როგორ შეიძლება, ცოცხალ კაცზე ასე ლაპარაკობთ - ღარიბაშვილი სააკაშვილის შესაძლო გარდაცვალებაზე

პუბლიკა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საავადმყოფოში გადაყვანისა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ შეკითხვის საპასუხოდ აცხადებს, რომ ამ შეკითხვებით ექიმებს უნდა მიმართონ.

ამავე შეკითხვაზე პასუხის შემდეგ პრემიერმა მოსახლეობას 27 ოქტომბერს დაგეგმილ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდა.

„მე ვარ პრემიერ-მინისტრი და არა ექიმი. თუ რამე შეკითხვა გაქვთ, მიმართეთ ექიმებს.

მინდა, ჩვენს მოსახლეობას მივმართო – 27 ოქტომბერს გაიმართება დიდი შეკრება თავისუფლების მოედანზე 5 საათზე. მინდა, ყველას მივმართო, თითოეულ მოქალაქეს, რომელიც მხარს უჭერს მშვიდობიან განვითარებას, ჩვენი ქვეყნის სტაბილურ განვითარებას, რომლისთვისაც მიუღებელია ძალადობა და ყველა ის უსამართლობა, რომელიც სააკაშვილის რეჟიმის დროს იყო დამკვიდრებული ქვეყანაში, შევიკრიბოთ“, – განაცხადა პრემიერმა.

პრემიერს ჟურნალისტებმა ჰკითხეს – თუ სააკაშვილის შიმშილობა ფატალური შედეგით დასრულდება, იღებს თუ არა პრემიერი პასუხისმგებლობას ამაზე.

„მე მინდა, მოგიწოდოთ ყველას, უფრო მეტი სიყვარულით ილაპარაკოთ მათ შორის, თქვენს ბელადზეც. როგორ შეიძლება, ცოცხალ კაცზე ასე ლაპარაკობთ. ასეთი აგრესია, ასეთი სიძულვილი უნდა დავასრულოთ, მეგობრებო, 30 ოქტომბერს. ეს არის უმსგავსობა, როგორ შეიძლება, ასე რომ ვლაპარაკობთ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

დამაზუსტებელ შეკითხვებზე, იღებს თუ არა პრემიერი პასუხისმგებლობას, რომ შესაძლოა სააკაშვილი გარდაიცვალოს, ღარიბაშვილმა განაცხადა: „როგორ შეიძლება, ასეთ არანორმალურ, ავადმყოფურ შეკითხვაზე გაგცეთ ნორმალური პასუხი? არ ვიცი, რა უნდა გიპასუხოთ. ძალიან ვწუხვარ, რომ ასეთ არაადეკვატურ შეკითხვაზე მიწევს პასუხი“.

პრემიერის თქმით, გავრცელდა დეტალური ინფორმაცია, როგორაა მოწყობილი მე-18 სამკურნალო დაწესებულება. მისი მტკიცებით, საჭიროების შემთხვევაში, სააკაშვილისთვის სრული მობილიზება მოხდება.

„დამშვიდდით, პატიმარ სააკაშვილს კარგად ვუპატრონებთ“, – თქვა მან.


საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 25-ე დღეა, შიმშილობს.

19 ოქტომბერს, მას შემდეგ, რაც სხვადასხვა პროფილის ექიმებისგან დაკომპლექტებულმა კონსილიუმმა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შეისწავლა, სააკაშვილის პროფილაქტიკური ჰოსპიტალიზაციის რეკომენდაცია გაიცა.

მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაციის რეკომენდაციის შემდეგ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში, მესამე პრეზიდენტს გლდანში, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანდნენ.

დაწესებულება მან და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ გუშინ მოინახულეს.

იუსტიციის მინისტრის განცხადებით, ექიმები ამბობენ, რომ ამ „დაწესებულების ინფრასტრუქტურა არის სრულიად გამართული პაციენტის მისაღებად“.

მინისტრის თქმით, საჭიროების შემთხვევაში, კონსილიუმის წევრებს მიეცემათ კლინიკის დათვალიერების შესაძლებლობა.

სააკაშვილის ადვოკატები ციხის საავადმყოფოში გადაყვანას უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის მართვის არასაკმარისი პირობების გამო ეწინააღმდეგებიან.

გუშინ სახალხო დამცველმა მიხეილ სააკაშვილის მიღებისთვის N18 სამკურნალო დაწესებულების მზადყოფნის ხარისხი შეამოწმა და დღის ბოლოს განცხადებაც გაავრცელა.

ომბუდსმენის თქმით, შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ დაწესებულებაში არსებული ვითარება, სამედიცინო უზრუნველყოფის კუთხით, სრულფასოვნად არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ 2021 წლის 23 ოქტომბრის დასკვნასა და რეკომენდაციებს, ასევე არსებობს გარკვეული რისკები უსაფრთხოების თვალსაზრისით.