საკანონმდებლო ორგანოში „მინისტრის საათის“ ფორმატში ჯანდაცვის მინისტრს, ზურაბ აზარაშვილს უსმენენ. მინისტრი დეპუტატების შეკითხვებს პასუხობს. პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ ჯანდაცვის მინისტრს შეკითხვა მიხეილ სააკაშვილის მკურნალობასთან და მესამე პრეზიდენტის საზღვარგარეთ გადაყვანასთან დაკავშირებით დაუსვა.
„აცნობიერებთ თუ არა იმას, რომ თქვენი ხელისუფლების დროს შეიძლება მესამე პრეზიდენტი მოკვდეს? აცნობიერებთ თუ არა პირად პასუხისმგებლობას? რას გვთავაზობთ იმისთვის, რომ ეს ადამიანი გადარჩეს?“ – იკითხა ბოკუჩავამ.
ბოკუჩავას თქმით, სააკაშვილის გადასარჩენად ერთადერთი გონივრული გადაწყვეტილება ექსპრეზიდენტის საზღვარგარეთ გადაყვანაა.
ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, რომ სააკაშვილს „ვივამედში“ მაღალკვალიფიციური პერსონალი მკურნალობს. აზარაშვილი სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანის საჭიროებას ვერ ხედავს.
„ქალბატონო თინა, მინდა გითხრათ, რომ ის კლინიკა, სადაც მკურნალობენ მიხეილ სააკაშვილს მაღალკავლიფიციურია, მკურნალობის ნაწილში არანაირი კითხვა არ არსებობს. ასევე, არ არის კითხვა მის საზღვარგარეთ გადაყვანასთან დაკავშირებით. სტრასბურგმაც განიხილა ეს საკითხი და მკაფიოდ განაცხადა, რომ ამის საჭიროება არ არის. ყველა ის სერვისი რომელიც პაციენტს სჭირდება, „ვივა მედიში„ მიეწოდება.“ – უპასუხა ოპოზიციონერ დეპუტატს ჯანდაცვის მინისტრმა.
ზურაბ აზარაშვილის თქმით, საქართველოში ყველა პატიმრის უფლებები დაცულია.