სააკაშვილი თავს გრძნობს კარგად. ყველა ექიმი აკეთებს მაქსიმუმს - გვარამია

პუბლიკა

გლდანის მე-18 პენიტენციური სამკურნალო დაწესებულება რამდენიმე წუთის წინ დატოვა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ნიკა გვარამიამ.

ნიკა გვარამიას განცხადებით, სააკაშვილი თავს კარგად გრძნობს, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. გვარამიას თქმით, იყო პალატაში და თავისი თვალით ნახა ეს. მან შეაქო პენიტენციური სამსახურის ექიმები, მათ შორის, თამთა დემურიშვილი, პენიტენციური სამსახურის სამედიცინო განყოფილების ხელმძღვანელი.

გვარამიას თქმით ექიმებს ჰქონდათ სწრაფი რეაგირება. მისი ინფორმაციით, ექსპრეზიდენტს დაუყენეს სისტემა, რის შემდეგაც ის კონტაქტურია.

„ამჟამად იმყოფება რეანიმაციაში. ყველა ექიმი აკეთებს შესაძლებლობის მაქსიმუმს. ამ ექიმების ბედიც უკვე რატომ ჩააგდეს ამ დღეში, აღარ მესმის. მადლობის მეტს ვერაფერს ვიტყვი, ამ მდგომარეობაში მყოფი კაცი რომ გამოიყვანეს მდგომარეობიდან, მაგრამ ეს როდემდე იქნება შესაძლებელი, არ ვიცი. მთავარი ჩემი ინტერესია, ეს კაცი აქედან გავიდეს და შეწყდეს ყველაფერი. ადამიანურად შეუძლებელია იმის ყურება, როგორ კვდება ეს კაცი“, – აცხადებს გვარამია.

ადვოკატის თქმით, თუ „ქართული ოცნება“ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაში საფრთხეს ხედავს, განიხილონ უცხო ქვეყანაში გადაყვანა.

რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმმა-რეანიმატოლოგმა დაადასტურა, რომ მიხეილ სააკაშვილმა რამდენიმე წუთით გონება დაკარგა, რეანიმაციული ჩარევის შემდეგ კი მისი მდგომარეობა ახლა სტაბილურია.

ომბუდსმენის ცნობით, სახალხო დამცველის წარმომადგენელი მე-18 დაწესებულებაში შევა. პარალელურად მიმდინარეობს სახალხო დამცველთან არსებული ექიმთა კონსილიუმის წევრების შეხვედრა ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესთან. მისივე ცნობით, მიხეილ სააკაშვილის მონახულების სურვილი გამოთქვეს კონსილიუმის ექიმებმაც.

გლდანის ციხესთან მყოფი მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში შევიდა სააკაშვილის პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე. დღესვე სააკაშვილის მონახულების ნებართვას ელოდებიან ჯანდაცვის კომიტეტის წევრებიც.