რუსეთმა გადაწყვიტა შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმება შეაჩეროს – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„სამწუხაროდ, ამ შეთანხმებაში რუსეთთან დაკავშირებული ნაწილი ჯერ არ განხორციელებულა, ამიტომ მისი მოქმედება წყდება“, – თქვა პესკოვმა.
რუსეთის ეს გადაწყვეტილება ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც რუსეთისა და ოკუპირებული ყირიმის დამაკავშირებელ ხიდზე აფეთქება მოხდა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი საავადმყოფოშია გადაყვანილი. ასევე, დაზიანებულია ხიდის ნაწილი და გადაადგილება შეზღუდულია.
გაეროს დახმარებით უკრაინის პორტების განბლოკვასა და მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმებას რუსეთმა, უკრაინამ და თურქეთმა 2022 წლის ივლისის ბოლოს მოაწერეს ხელი. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთმა უკრაინას შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტი შეუზღუდა, რამაც სასურსათო კრიზისი გამოიწვია. სწორედ ამის შემდეგ მოხერხდა გაეროს შეთანხმება, რომლის შედეგადაც უკრაინა 20 მილიონ ტონამდე მარცვლეულის ექსპორტზე გატანას შეძლებდა.