სააკაშვილზე სტრასბურგში გაგზავნილ საჩივარს ომბუდსმენის კონსილიუმის მოსაზრებებიც ახლავს - იოსელიანი

პუბლიკა

სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველებმა სტრასბურგის სასამართლოში გაგზავნილ საჩივარს ომბუდსმენის მიერ შექმნილი კონსილიუმის წევრი ექიმების მოსაზრებებიც დაურთეს.

როგორც ომბუდსმენის ამბობს, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ამ საქმესთან დაკავშირებით ნათელს ბევრ რამეს მოჰფენს.

„ჩემთვის როგორც ცნობილია იმ საჩივარს, რომელიც მათ [ადვოკატებმა] სტრასბურგს წარუდგინეს, კონსილიუმის მოსაზრებებიც თან დაურთეს. მეც თქვენთან ერთად ველოდები სტრასბურგის გადაწყვეტილებას. ბუნებრივია, პროცედურა იქაც იმდაგვარია, რომ მხარეებს იქაც სთხოვენ  შესაბამისი მტკიცებულებები წარადგინონ და ეს მიმდინარეობს. ამასთან, იუსტიციის სამინისტრო თავის მოსაზრებებს აწვდის. საბოლოოდ, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ალბათ ამ საქმესთან დაკავშირებით ნათელს ბევრ რამეს მოჰფენს”, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

11 აპრილს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა სტრასბურგის სასამართლოს დროებითი ღონისძიების გამოყენების თხოვნით მიმართეს. ეს ინფორმაცია ონლაინგამოცემა „ნეტგაზეთს“ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს პრესსამსახურმა წერილობითი კომუნიკაციისას დაუდასტურა.

როგორც სასამართლოში „ნეტგაზეთს“ უთსრეს,  14 აპრილს სასამართლომ გადაწყვიტა, რომ თხოვნასთან დაკავშირებით ნებისმიერი სახის გადაწყვეტილების მიღებამდე მოსარჩელისგან და საქართველოს მთავრობისგან რამდენიმე კითხვაზე დამატებითი ინფორმაცია უნდა მიიღონ.