რუსულ ბიზნესზე გაყიდული სტრატეგიული ქონების ნაციონალიზაციის მოთხოვნით პეტიცია შეიქმნა

პუბლიკა

მოძრაობა „ხმა“ რუსულ ოლიგარქიულ ბიზნესზე გაყიდული სტრატეგიული მნიშვნელობის ქონების ნაციონალიზაციის მოთხოვნით პეტიციას ავრცელებს.

„ჩვენ ვიცით, რომ რუსული იმპერიალისტური სამხედრო მანქანა თესავს სიკვდილს და ნგრევას, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მას ჩვენზე ზემოქმედების მძლავრი ეკონომიკური ბერკეტებიც გააჩნია.

რუსეთი და მასთან დაკავშირებული ოლიგარქიული კაპიტალი ფლობს და მართავს საქართველოს უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებს – სასარგებლო წიაღისეულს, ჰესებს, ელექტროგადამცემ ხაზებს, ნავთობის ტერმინალებსა და სხვა ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას“, – ვკითხულობთ პეტიციის ტექსტში.

პეტიციის ავტორები აღნიშნავენ, რომ ამ კომპანიების მიერ საქართველოს მოქალაქეებისგან მოგების სახით ამოღებული ფულით ირიბად ფინანსდება ის ტყვიები და ჭურვები, რომლითაც უკრაინელ ხალხს ხოცავენ და უკრაინულ ქალაქებს ანადგურებენ.

„საქართველოს აქვს სუვერენული ინტერესები და ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკა მასთან შესაბამისობაში უნდა იყოს. ეს პროცესი სწორედ რუსული კაპიტალისგან სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებისა და ქონების გამოხსნით უნდა დაიწყოს.

საქართველოს მთავრობამ უნდა დაიწყოს რუსეთზე გაყიდული სტრატეგიული მნიშვნელობის ქონების ნაციონალიზაცია“, – აცხადებს „ხმა“.