სააკაშვილთან შესვლის შესაძლებლობას არ გვაძლევენ - ადვოკატები

პუბლიკა

საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ადვოკატებს არ უშვებენ. ადვოკატები გლდანის ციხესთან არიან, მაგრამ ამბობენ, რომ საშვს არ აძლევენ და არც განმარტავენ –

რატომ.

ადვოკატები ამ წუთებშიც გლდანის ციხესთან იმყოფებიან და მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას მოითხოვენ.

„არ გვაძლევენ ნახვის შესაძლებლობას, საერთოდ საშვი არ ამოუწერიათ, მიზეზსაც კი არ განმარტავენ. მიზეზი აქ შეიძლება იყოს ერთადერთი – მათ არ სურთ, რომ ადვოკატები შევხვდეთ მიხეილ სააკაშვილს. არ ვიცით, შიგნით რა ხდება. არ აქვთ კანონიერი უფლება, რომ შეგვაყოვნონ”, – ამბობს ბექა ბასილაია.


საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 40-ე დღეა შიმშილობს.

გუშინ საღამოს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მე-12 საპატიმროდან გადაიყვანეს. ოფიციალური წყაროები რამდენიმე საათის განმავლობაში არ ამბობდნენ, სად გადაიყვანეს მიხეილ სააკაშვილი.

მოგვიანებით განცხადება გაავრცელა პენიტენციურმა სამსახურმა და თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს. 26 ოქტომბერს მიხეილ სააკაშვილის გავრცელებულ წერილში ნათქვამი იყო, რომ როგორც არ უნდა დამძიმებულიყო მისი მდგომარეობა, უარს აცხადებდა გლდანის ციხის კლინიკაში გადაყვანაზე.

მიხეილს სააკაშვილთან გლდანის ციხის კლინიკაში იმყოფებოდა ომბუდსმენის წარმომადგენელი და თავად ომბუდსმენი ნინო ლომჯარია. მათი განცხადებით, როგორც მიხეილ სააკაშვილმა თქვა, ძალის გამოყენებით შეიყვანეს გლდანის ციხის კლინიკაში. ადვოკატებს არ მიეცათ საშუალება, მიხეილ სააკაშვილი კლინიკაში მოენახულებინათ.

პარალელურად აქცია მიმდინარეობდა მთავრობის კანცელარიასთან. მოქალაქეები შეიკრიბნენ გლდანის ციხესთანაც. მოგვიანებით მიხეილ სააკაშვილმა გაავრცელა წერილი, სადაც წერს, რომ გლდანის კლინიკაში ის მოტყუებით გადაიყვანეს. „მიუხედავად ჩემი კატეგორიული უარისა, გადმომათრიეს მანქანიდან, კრიმინალების გინების ქვეშ გამათრიეს მიწაზე და რამდენჯერმე ჩამარტყეს კისერში. მითრიეს თმებით და ამ დროს გავუწიე წინააღმდეგობა“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.