სააკაშვილმა სხდომაზე დასწრება ვერც კლინიკაში შეძლო

პუბლიკა

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე დასწრება ვერც გასვლით სხდომაზე, კლინიკა „ვივამედში“ შეძლო.

სხდომის დასრულების შემდეგ ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ მედიას განუცხადა, რომ სააკაშვილი ისეთ მედიკამენტებს იღებს, რომ პროცესში მონაწილეობა ვერ შეძლო.

მისივე ინფორმაციით, სხდომაზე გამოიკითხნენ მკურნალი ექიმები, რომლებმაც დაადასტურეს, რომ ბრალდებულს ჩვენების მიცემა და პროცესში მონაწილეობა არ შეუძლია.

ადვოკატს მიაჩნია, რომ გასვლითი სხდომა ,,კანონის უხეში დარღვევით, წინასწარ დადგმული სცენარის მიხედვით” გაიმართა.

მისი თქმით, დაცვის მხარეს სასამართლოსთვის წარდგენილი ჰქონდა სამედიცინო ცნობა, რომ მკურნალობის ფარგლებში სააკაშვილი მედიკამენტების გავლენის ქვეშ არის და სასამართლოსთვის მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია, შესაძლოა, ადეკვატური არ იყოს; ასევე „ვივამედის“ ცნობა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სხდომაზე გამოცხადებას შეუძლებელს ხდის.

„პროცესი გაიმართა მიხეილ სააკაშვილის პალატის ახლოს მდებარე ოთახში, სადაც სასამართლო დარბაზი იყო იმპროვიზირებული… გამოიკითხნენ მკურნალი ექიმები, მიაწოდეს სასამართლოს ამომწურავი ინფორმაცია სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

მკურნალმა ექიმმა დაადასტურა, რომ არავითარი ტრანსპორტირების ხაზგასმა არ ყოფილა, ის გულისხმობდა, რომ ჩვენების მიცემა და პროცესში მონაწილეობის მიღება მიხეილ სააკაშვილს არ შეუძლია.

ასევე გამოკითხეს ნევროლოგი, რომელმაც სასამართლოს ინფორმაცია მიაწოდა იმ მკურნალობის, მათ შორის, მედიკამენტური მკურნალობის შესახებ, რომელსაც პრეზიდენტი იღებს და მანაც აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე სააკაშვილის დაკითხვა რეკომენდებული არ არის“, – განაცხადა ადვოკატმა, რომელმაც ეჭვი გამოთქვა, რომ ხელისუფლებას ე.წ. საზღვრის კვეთის საქმეზე განაჩენის დაჩქარება სურს.

 

LB loan image desktop LB loan image mobile