რუსეთს შეუძლია, უკრაინისთვის 2008 წლის ქართული სცენარი დაგეგმოს - უკრაინის თავდაცვის მინისტრი

პუბლიკა

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ანდრი ტარანმა უკრაინაში საფრანგეთის ელჩთან შეხვედრამდე განაცხადა, რომ რუსეთს უკრაინაში 2008 წლის საქართველოს სცენარის გაიმეორება შეუძლია და პროვოკაციული მეთოდებით უკრაინის სამხედრო ძალები, შესაძლოა, მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმაში დაადანაშუალოს.

„ჩვენ არ შეგვიძლია, სათანადოდ შევაფასოთ სიტუაცია. კარგად ვიცით, რომ რუსეთს შეუძლია დაგეგმოს უკრაინისთვის 2008 წლის ქართული სცენარი. პროვოკაციული მეთოდებით რუსეთმა შესაძლოა უკრაინის შეიარაღებული ძალები მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმაში დაადანაშაულოს, მით უმეტეს, რომ 400,000-ზე მეტ ადამიანზე რუსული პასპორტებია გაცემული“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ანდრი ტარანმა. 

უკრაინის თავდაცვის მინისტრის თქმით, პირველად საბჭოთა კავშირის დაშლის რუსეთის ჯარების მასშტაბური კონცენტრაცია უკრაინის ჩრდილოეთ, აღმოსავლეთ და სამხრეთ ნაწილში. ტარანის განცხადებით, ეს საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ უკრაინის უსაფრთხოებას, არამედ – ევროპის სტაბილურობასაც.

გუშინ, 15 აპრილს ანდრი ტარანმა განაცხადა, რომ რუსეთმა მათ საზღვრებთან უკვე მინიმუმ 110 000 ჯარისკაცს მოუყარა თავი და სამხედროთა ეს რაოდენობა მოსკოვს გზას უხსნის ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაციისთვის.

უკრაინის თავდაცვის მინისტრის თქმით, საბრძოლო მზადყოფნაში არიან მოყვანილი რუსეთის დასავლეთ და სამხრეთ სამხედრო ოლქები, რაც ფაქტობრივად, რუსეთის მთელ ევროპულ ნაწილს მოიცავს. ასევე უკრაინის საზღვართან გადაიტანეს საოპერაციო შტაბიც.

რუსეთის კვალდაკვალ სამხედრო მობილიზება დაიწყო ბელარუსშიც, რაც ტარანის თქმით, შეიძლება იმის ნიშანი იყოს, რომ რუსეთი იქ უახლოეს მომავალში თავისი სამხედრო წარმომადგენლობის გაფართოებასა და კალინინგრადის ოლქის მეტად შეიარაღებას გეგმავს.