაობაზე. მიგვაჩნია, რომ კანონპროექტით საკითხის მოგვარების არასწორი გზა არის შერჩეული. დირექტივა წევრ სახელმწიფოებს აძლევს შესაძლებლობას თავად გადაწყვიტონ სიძულვილის ენის გამოყენებასთან დაკავშირებული პრობლემები მოხდეს რეგულირების თუ თვითრეგულირების ფარგლებში.