რუსეთი უკვე მეხუთე დღეა უკრაინაში ფართომასშტაბიან ომს აწარმოებს. ინტენსიურად იბომბება ქალაქები: კიევი, ბორისპოლი, ნიკოლაევი, ვასილკოვი, ხარკოვი.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა. რუსეთის ომს უკრაინაში წინ უძღოდა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღირება. აგრესიის საპასუხოდ, დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთს მძიმე ფინანსური სანქციები დაუწესეს.
გთავაზობთ მიმდინარე მოვლენებს განახლებად რეჟიმში. განახლებები დარეფრეშების შემდეგ გამოჩნდება.
23:06 „ხარკოვში დაბომბვისას ოჯახი – ორი ზრდასრული და სამი ბავშვი მანქანაში ცოცხლად დაიწვა“, – ამის შესახებ ხარკოვის მერმა, იგორ ტერეხოვმა განაცხადა. ინფორმაციას უკრაინული მედია „უნიანი“ ავრცელებს.
22:04 ფეხბურთის ასოციაციათა საერთაშორისო ფედერაციის (FIFA) გადაწყვეტილებით, რომელსაც UEFA-ც შეუერთდება, რუსეთი და მის გუნდები ყველა ჩემპიონატიდან მოიხსნება.
21:41 უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიჰალი ტვიტერზე პოსტს აქვეყნებს და ღარიბაშვილს მოუწოდებს, გამოიჩინოს გამბედაობა და გასცეს ფრენის ნებართვა.
21:57 ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი დავით ქაცარავა აცხადებს, რომ რეისი, რომლითაც მოხალისეები უნდა წასულიყვნენ უკრაინაში საბრძოლველად, გაუქმდა. მისი თქმით, ფრენის გაუქმების მიზეზი უცნობია.
20:29 მოლაპარაკებების შემდეგ პირველი კომენტარი უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა გააკეთა ჟურნალისტებთან.
მისივე თქმით, შეხვედრაზე განხილული საკითხების შესაჯერებლად მხარეები კონსულტაციისთვის დედაქალაქებში მიემგზავრებიან, უახლოეს მომავალში განიხილება მეორე რაუნდის გამართვის საკითხიც
18:10 უკრაინა-ბელარუსის საზღვარზე უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები დასრულდა. ინფორმაციას უკრაინის შს მინისტრის მრჩეველი ანტონ გერაშენკო ავრცელებს.
17:56 უკრაინის გენერალური პროკურორის ირინა ვენედიკტოვას ცნობით, რუსი სამხედროების ჭურვი საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა. მისივე თქმით, ჭურვი საცხოვრებელი სახლის სამზარეულოში შევარდა და ფიზიკური დაზიანება მიაყენა ქალს, რომელიც მოგვიანებით, საავადმყოფოში გარდაიცვალა.
17:55 „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტის რიკარდ იოზვიაკის თქმით, ევროპარლამენტი გეგმავს, რომ მხარი დაუჭიროს უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას.
„ევროპარლამენტი ხვალ გეგმავს არასავალდებულო რეზოლუციის მიღებას, რომლითაც მიმართავს ევროკავშირის სტრუქტურებს, რომ უკრაინას მიანიჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ამისთვის საჭიროა 27-ვე წევრი ქვეყნის თანხმობა და დღეისთვის საერთო თანხმობა არ არის“, – წერს რიკარდ იოზვიაკი.
17:45 რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტო აცხადებს, რომ იმ 36 ქვეყანას, რომლებმაც დახურეს საჰაერო სივრცე რუსეთისთვის, მოსკოვიც დაუკეტავს რუსეთის ცას.
16:42 რას ნიშნავს სპეციალური პროცედურის ქვეშ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთების შესაძლებლობა უკრაინისთვის და რა შესაძლებლობას აძლევს საქართველოსთვის ეს მოცემულობა – ამ საკითხებზე ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერს, ვანო ჩხიკვაძეს ვესაუბრეთ.
16:36 უკრაინა, ქალაქ ხარკოვის ერთ-ერთი ქუჩა.
16:27 უკრაინის საზღვაო ძალების ინფორმაციით, მათ მიიღეს ინფორმაცია, რომ კუნძულ „ზმეინზე“ მყოფი სამხედროები ცოცხლები არიან და რუსებმა დაატყვევეს.
საზღვაო ძალების ინფორმაციით, სამხედროებმა ორჯერ მოიგერიეს შეტევა, თუმცა რუსულმა ხომალდებმა მთლიანად გაანადგურეს კუნძულის ინფრასტრუქტურა, კავშირგაბმულობა და უკრაინიდან კუნძულზე მყოფთ ვეღარ დაუკავშირდნენ.
საზღვაო ძალების განცხადებით, მას შემდეგ რაც „ზმეინის“ დამცველებს ტყვიაწამალი ამოეწურათ, რუსმა სამხედროებმა ისინი დააკავეს.
