„სააკაშვილისთვის ფსიქოტროპული მედიკამენტები დანიშნული იყო მისი ჰოლანდიელი ექიმის მიერ“ - ნინო შარაშენიძე

პუბლიკა

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესასწავლად შექმნილი სამედიცინო კონსილიუმის ერთ-ერთი წევრი, ჰემატოლოგი ნინო შარაშენიძე „TV პირველთან“ აცხადებს, რომ ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ფსიქოტროპულ მედიკამენტებს პოსკოვიდური ნევროლოგიური გართულებების ფონზე იღებდა და ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შექმნილ სამედიცინო კონსილიუმის წევრებს თავად აცნობა.

როგორც შარაშენიძე განმარტავს, მედიკამენტები სააკაშვილის ჰოლანდიელი ექიმის მიერ იყო დანიშნული.

„ის იღებდა მედიკამენტებს ჯერ კიდევ ჩვენი პირველი ვიზიტისას, რომელიც დანიშნული იყო მისი ჰოლანდიელი ექიმის მიერ, პოსტკოვიდური ნევროლოგიური გართულებების ფონზე. ის, თავად მოგვიყვა წამლის დოზირების შესახებ და თქვა რომ მე ამ წამალს ხან აკლებდა ხან ამატებდა. იღებდა მიზერულ დოზას, ცოტას იღებდა. ეს პოსტკოვიდური შფოთვა ძალიან ხშირია და ერთ-ერთი ყველაზე გართულებული ფორმაა პოსტკოვიდური მდგომარეობის“, – განაცხადა შარაშენიძემ.

ექიმის განცხადებით, ექსპრეზიდენტთან იყო სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექიმთა ჯგუფიც შესული და მათ არ გამოეპარებოდათ ის, რომ მიხეილ სააკაშვილს მიზანმიმართულად აძლევდნენ ფსიქოტროპულ მედიკამენტებს.

„ამის მონიტორინგისთვის ქალბატონი ნინო ლომჯარიას კომისიაც ხომ იყო, ჩემთვის უსაზღვროდ პატივსაცემი ექიმებით. თქვენ გგონიათ, რომ იმ 12 კაცს თუ 15 კაცს ვინც იქ იყო შესული, ეს ნაწილი გამორჩებოდათ და არ ატეხდნენ ამბავს, ისე, როგორც სხვა რამეზე ატეხეს?“, – განაცხადა ნინო შარაშენიძემ.

მსჯავრდებული მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის თქმით, საქართველოში მისი დაპატიმრების შემდეგ მის მორალურ გატეხვას ცდილობდნენ და, როგორც მან სასამართლო პროცესზე განაცხადა, სხვა ფაქტორებთან ერთად, დიდი დოზებით ფსიქოტროპულ პრეპარატებსაც აძლევდნენ.

„ ცდილობდნენ ჩემს მორალურ გატეხვას, ყველაფერს გვიკეთებდნენ, ყველაფერს აბსოლუტურად: ფანჯრის ამოქოლვა, დიდი ხანი ადვოკატთან არ შეხვედრა, ოჯახის წევრების არ შემოშვება, საავადმყოფოში გატაცება, ფსიქოტროპული პრეპარატების დიდი დოზების მოცემა, კიდევ კარგი, რომ შემოვიდა ცენტრი „ემპათია” და უცებ მიხვდა, რაშიც არის საქმე. რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა პროცესზე.

 

 

 

LB loan image desktop LB loan image mobile