„რუსთავი 2-ისა" და „TV პირველის” ოპერატორებზე ძალადობაში ბრალდებულებს პატიმრობა შეეფარდათ

პუბლიკა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, რომან ხორავას გადაწყვეტილებით, „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგო აქციის დროს, „რუსთავი 2-ისა” და „TV პირველის” ოპერატორებზე ძალადობაში ბრალდებულებს უშანგი დათუნაშვილსა და ირაკლი წიგნაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

„TV პირველის“ ოპერატორის საქმეზე ბრალდების მხარე აცხადებდა:

„ბრალდებულმა ი.წ.-მ მიმდინარე წლის 5 ივლისს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს, რევაზ თაბუკაშვილისა და გიორგი ჭანტურიას ქუჩების კვეთაზე, „tv პირველის“ ოპერატორს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა”.

„რუსთავი 2-ის” ოპერატორზე კი:

„ბრალდებულმა უ.დ.-მ მიმდინარე წლის 5 ივლისს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს, „ცისფერი გალერეის” მიმდებარე ტერიტორიაზე, ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის” ოპერატორს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა”.