იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე აცხადებს, რომ მესამე პრეზიდენტის მიხეილ საააკშვილის რეანიმაციულ განყოფილებაში გადაყვანის ობიექტური მიზეზი არ არსებობს.
„ვივამედის დირექტორის გუშინდელი განცხადების თანახმად, პაციენტს არ აქვს ყლაპვის ფუნქციის დარღვევა და სხვა ხელშემშლელი მექანიზმი, რაც საკვებს მიღებისთვის შეიძლება არსებობდეს. მსჯავრდადებულს შესთავაზეს პარენტერალური კვება, რაზეც იგი კატეგორიულ უარს ამბობს და აცხადებს, რომ ამგვარ კვებას დათანხმდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაყვანილი იქნება რეანიმაციულ განყოფილებაში.
პაციენტის ფიზიოლოგიური პარამეტრები რჩება ნორმის ფარგლებში, თუნდაც მასის ინდექსი არ შეესაბამება რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობის პარამეტრებს, რაც საბოლოო ჯამში გულისხმობს იმას, რომ მიხეილ სააკაშვილის რეანიმაციულ განყოფილებაში გადაყვანის ობიექტური მიზეზი არ არსებობს”, – განაცხადა მან.
იუსტიციის მინისტრის შეფასებით, 2 დღის განმავლობაში მიმდინარეობს აქტიური კამპანია მიხეილ სააკაშვილის რეანიმაციულ განყოფილებაში გადასაყვანად, რაც „ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ არასწორი საზოგადოებრივი აღქმების ჩამოყალიბების, ემოციური ფონის ხელოვნურად გამძაფრების და სახელმწიფოს სამართლიანი მოქმედებების განზრახ უსამართლოდ წარმოჩენის მიზანს ემსახურება.“
„ზემო აღნიშნული კამპანიის ფარგლებში, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის და აგრეთვე, მისი პოლიტიკური გუნდის წევრების მხრიდან გუშინ შეგნებულად გავრცელდა ყალბი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს პატიმარი რეანიმაციულ განყოფილებაში იქნა გადაყვანილი. მკურნალობის საკითხებში ჩვენთვის სარწმუნოა სამედიცინო პერსონალის მოსაზრებები და არა პოლიტიკურად ანგაჟირებულ პირთა საზოგადოებაში შეცდომაში შეყვანისკენ მიმართული უსაფუძვლო გამონათქვამები“,- განაცხადა ბრეგაძემ.