„მარცვლეულის შეთანხმებიდან“ არ გავდივართ, მხოლოდ ვაჩერებთ - პუტინი

პუბლიკა

„ჩვენ არ ვამბობთ, რომ ვწყვეტთ ამ ოპერაციაში მონაწილეობას, არა. ჩვენ ვამბობთ, რომ ვაჩერებთ“, – ასე გამოეხმაურა რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი „მარცვლეულის შეთანხმებიდან“ რუსეთის გასვლის შესახებ განცხადებებს.

თუმცა პუტინის განცხადებით, საჭიროა უკრაინასთან მუშაობა და კიევმა გარანტია უნდა გასცეს, რომ თავს არ დაესხმება სამოქალაქო დანიშნულებისა და რუსული მომარაგების გემებს.

რუსეთი „მარცვლეულის შეთანხმებაში“ თურქეთისა და გაეროს შუამავლობით ჩაერთო. შეთანხმება კიევის მიერ კონტროლირებადი უკრაინული პორტებიდან მარცვლეულის უსაფრთხო ექსპორტს გულისხმობს, რათა მსოფლიოში სასურსათო კრიზისი არ წარმოიქმნას.

რუსეთში ამ შეთანხმებიდან გასვლის შესახებ მას შემდეგ განაცხადეს, რაც უკრაინა  ყირიმში, სევასტოპოლის პორტში, რუსულ სამხედრო ხომალდებზე უპილოტო მცურავი აპარატებით თავდასხმაში დაადანაშაულეს. პუტინის განცხადებით, მსგავსი თავდასხმები საფრთხეს უქმნის სამოქალაქო გემებსაც.

„თუკი ასეთი უპილოტო გემს დაეჯახება, იქ არც მარცვლეულისგან და არც გემისგან არაფერი აღარ დარჩება, ეს კი ჩვენ დაგვბრალდება. ამიტომ თავდაცვის სამინისტრო საკითხს სწორად აყენებს, რომ ჩატარდეს გაეროსთან დამატებითი სამუშაო, გაერომ კი, თავის მხრივ, უკრაინასთან, რომ უკრაინამ უზრუნველყოს ამ დერეფნის უსაფრთხოება“, – თქვა პუტინმა.

რუსეთში გაკეთებული განცხადებების მიუხედავად, ჯერჯერობით, უკრაინა და თურქეთი უკრაინული პორტებიდან მარცვლეულის ექსპორტს განაგრძობენ.

პუტინი კი უკრაინას, მისი თქმით, საზღვაო დრონებით თავდასხმის გამო კიდევ ერთხელ დაემუქრა. რუსეთის პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ გუშინ უკრაინაზე მასირებული სარაკეტო იერიში ამ თავდასხმის პასუხი იყო და თან დასძინა, რომ რუსეთს მეტიც შეუძლია.

„ნაწილობრივ, ასეა, თუმცა ეს არ არის ყველაფერი, რისი გაკეთებაც ჩვენ შეგვიძლია“, – უპასუხა პუტინმა ჟურნალისტის შეკითხვას, იყო თუ არა ეს სარაკეტო იერიშები სევასტოპოლზე თავდასხმის პასუხი.