როგორ შეიცვლება მასწავლებელთა სახელფასო პოლიტიკა

პუბლიკა

დღეს განათლებისა და და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა ზოგადი განათლების საფეხურზე მიმდინარე რეფორმის პრეზენტაცია გამართა.

პრეზენტაციაზე მინისტრმა პედაგოგთა ახალი სახელფასო პოლიტიკის შესახებ ისაუბრა.

მან თქვა, რომ სამინისტროს გადაწყვეტილებით, მასწავლებლის პროფესიული განვითარება და სახელფასო პოლიტიკა ერთმანეთისგან გაიმიჯნება.

მინისტრის თქმით, „საგანმანათლებლო კვლევის ეროვნული ცენტრის“ კვლევის თანახმად, მასწავლებლების 65% სქემაში ჩართულია მხოლოდ სახელფასო პოლიტიკის გამო. ამილახვრის თქმით, სწორედ ამიტომ მიიღეს გადაწყვეტილება და „ეს ორი პროცესი გაიყოფა“.

„აღნიშნული სქემა საჭიროებს განვითარებას. კვლევების თანახმად, მასწავლებელთა უმრავლესობა ამბობს, რომ სტატუსების მოპოვების პროცესში ებმება იმიტომ, რომ მას უნდა სახელფასო დანამატი. ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეს ორი პროცესი გავყოთ. ცალკე იყოს სახელფასო პოლიტიკა, რომელიც, სტატუსების მიუხედავად, ყველა პედაგოგს განუსაზღვრავს ღირსეულ ანაზღაურებას და ცალკე, პარალელურ რეჟიმში ვიზრუნოთ მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებაზე. აქ არანაირ გაუქმებაზე არაა საუბარი, საუბარია მხოლოდ განვითარებაზე და ჩვენ ღია ვართ ყველა დარგობრივ ორგანიზაციასთან ერთად, განსაკუთრებით პროფკავშირთან ერთად, მზად ვართ დავიწყოთ აქტიური მუშაობა სქემის გაუმჯობესებაზე“, – განაცხადა ამილახვარმა.

„პუბლიკის“ შეკითხვის პასუხად – მიიღებენ თუ არა მომავალში ისევ პედაგოგები სტატუსის დანამატს – მინისტრმა განაცხადა, რომ სტატუსის დანამატს პედაგოგები კვლავ მიიღებენ. „ფიქსირებული სტატუსის დანამატი“ საათობრივი სახელფასო პოლიტიკით განსაზღვრულ ანაზღაურებას დაემატება. 

„სრული თუ არასრული დატვირთვის პირობებში საათობრივი სახელფასო პოლიტიკის შედეგად, უფროსი და მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებლებისთვის დარჩება სტატუსის ფუნქციური დანამატი, და ეს ფიქსირებული დანამატი დაემატება ახალი სახელფასო პოლიტიკით გათვალისწინებულ ანაზღაურებას“, – განაცხადა მინისტრმა.

მინისტრმა თქვა, რომ  160 მილიონი ლარი მოხმარდება მასწავლებელთა ანაზღაურების ზრდას.

კერძოდ, 2024 წლის პირველი ივლისიდან სრული დატვირთვის პირობებში მასწავლებლების ხელფასი, სტატუსის მიუხედავად, საშუალოდ გაიზრდება 500 ლარით და მეტით. ეს ზრდა მასწავლებელთა კორპუსის 70%-ს შეეხება.

„ნაცვლად იმისა, რომ წავსულიყავით ტრადიციული გზით და კვირეული 15-საათიანი დატვირთვის შემთხვევაში სტატუსის დანამატი 125 ლარით გაგვეზარდა; ნაცვლად იმისა, რომ მასწავლებლებისთვის ჩაგვეტარებინა უნარების გამოცდები; ნაცვლად იმისა, რომ გაგვეგრძელებინა სამინისტროს კომისიასთან მასწავლებლის მიერ საკუთარი პორტფოლიოს დაცვა, რაც საბოლოო ჯამში, ბოლო სტატისტიკიდან გამომდინარე, ალბათ 3-5 ათასამდე მასწავლებელს მისცემდა საშუალებას, 2024 წლის პირველი სექტემბრიდან აემაღლებინათ სტატუსი, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ყველას, მიუხედავად სტატუსისა, გამოგიცხადოთ ნდობა და 2024 წლის 1 ივლისიდან სრული დატვირთვის პირობებში მასწავლებლის ხელფასი საშუალოდ 500 ლარით და მეტით გავზარდოთ“, – განაცხადა მინისტრმა.

მინისტრმა თქვა, რომ ხელფასების სამართლიანი მექანიზმების შემუშავების შემდეგ უნდა გაგრძელდეს მუშაობა ისეთი სისტემის ჩამოყალიბებაზე, რომელიც უზრუნველყოფს მასწავლებლის პროფესიულ განვითარებას სკოლის ბაზაზე, მათი კარიერული წინსვლის მექანიზმების დახვეწას და ამ პროცესში სასკოლო საზოგადოების როლის გაძლიერებას.

„დაახლოებით 51 ათასი სტატუსიანი მასწავლებელი გვყავს და სტატუსის მიუხედავად, მასწავლებლების 70%-ს, რომლებიც ძირითადად სრულ განაკვეთზე არიან დასაქმებული, ხელფასი საშუალოდ 500 ლარით და მეტით გაეზრდება.

დანარჩენ 30%-ის ანაზღაურების ზრდა მოხდება საათების პროპორციულად.

არცერთ პედაგოგს არათუ დააკლდება, ყველასთვის უზრუნველყოფილი იქნება ხელფასების ზრდა იმაზე მეტით, ვიდრე ეს დაგეგმილი იყო 125-ლარიანი დანამატის სახით“, – განაცხადა მინისტრმა.

 

მინისტრმა თქვა, რომ ახალი პოლიტიკა შეეხება მასწავლებლებს და სპეცმასწავლებლებს, რომელთაც დადასტურებული აქვთ საგნობრივი კვალიფიკაცია.

„ჩვენ ვერ წავალთ ხარისხის კომპრომისზე, შესაბამისად მზად ვართ, მაქსიმალურად შევუწყოთ მასწავლებლებს ხელი, განვითარდნენ პროფესიულად.

შევთავაზოთ სამართლიანი წინსვლის მექანიზმები, ვითანამშრომლოთ პროფკავშირებთან, ჩავრთოთ აქტიური მასწავლებლები, მშობლები სამუშაო ჯგუფებში, რათა დავხვეწოთ ეს ეს პროცესი“, – განაცხადა მინისტრმა.

 როგორია არსებული მოდელი – რისგან შედგება მასწალებლის ხელფასი?

დღეს მასწავლებლის ხელფასი, უხეშად რომ ვთქვათ, ორი ნაწილისგან შედგება – საბაზო და სტატუსის დანამატი. როგორც საბაზო, ისე დანამატით განსაზღვრული თანხის საბოლოო რაოდენობაზე გავლენას სხვადასხვა ინდიკატორი ახდენს, თუმცა მათ შორის უმთავრესია საათობრივი დატვირთვა.

საბაზო ხელფასი 405 ლარიდან 595 ლარამდე მერყეობს. სტატუსის დანამატები კი ასე გამოიყურება: უფროსი მასწავლებლისთვის 795; წამყვანი მასწავლებლისთვის – 1175; მენტორი მასწავლებლისთვის კი – 1475 ლარი.