16:25 უკრაინაში, ქალაქ ახტირკაში ნავთობის საცავი იწვის. Nexta-ს ინფორმაციით, რომელიც ვიდეოკადრებს ავრცელებს, იუწყება რომ საცავს რუსების ჭურვი მოხვდა.
16:06 რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთის ხელისუფლებამ ომის საწინააღმდეგო, საპროტესტო აქციებზე სულ 5 942 ადამიანი დააკავა. ამის შესახებ CNN წერს, დამოუკიდებელი მონიტორინგის საიტის – OVD-Info-ზე დაყრდნობით.
16:00 უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩევლის, ანტონ გერაშენკოს თქმით, ხარკოვი ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებით დაბომბეს. შედეგად, ათობით ადამიანი დაიღუპა და ასობით დაშავდა.
„ხარკოვი ამ წუთას მასიურად დაიბომბა „გრადებიდან“. ათობით დაიღუპა და ასობით დაშავდა. ეს საშინელება მთელმა მსოფლიომ უნდა ნახოს“, – ციტირებს გერაშენკოს სიტყვებს უკრაინული მედია.
15:31 უკრაინის პრემიერ-მინისტრის, დენის შმიჰალის განცხადებით, უკრაინა ევროკავშირის წევრობაზე განაცხადს აკეთებს.
„უკრაინელებმა ბევრჯერ დაამტკიცეს, რომ ისინი ევროპული საზოგადოების განუყოფელი ნაწილია. მოვიდა დრო, რომ ეს ფურცელზეც ავსახოთ. უკრაინა სპეციალური პროცედურის ქვეშ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადს აკეთებს. მადლობელნი ვართ ჩვენი პარტნიორების, მათი მხარდაჭერისა და სწრაფი გადაწყვეტილებების გამო“, – წერს დენის შმიჰალი Twitter-ზე.
14:40 რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პრესსპიკერის, მარია ზახაროვას თქმით, იმის გამო, რომ ევროკავშირმა რუსეთს სანქციები დააკისრა და საჰაერო სივრცე დაუკეტა, სერგეი ლავროვი ჟენევაში გაეროს ეგიდით გამართულ შეხვედრებში მონაწილეობას, სავარაუდოდ, ვერ მიიღებს.
13:46 ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას რუს სამხედროებს რუსულ ენაზეც მიმართა და მოუწოდა მათ, რომ დატოვონ ტექნიკა და წავიდენენ უკრაინის ტერიტორიიდან, თავიანთი სიცოცხლის გადასარჩენად.
13:45 „ჩვენ ევროკავშირს უკრაინის ევროკავშირში დაუყოვნებლივ გაწევრებას ახალი სპეციალური პროცედურის მიხედვით ვთხოვთ“, – ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
13:27 უკრაინის ჯანდაცვის მინისტრის თქმით, რუსეთის შეჭრას პირველი 4 დღის განმავლობაში 352 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, მათ შორის 14 ბავშვია. დაშავებულთა რაოდენობამ კი 1 684 ადამიანს მიაღწია, რომელთაგან 116 არასრულწლოვანია.
კიევში აცხადებენ, რომ მიუხედავად მოსკოვის მტკიცებისა, რომ ისინი გვერდს უვლიან სამოქალაქო ობიექტებს, რუსი სამხედროები საცხოვრებელ სახლებსა და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობებსაც უხსნიან ცეცხლს.
13:23 კიევში საჰაერო თავდასხმის შესახებ გამაფრთხილებელი განგაში ჩაირთო. მოსახლეობას მოუწოდებენ, თავი უახლოეს თავშესაფრებს შეაფარონ.
12:45 მოლაპარაკებისთვის უკრაინის დელეგაციის ვეტმფრენები უკრაინა-ბელარუსის საზღვრთან ჩაფრინდნენ.
11:53 ბრიტანული გამოცემა The Times-ის ინფორმაციით, „ვაგნერის“ მებრძოლებს, დიდი ჯილდოს სანაცვლოდ, კრემლის დავალებით, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმერ ზელენსკის მოკვლა დაევალათ.
11:43 სამხრეთ კორეა შეუერთდება SWIFT-ის სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ და უკრაინას ჰუმანიტარულ დახმარებას გაუგზავნის. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივ კორესპონდენტზე დაყრდნობით CNN ავრცელებს.
10:29 დღეს ბელარუსის საზღვარზე, მდინარე პრიპიატის მიდამოებში, უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის მოლაპარაკება გაიმართება. უკრაინული მედიის ცნობით, ორივე მხარის წარმომადგენლები უკვე ადგილზე იმყოფებიან. ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ მოლაპარაკების პლატფორმა უკვე მზადაა. ასევე ვრცელდება იმ ადგილის ფოტო, სადაც მხარეები მოლაპარაკებას გამართავენ.