რუსთავში აქციის ორგანიზატორებს პოლიციამ ტექნიკა ჩამოართვა

პუბლიკა

რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან ხმაურია. ოპოზიციის მიერ დაგეგმილი აქციისთვის აპარატურა და სხვა ტექნიკური საშუალებები პოლიციამ აქციის ორგანიზატორებს ჩამოართვა.

როგორც ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი, ლაშა გოგნიაშვილი ჟურნალისტებთან აცხადებს, პოლიციამ აქციის ორგანიზატორებს განუმარტა, რომ სცენის გასამართად ორგანიზატორების მიერ შერჩეული ტერიტორია უსაფრთხოებიდან გამომდინარე არ იყო მიზანშეწონილი.

„აქციის ორგანიზატორებს ჩვენ განვუმარტეთ, რომ სადაც უნდოდათ სცენის განთავსება, ის ადგილი უსაფრთოხოებიდან გამომდინარე არ იყო მიზანშეწონილი. მოვუწოდეთ, რომ ეს სცენა გადაეტანათ, სადაც აკეთებდნენ ხოლმე, ძირითადად აქციას, შესაბამისად სამართლებრივად მოხდა ნივთის შეზღუდვა“, – განაცხადა ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა.

დღეს, 6 ნოემბერს ოპოზიციის საპროტესტო აქცია რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან 17 საათზეა დაგეგმილი.