სააკაშვილის უკრაინელი ადვოკატი ამბობს, რომ საქართველოში არ შემოუშვეს

პუბლიკა

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის უკრაინელი ადვოკატი ევგენ გრუშოვეცი აცხადებს, რომ საქართველოში არ შეუშვეს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.

„ქართული სტუმართმოყვარეობა საკუთარ მაგალითზე გამოვცადე. მე არ შემიშვეს საქართველოში თბილისი აეროპორტში. მიზეზიც კი არ ამიხსნეს. ჩამომართვეს პასპორტი, (სტიუარდესების თქმით) გადასცეს ის ეკიპაჟის ხელმძღვანელს. მე განვუმარტე, რომ ჩამოვედი მ. სააკაშვილთან. თუმცა, სამწუხაროდ, ვბრუნდები უკრაინაში. პ.ს. სტიუარდესა „დეპორტირებულ მგზავრს“ მიწოდებს, პ.ს. ახლა პასპორტის გარეშე ვბრუნდები კიევში. მაგრამ გაფრენა დააგვიანეს, ვიღაცამ უარი თქვა გაფრენაზე. ამოწმებენ ხელის ბარგს“, – წერს ის სოციალურ ქსელში.

„პუბლიკა“ ინფორმაციის დასაზუსტებლად შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. მასალა პასუხის მიღებისთანავე განახლდება.

უკრაინელი ადვოკატის უკან გაბრუნების შესახებ დღეს კომენტარი გააკეთა უკრაინის სახალხო დამცველმა, რომელმაც მიხეილ სააკაშვილი საპატიმროში მოინახულა.

„გუშინ იყო ჩამოსული ერთი ადვოკატი, რომელიც დასაბუთების გარეშე გააბრუნეს უკან, გავარკვევთ, რამდენად სწორად მოხდა ადვოკატის არშემოშვება საქართველოში. აქ ჩამოვედი იმისთვის, რომ გავარკვიო მიხეილს რა უნდა, რომ შემდგომ ადეკვატური ნაბიჯები გადავდგათ”, – თქვა ლუდმილა დენისოვამ.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც საქართველოში შემოსვლის შემდეგ 1 ოქტომბერს დააკავეს, თავს უკანონო პატიმრად მიიჩნევს და 27-ე დღეა შიმშილობს.

სააკაშვილი მსჯავრდებულია ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია „ტელეიმედის“ დარბევის, 7 ნოემბრის დარბევისა და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლების, აგრეთვე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი – 9 024 367 ლარის მისი პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის ფაქტებზე.