რუსეთი ჩრდილოეთ კავკასიაში „დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი“ AI ვიდეოების ავტორების ძებნას იწყებს

პუბლიკა

ავტორი: ელიზავეტა ჩუხაროვა

ჩრდილოეთ კავკასიაში უსაფრთხოების სამსახურების წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ დასავლეთის სადაზვერვო სამსახურები რეგიონში უკმაყოფილების გასაღვივებლად ხელოვნური ინტელექტის (AI) მიერ გენერირებულ კონტენტს იყენებენ. მათი განცხადებით, ინტერნეტში იმ ადამიანების ძებნის დაწყებას აპირებენ, რომლებიც ამ ვიდეოების უკან დგანან.

ხელისუფლების წარმომადგენლებს არ დაუკონკრეტებიათ, კონკრეტულად რომელ ვიდეოებზეა საუბარი და არც მათი არსებობის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება წარმოუდგენიათ. რუსეთის ხელისუფლება უცხოელ აქტორებს რეგიონში საპროტესტო აქციების ორგანიზებასა და ჩრდილოეთ კავკასიის შესახებ კრიტიკული მასალების გავრცელებაში მუდმივად ადანაშაულებს.

ჩრდილოეთ კავკასიაში რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენლის, იური ​​ჩაიკას განცხადებით, რუსეთი ელოდება, რომ მკვეთრად გაიზრდება ხელოვნური ინტელექტის გამოყენება „ჩრდილოეთ კავკასიისთვის მგრძნობიარე საკითხებზე“ კონტენტის მასობრივად შესაქმნელად და რეგიონის მოსახლეობაში გასავრცელებლად. მისი მტკიცებით, ასეთი კონტენტი, სხვა მიზნებთან ერთად, „ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქეებისთვისაც“ არის განკუთვნილი.

რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსის“ ცნობით, ჩაიკამ განაცხადა, რომ „მთავარი საფრთხე უკვე ფორმალურად დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებიდან დეცენტრალიზებული ონლაინსაზოგადოებების მხარდაჭერასა და დასავლეთის სადაზვერვო სამსახურების მიერ ინტერნეტის საშუალებით ოპოზიციურად განწყობილ მოქალაქეებთან უშუალო ურთიერთობაზე გადადის“.

იური ჩაიკამ ეს განცხადება 21 ოქტომბერს რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის, სერგეი შოიგუს, თავმჯდომარეობით გამართულ შეხვედრაზე გააკეთა. შეხვედრა შეეხებოდა უცხო ქვეყნების იმ გავლენის წინააღმდეგ ბრძოლას, რომელსაც ხელისუფლება რუსული საზოგადოებისთვის დესტრუქციულად მიიჩნევს, მათ შორის – არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით გავლენებს. 

ჩაიკას თქმით, ჩრდილოეთ კავკასიაში უკვე ჩამოყალიბებულია თანამშრომლობა ახალგაზრდული ჯგუფების მონიტორინგზე მომუშავე უწყებებს, სამართალდამცავ ორგანოებსა და რეგიონულ ხელისუფლებებს შორის. რეგიონული მართვის ცენტრებიც აკვირდებიან საინფორმაციო საფრთხეებს და ამზადებენ კონტენტს, რომლის მიზანიც ამ საფრთხეების გავლენის შემცირებაა.

ბოლო წლებში მოსკოვი რეგულარულად ადანაშაულებს დასავლეთს რუსეთში არეულობებისა და დემონსტრაციების ორგანიზებაში.

მაგალითად, 2019 წელს ინგუშეთში გამართული საპროტესტო აქციები, რომლებიც ჩეჩნეთთან ადმინისტრაციული საზღვრის შეცვლის შესახებ შეთანხმებას მოჰყვა, „დასავლური შეთქმულების“ შედეგად შეფასდა.

2023 წლის ოქტომბერში, დაღესტნის დედაქალაქ მახაჩყალის აეროპორტში მომხდარი ანტისემიტური არეულობის დროს, დაღესტნის მაშინდელმა ხელმძღვანელმა, სერგეი მელიკოვმა, არეულობის ორგანიზებაში უკრაინის მხარდამჭერი Telegram-არხი დაადანაშაულა. ვლადიმერ პუტინმაც განაცხადა, რომ საპროტესტო აქციები „დიდწილად უკრაინიდან იყო პროვოცირებული“ დასავლეთის სადაზვერვო სამსახურების მონაწილეობით.

2014 წელს ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალურ ოლქში რუსეთის პრეზიდენტის ყოფილმა წარმომადგენელმა, ალექსანდრ ხლოპონინმა განაცხადა, რომ დასავლეთის სადაზვერვო სამსახურები ჩრდილოეთ კავკასიის დესტაბილიზაციას ცდილობდნენ სოჭში 2014 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების წინ. 

იმ საკითხებს შორის, რომელთა გამოყენებასაც უცხოეთის სადაზვერვო სამსახურებს მიაწერდნენ, ხლოპონინმა დაასახელა კამპანიები, რომლებიც ჩერქეზთა გენოციდის აღიარებას მოითხოვდა, ასევე ოსეთ-ინგუშეთის კონფლიქტი.

სტატია მომზადებულია OC Media-სთან პარტნიორული შეთანხმების ფარგლებში. შესაძლოა, მცირედ რედაქტირებული იყოს სტილისტური თვალსაზრისით. სტატიის ორიგინალი ვერსია შეგიძლიათ, წაიკითხოთ აქ.